Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რამდენად რეალურია რუსეთის მიერ საქართველოს მიმართ ეკონომიკური სანქციების დაწესება?


რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმაში 5 აგვისტოს საქართველოს პრეზიდენტის თვითმფრინავის ჩამოგდებასთან ერთად საქართველოს მიმართ ეკონომიკური სანქციების დაწესების საკითხებზეც მსჯელობდნენ.

მოსკოვს წლების მანძილზე არაერთხელ გამოუყენებია ეკონომიკური, ძირითადად კი ენერგეტიკული ბერკეტები საქართველოზე პოლიტიკური ზეწოლის განსახორციელებლად. რამდენად რეალურია იგივეს განმეორება ახლა, როდესაც საქართველოში მიმდინარე ფართომაშტაბიანი პრივატიზების პროცესით ძირითადად რუსი ბიზნესმენები არიან დაინტერესებული?

რუსეთს არაერთხელ გამოუყენებია საქართველოზე პოლიტიკური ზეწოლისთვის ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის დავალიანების თუ მიწოდების შეწყვეტის ბერკეტები. მოსკოვის ეს ნაბიჯები არასდროს ყოფილა ღიად და საჯაროდ გაცხადებული, რაც კრემლს თავის მართლების საშუალებას აძლევდა. დღეს კი - რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების მორიგი გამწვავების ფონზე - რუსმა პოლიტიკოსებმა ზეწოლის ეკონომიკური ბერკეტების ამუშავება ოფიციალურად, რუსეთის სახელმწიფო დუმაში მოითხოვეს.

[ალექსეი ოსტროვსკის ხმა] ”აუცილებელია მივმართოთ ”რაო-ეესს”, პრეზიდენტს შეუძლია ეს გააკეთოს, უბრალოდ გაზარდოს საქართველოში მიმავალი ენერგომატარებლების ტარიფები. ამით საქართველოს საზოგადოება აღშფოთდება, დაიწყება მღელვარება პრეზიდენტის წინააღმდეგ და თვითონ ჩამოაგდებენ სააკაშვილს.”

ფრაქცია ელ-დე-პე-ერის წევრის ალექსეი ოსტროვსკის ეს იდეა 5 აგვისტოს სახელმწიფო დუმაში ფართო განხილვის საგნად არ ქცეულა. თუმცა, ექსპერტები არ გამორიცხავენ იმის შესაძლებლობას, რომ რუსეთმა შეიძლება საქართველოზე ზემოქმედების ადრე ნაცადი ბერკეტი დღესაც გამოიყენოს.

საქართველოს პარლამენტის წევრ ლადო პაპავას აზრით, მოსკოვს თბილისზე ფართემაშტაბიანი ეკონომიკური ზეწოლის მექანიზმი აღარ აქვს, რადგან პარიზის კლუბში ვალების რესტრუქტურიზაციის საკითხი უკვე გადაწყვეტილია. მისი აზრით, თუ ელექტროენერგეტიკულ სფეროში ტარიფის გაზრდის თავიდან აცილება მარეგულირებელი კომისიის მეშვეობით შეიძლება, გაცილებით რთულადაა საქმე ბუნებრივი აირის სფეროში.

[ლადო პაპავას ხმა] ”ჩვენ რომ გაზით ისეთი მომხმარებლები ვიყოთ, რომლებიც კარგად იხდიან, პრობლემა მაშინ ნაკლები იქნება. მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ ჩვენ არაერთი წლის განმავლობაში ხან "იტერასთან" და ხან "გაზპრომთან" ვაგროვებდით მილიონობით ვალს და, აქედან გამომდინარე, მით უფრო გაუადვილდებათ მათ გარკვეული პირობები წაგვიყენონ.”

ლადო პაპავა ფიქრობს, რომ რუსეთს ამ ენერგეტიკული ზეწოლის განხორციელებისას არ შეაფერხებს საქართველოს ეკონომიკის მიმართ რუსული ბიზნესის მზარდი ინტერესი.

[ლადო პაპავას ხმა] ”ნუ დაგვავიწყდება, რომ რუსულ- ქართულ ურთიერთობებში ბიზნესი არსდროს არ ყოფილა მთავარი. ბიზნესი ყოველთვის იყო პოლიტიკის სამსახურში.”

რუსეთს ამის გაკეთება, ანუ ეკონომიკური ხასიათის ხელშეკრულებების ცალმხრივად შეჩერება მართლაც შეუძლია. მას ამაში საერთაშორისო სამართალი არ ზღუდავს, თვლის იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მაკა კვაჭაძე.

[მაკა კვაჭაძის ხმა] ”დღევანდელ დღეს, მართალია, რუსეთის დუმა ძალიან აგრესიულადაა განწყობილი, მაგრამ ასეთი აუცილებლობა არ არსებობს და ისინი ასეთ ნაბიჯს არ გადადგამენ.”

მიუხედავად ამისა, ექსპერტების უმრავლესობა საქართველოს ხელისუფლებას რუსეთის ეკონომიკური სანქციების საფრთხის რეალურობის გაცნობიერებასა და მისი თავიდან აცილების გზების მოძებნას ურჩევენ.
XS
SM
MD
LG