Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ დააპატიმრეს გაზეთის მთავარი რედაქტორი


დავით პაიჭაძე, თბილისი გორში გამომავალი “ხალხის გაზეთის” მთავარი რედაქტორის რევაზ ოქრუაშვილის 2 აგვისტოს დაპატიმრებას ფართო რეზონანსი მოჰყვა. რევაზ ოქრუაშვილი პოლიციამ დააკავა

ნარკოტიკებით ვაჭრობაში ეჭვის მიტანის გამო. თუმცა გაზეთის თანამშრომლები და გორის საზოგადოების ნაწილი სრულიად სხვა მიზეზს ასახელებს: მთავარი რედაქტორი არ ერიდებოდა “ხალხის გაზეთში” ადგილობრივი ხელისუფლების მხილებას, ხელისუფლებამ კი ხელებზე ბორკილების დადებით უპასუხა.

რევაზ ოქრუაშვილი ცოტა “უცნაურად” დააპატიმრეს. შიდა ქართლის კრიმინალური პოლიციის უფროსი რეზო კლდიაშვილი აცხადებს, რომ რედაქციაში ჩხრეკის დაწყებისას ოქრუაშვილმა თავად მიუთითა საკუთარი მაგიდის უჯრა, სადაც თითქოს აღმოჩნდა კიდეც ნარკოტიკი. ჩხრეკას პოლიციამ მოწმეები არ დაასწრო. პოლიციელისა და ეჭვმიტანილის გარდა, იყო ორი უცნობი პირი, რომელთა ვინაობა, ალბათ, მხოლოდ პოლიციამ თუ იცის. საინტერესოა, თუ რევაზ ოქრუაშვილი ნარკოტიკს სამსახურში, თავის უჯრაში, ინახავდა, ხოლო მისი სამუშაო მაგიდის გვერდით ბევრი სხვა მაგიდა და უჯრები იყო, რატომ მიუთითა პოლიციას ასე ალალად საკუთარი მაგიდა და უჯრა?

ეს არ არის ერთადერთი შეკითხვა, რომელსაც “ხალხის გაზეთის” მთავარი რედაქტორის დაპატიმრება წარმოშობს. ოქრუაშვილის მეუღლემ, ასევე ჟურნალისტმა და ტელეკომპანია “თრიალეთის” თანამშრომელმა, ნინო დალაქიშვილმა განაცხადა, რომ გაზეთმა გამოიკვლია შიდა ქართლში პრეზიდენტის რწმუნებულის ბიოგრაფია და დაამტკიცა: თავის დროზე მიხეილ ქარელმა თავი აარიდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სავალდებულო სამსახურს:

[დალაქიშვილის ხმა] “ის დეზერტირია: ყველაფერს ეცადა, რომ თავი აერიდებინა ჯარში სამსახურისთვის. გაზეთმა ეს დოკუმენტურად დაასაბუთა. რეგიონში ეზიდებიან კონტრაბანდას, ამაში ხელისუფლების პირველი პირები არიან ჩართული. გაზეთი ამას წერს, არ ერიდება. ამიტომაც მოხდა ეს ფაქტი.”

“ხალხის გაზეთი” იკვლევდა პრეზიდენტის ფონდიდან შიდა ქართლის ტელეკომპანია “თრიალეთში” თანხის გადარიცხვის საქმეს. “თრიალეთი” კერძო ტელეკომპანიაა, მისი დირექტორი გახლავთ ჯონდო ნანეტაშვილი, პარლამენტისა და ნაციონალური მოძრაობის წევრის ბადრი ნანეტაშვილის ძმა, რომელიც არჩევნებამდე იყო “თრიალეთის” ხელმძღვანელი და ახლაც მისი რეალური მმართველია. ნინო დალაქიშვილი, ტელეკომპანია თრიალეთის “თანამშრომელი”, ამბობს, რომ ბადრი ნანეტაშვილმა მისი პირით შეუთვალა რევაზ ოქრუაშვილს, რას იძიებ ჩვენს საქმეებს, ხომ არ გინდა ნარკოტიკები გაგიხსენოთო. დალაქიშვილის თქმით, ნარკოტიკების ხსენება სრულიად გაუგებარი იყო მისთვის. სხვათა შორის, შეთვლილ მუქარას არც პარლამენტისა და ნაციონალური მოძრაობის წევრი ბადრი ნანეტაშვილი უარყოფს:

[ნანეტაშვილის ხმა] “ნინოსთან დავაბარე, რატომ იძიებს ჩემს საქმეს რეზო, მეც ხომ შემეძლო რაღაც-რაღაცები გამომეძია, მაგრამ პირიქით მოვიქეცი-მეთქი.”

ხელისუფლების პარტიაში, ჩანს, მიიჩნიეს, რომ გორის ინციდენტმა ორგანიზაციას ჩრდილი მიაყენა. 3 აგვისტოს ნაციონალური მოძრაობის გენერალურმა მდივანმა გიორგი არველაძემ და პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ გიგა ბოკერიამ საგანგებო ბრიფინგი გამართეს. გიგა ბოკერიამ აღნიშნა, რომ პოლიციის ქმედება გორში სერიოზულ ეჭვსა და შეშფოთებას იწვევს. მან მოუწოდა სამართალდამცავებს, გამოიძიონ გარემოებები, ხოლო მანამდე რედაქტორი გააათავისუფლონ. ბოკერიას განცხადებით, პოლიციამ ოქრუაშვილი უხეში პროცესუალური დარღვევებით დააპატიმრა:

[ბოკერიას ხმა] “აქ ჩვენ საქმე გვაქვს, სულ ცოტა, თანამდებობის ბოროტად გამოყენებასა და დაუდევრობასთან.”

როგორც ჩანს, ხელისუფლების პარტიაში თანდათან აცნობიერებენ, რომ პოლიციის გაპარპაშება და ლამის უკლებლივ ყველა ეჭვმიტანილის დაჭერა ნარკოტიკების გამო სახიფათო ხდება ქვეყნის, საზოგადოების, თუნდაც იმავე პარტიისათვის. “ნაციონალები” ადასტურებენ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი ლიბერალურ ღირებულებათა აღმსარებელია და მიანიშნებენ: პოლიცია უნდა მოთოკონ.
XS
SM
MD
LG