Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყელი მეამბოხეები ქრისტიანულ ეკლესიებს უტევენ


ერაყში კვირას მეამბოხეებმა 5 ქრისტიანული ეკლესია ააფეთქეს, რის შედეგადაც, სულ მცირე, 10 ადამიანი დაიღუპა.

ერაყის ხელისუფალთა განცხადებით, ორგანიზებული შეტევები მას შემდეგ განხორციელდა, რაც ეკლესიებში მრევლმა საღამოს ლოცვისათვის მოიყარა თავი. ხელისუფლების წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ ეს ინციდენტი ერაყელებს შორის შუღლის ჩამოგდებას ემსახურება.

ბასარ მუნტიბორდა, შეტევის მსხვერპლი ერთ-ერთი ქრისტიანული ეკლესიის მოძღვარი, მომხდარს საშინელებას უწოდებს:

(ბასარ მუნტიბორდას ხმა) "ეს ძალიან ცუდი, საშინელი სიტუაცია იყო, მართლაც, უსაშინლესი მომენტი. ჩვენ ვცდილობდით გადაგვერჩინა ხალხი, მაგრამ მაინც ბევრი მათგანი დავკარგეთ. ამის გარდა, გვყავს ბევრი დაჭრილი, რომელთაგანაც ბევრის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. გუშინ ღამით მივიღეთ ცნობა ერთ-ერთი მათგანის გარდაცვალების თაობაზე."

ბასარ მუნტიბორდას ეკლესიის გარდა, მეამბოხეებმა ბაღდადში კიდევ სამი, ხოლო ქალაქ მოსულში ერთი ქრისტიანული ეკლესია ააფეთქეს. როგორც ეკლესიის მესვეურები ამბობენ, მსხვერპლთა რიცხვი 15-ზე მეტი უნდა იყოს, თუმცა, ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ხელმძღვანელობის განცხადებით, დაღუპულთა რაოდენობა 10-ს არ აღემატება.

ქრისტიანულ ეკლესიებზე თავდასხმის ფაქტი სადამ ჰუსეინის რეჟიმის დამხობის შემდეგ – პირველია. ერაყის ოფიციოზი დარწმუნებულია, რომ ეკლესიების აფეთქება ნაწილია მეამბოხეთა ახალი გეგმისა, რომელიც ერაყელებს შორის შუღლის ჩამოგდებას ისახავს მიზნად.

ერაყის დროებითი შინაგან საქმეთა მინისტრი ფალა ალ-ნაქიბი გმობს მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვას:

(ფალა ალ-ნაქიბის ხმა) "ეს არის ომი ერაყელების წინააღმდეგ, ეს არის ომი ერაყის წინააღმდეგ და ჩვენ ვაპირებთ ამას ბოლო მოვუღოთ."

მრჩეველი ეროვნული უშიშროების საკითხებში მოვაფაქ
ალ-რუბაი აცხადებს, რომ ეს საშინელება აბუ მუსაბ
ალ-ზარქავის ხელწერას ჰგავს. იორდანიაში დაბადებული
ალ-ზარქავი ალ-ყაიდას მოკავშირედ მიიჩნევა.

ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციოზი ააშკარავებს ინფორმაციას ავღანეთში ალ-ყაიდას ლიდერებისთვის
ალ-ზარქავის მიერ გაგზავნილი წერილის შესახებ. ერაყში ამერიკელთა ამოცანის გასაძნელებლად, ალ-ზარქავი წერილში რელიგიური დაპირისპირების გამწვავების აუცილებლობას უსვამდა ხაზს.

ქრისტიანები ერაყში დაახლოებით 800 ათას ადამიანს, ანუ მოსახლეობის საერთო რაოდენობის 3 პროცენტს, შეადგენენ. ეს ნაწილი სადამ ჰუსეინის რეჟიმის დროს შევიწროებას არ განიცდიდა.

სწორედ ამ წიაღიდან იყო ჰუსეინის მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა, ერაყის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ტარიქ აზიზი.

ნაამბობს კიდევ ერთ ინფორმაციას დავამატებთ:

ერაყის ქრისტიანი ლიდერები შიშობენ, რომ რელიგიური ურთიერთობა, შესაძლოა, გაუარესდეს, რადგანაც მეამბოხეებისთვის ერაყელი ქრისტიანები კოალიციის წევრ - ძირითადად, ქრისტიანულ - ქვეყნებთან ასოცირდებიან.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG