Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასწავლო წელი 20 სექტემბერს დაიწყება


განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო საგანმანათლებლო სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში 2004-2005 სასწავლო წელი, პირველი სექტემბრის ნაცვლად, 20 სექტემბერს დაიწყება.



სამინისტროში ასევე განმარტავენ, რომ მიმდინარე წელი გამონაკლისი არ იქნება და ამიერიდან სწავლა ყოველთვის სექტემბრის ბოლო ორშაბათს განახლდება. რატომ მიიღო სამინისტრომ ამგვარი გადაწყვეტილება და როგორ შეხვდნენ მას თბილისელები?

[ისმის ბავშვის ხმა] “სწავლა ყოველთვის სექტემბრის ბოლოს დაიწყება? ეგ უკვე კარგია!”

იმ გადაწყვეტილების სისწორეს, რომელმაც მეშვიდეკლასელი ბიჭუნას გულწრფელი გაოცება და აღტაცება გამოიწვია, განათლების მინისტრი კახა ლომაია შემდეგი არგუმენტებით ამყარებს: სექტემბრის პირველ ნახევარში საქართველოს თითქმის ყველა რაიონში მაღალია ჰაერის ტემპერატურა; ასევე დროის ამ მონაკვეთს ემთხვევა რეგიონებში სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების მიმდინარეობა და რაც, კახა ლომაიას აზრით, არანაკლებ მნიშვნელოვანია, სამინისტრო, ადგილობრივი ბიუჯეტების შემოსავლის გაზრდის მიზნით, მხარს უჭერს ქვეყნის საკურორტო რეგიონებში სეზონის რამდენიმე კვირით გაგრძელებას. და კიდევ:

[კახა ლომაიას ხმა] “გარდა ამისა, ეს საბჭოთა ტრადიციაა და ამას წმინდა იდეოლოგიური დატვირთვა ჰქონდა მხოლოდ და მხოლოდ. როდესაც ჩუკოტკაში, ტაშკენტსა და კალინინგრადში ერთდროულად იწყებოდა სწავლა, ამას არავითარი გეოგრაფიული, ისტორიული, კულტურული ან კლიმატური გამართლება, გარდა იდეოლოგიური გამართლებისა, არ ჰქონდა. მაგრამ ჩვენ კარგა ხანია, ღვთის წყალობით, არა ვართ იმ სახელმწიფოს ნაწილი და ჩვენ ჩვენს ტრადიციებს უნდა დავუბრუნდეთ.”

განათლების მინისტრი განმარტავს, რომ პირველ სექტემბერს სასწავლო წლის დაწყება არ არის ქართული ტრადიცია და, რომ ის ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ დაინერგა. სამინისტროს ეს არგუმენტი, რბილად რომ ვთქვათ, არადამაჯერებლად ეჩვენება საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრს ლევან ბერძენიშვილს. “საქართველოში ახალი წელი პირველ სექტემბერს იწყებოდა და პირველ სექტემბერს სწავლის დაწყება სწორედ რომ ქართული ტრადიციაა”, - ამბობს იგი და დასძენს:

[ლევან ბერძენიშვილის ხმა] “ეს არ არის მისი აზრები, პირდაპირ გეტყვით. არავინ ჰკითხავს კახა ლომაიას, როდის დაიწყებს სასწავლო წელს, ისევე როგორც არავინ ეკითხებოდა კარტოზიას, როდის დაიწყებდა სასწავლო წელს. ამ საკითხებს საქართველოში წყვეტენ ქვეყნის პრეზიდენტები. საქართველოს ყველა პრეზიდენტი იყო აბსოლუტურად ჩაუხედავი განათლების საკითხებში, სამივე… ის ინტერესია, რომ სააკაშვილს უნდა, რომ დამსვენებლები უფრო მეტხანს დარჩნენ აჭარაში. ამინდები არ იყო და იქაური ხალხი ვერ დაკმაყოფილდა, მისი აზრით, და ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე განათლება, საერთოდ. და არაცნობიერად აქ არის ბრძოლა განათლების წინააღმდეგ. განათლება და განათლებული ხალხი ვიღაცას ძალიან აღიზიანებს.”

განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებამ სწავლის დაწყების გადატანის შესახებ გულგრილი თითქმის არავინ დატოვა. თბილისელები, რომლებსაც მე ქუჩაში ვესაუბრე, საკუთარი გულისწყრომის დამალვას არ ცდილან:

[ქალბატონის ხმა] “ძალიან ცუდია! მიტომ რომ ეს მაინც ტრადიციაა და წლების განმავლობაში ამ დღეს იწყებოდა სწავლა, ბავშვები ემზადებოდნენ და ამ დროს უცბად 20 სექტემბრისათვის გადაიტანეს. რა გამოდის, ამდენი დღე კიდევ უსაქმურად უნდა დარჩნენ?”

[ქალბატონის ხმა] “არა, მართლა არ მომწონს ეს ცვლილება, იმიტომ რომ მე პირადად პირველ სექტემბერს სიამოვნებით წავიდოდი სკოლაში. მე მგონი, ჯობია, რომ პირველი სექტემბერი მაინც პირველი სექტემბერია.” (სტილი დაცულია)


თუმცა რესპონდენტთა შორის იყვნენ ისეთები, რომლებიც განათლების მინისტრის მიერ გადადგუმლ ნაბიჯს მხოლოდ მიესალმებიან:

[მამაკაცის ხმა] “ჩემი აზრით, კარგია, ოქტომბრის დასაწყისში უნდა დაიწყოს სწავლა. პირველ სექტემბერს ხომ იწყებოდა, პირველ ოქტომბერს უნდა დაიწყოს, იმიტომ რომ ყველას აქვს რაიონი, სოფელი, ყველას უნდა წასვლა ბავშვებთან ერთად, მოხმარება, მოსავლის დაბინავება და არის იმის საშუალება, რომ გადაიწიოს სწავლა.”

[ქალბატონის ხმა ]“მოგვწონს! ისეთი პერიოდი არის, რომ ბავშვები ზოგს ზღვაზე ჰყავს წაყვანილი, ზოგს სოფელში…”

თუმცა, იმისდა მიუხედავად, თუ როგორი დამოკიდებულება აქვთ მოქალაქეებს სწავლის დაწყების თარიღთან დაკავშირებით, სამინისტრომ გადაწყვეტილება უკვე მიიღო. ამ გადაწყვეტილების თანახმად, ამიერიდან სასწავლო წელი ყოველთვის სექტემბრის მესამე ან მეოთხე ორშაბათს დაიწყება და, მაისის ნაცვლად, ივნისის ბოლომდე გასტანს.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG