Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებულ შტატებში მყოფი მიხეილ სააკაშვილი გემებისადმი მუქარას ამართლებს


გრძელდება საქართველოს პრეზიდენტის არაოფიციალური ვიზიტი შეერთებულ შტატებში, რომელიც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის დაძაბვის ფონზე მიმდინარეობს.

ატლანტაში ჩასვლამდე, სადაც მან ამერიკის სამართლის ასოციაციის ჯილდოს მიიღებს, მიხეილ სააკაშვილს შეხვედრები ჰქონდა თეთრ სახლში, სახელმწიფო დეპარტამენტსა და პენტაგონში. საქართველოს პრეზიდენტმა კვლავ გაამართლა აფხაზეთის მისადგომებთან საეჭვო გემების ჩაძირვის მუქარა, რომელსაც რუსეთის მხრიდან დიდი აღშფოთება მოჰყვა. პრეზიდენტი სააკაშვილი ამგვარ განცხადებას სახელმწიფო საზღვრების დაცვის აუცილებლობით ხსნის.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, წესით, არავის უნდა უკვირდეს, რომ სანაპირო დაცვის სამსახურმა მისგან აფხაზეთის მისადგომებთან გამოჩენილი გემების ჩაძირვის ბრძანება მიიღო. საქართველოს ხელისუფლება ჯერ კიდევ 1995 წლიდან აფრთხილებს უცხო ქვეყნებს, რომ აფხაზეთში შესასვლელად მათთვის სპეციალური ნებართვაა საჭირო – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა ხუთშაბათს, ვაშინგტონში გამართულ შეხვედრაზე.

უცნაურია, რომ მოსკოვი, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ხელმოწერით ადასტურებს, ამჟამად დასაშვებად მიიჩნევს, რომ რუსულმა კერძო კომპანიებმა თავიანთი ბიზნესი უშუალოდ აფხაზეთთან, თბილისის გვერდის ავლით, აწარმოონ – განუცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ცენტრში შეკრებილ აუდიტორიას.

არავის უნდა გაუკვირდეს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ 9 წლის შემდეგ მაინც გადაწყვიტა წინ აღუდგეს დაუპატიჟებელ სტუმრებს – მიიჩნევს პრეზიდენტი და თანაც დარწმუნებულია, რომ ნებისმიერი დემოკრატიული მთავრობა, საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად, სწორედ ასევე მოიქცეოდა:

(მიხეილ სააკაშვილის ხმა) "ეს არც აგრესიულობაა, არც გაუწონასწორებლობა, ანდა განსაკუთრებული განერვიულება რაიმეს მისამართით. ეს არის მოქმედება, რომელიც მრავალი გაფრთხილების, დიპლომატიური ნოტისა და გარკვეული (ხანგრძლივი) დროის გასვლის შემდეგ, იძულებულს ხდის ყველა ქვეყანას. ნებისმიერი დემოკრატია არა მხოლოდ უფლებამოსილია, არამედ ვალდებულიც არის იმოქმედოს თავისი საზღვრების დასაცავად".

აფხაზეთის მისადგომებთან გამოჩენილ გემებს მიხეილ სააკაშვილი კონტრაბანდულ გემებს უწოდებს, მაშინ, როდესაც რუსეთის მხარე იგივე მცურავ ობიექტებს ტურისტების სატრანსპორტო საშუალებად მოიხსენიებს. რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი ივანოვი აღნიშნავს, რომ ნებისმიერი გემის ჩაძირვა შეფასდება მეკობრეობად და რომ, მოსკოვი ასეთ ფაქტებს შესალოა სამხედრო ძალითაც დაუპირისპირდეს. პარალელურად კი, აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლების ლიდერი ვლადისლავ არძინბა იძლევა დაპირებას, რომ დაიცავს რუსეთიდან მომავალ ტურისტულ გემებს.

რაც შეეხება დაძაბულობას სამხრეთ ოსეთში, მიხეილ სააკაშვილი დარწმუნებით აცხადებს, რომ დაძაბულობა იქ თბილისის მხრიდან უკანონობასთან ბრძოლის მცდელობას მოჰყვა:

(მიხეილ სააკაშვილის ხმა) " სამხრეთ ოსეთში ამჟამინდელი დაძაბულობა შედეგია ჩვენი შეუპოვარი და წარმატებული ბრძოლისა კრიმინალთან და უკანონობასთან, რაც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრების ნორმად მიიჩნეოდა სამხრეთ კავკასიაში – სამხრეთ ოსეთში და აფხაზეთში. ყოველივე ამას მშვიდად უყურებდა საქართველოს წინა ხელისუფლება და, სამწუხაროდ, ხელს უწყობდნენ რუსეთის ეგრეთწოდებული მშვიდობისმყოფელები".

ხუთშაბათს სახელმწიფო დეპარტამენტმა ორივე მხარეს - საქართველოსა და რუსეთს შეთანხმებისკენ მოუწოდა. დეპარტამენტის პრეს-მდივანმა რიჩარდ ბაუჩერმა განაცხადა:

(რიჩარდ ბაუჩერის ხმა) "ჩვენ მოვუწოდებთ მხარეებს დიალოგისკენ და ყველა შესაძლო მექანიზმის ამუშავებისკენ, რათა შესაძლებელი გახდეს გაუთვალისწინებელი ინციდენტების თავიდან აშორება და დაძაბულობის განმუხტვა".
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG