Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ არ უნდათ აფხაზეთიდან დევნილებს სასტუმრო “ივერიის” დატოვება


წინაწარი განხილვებისა და მსჯელობის გარეშე, 6 აგვისტოს თბილისის მერიამ სასტუმრო ”ივერიაში” მცხოვრებ აფხაზეთიდან ლტოლვილებს გამოუცხადა,

რომ სექტემბრის ბოლომდე სასტუმროს დაცლა მოუწევთ. თუმცა ”ივერიაში” დაკავებული 1 ოთახის სანაცვლოდ 7 ათას აშშ დოლარს ჰპირდებიან, 11 წლის მანძილზე სასტუმრო “ივერიაში” გაუსაძლის სივიწროეში მცხოვრები ლტოლვილები მაინც უარს აცხადებენ სასტუმროს დატოვებაზე. 7 აგვისტოს თბილისის მერია “ივერიაში” გამართულ შეხვედრაზე ამაოდ შეეცადა მათ დაყოლიებას. ლტოლვილები შეურაცხმყოფელად მიიჩნევენ 7 ათას დოლარად სასტუმრო “ივერიის” დატოვებას. რატომ?

თავდაპირველად იმის შესახებ, თუ რატომ სთავაზობენ სასტუმრო “ივერიაში” კომპაქტურად შესახლებულ აფხაზეთიდან ლტოლვილებს 7 ათას ამერიკულ დოლარს სასტუმროს 1 ოთახის გათავისუფლების სანაცვლოდ.

[ზურაბ ჭიაბერაშვილის ხმა] ”ახალი სასტუმრო, რომელიც იქნება ამჟამინდელი სასტუმრო “ივერიის” ადგილზე, - რა თქმა უნდა, ეს იქნება ისევ იმავე სახელით, - უნდა გახდეს სიახლის, ქვეყნის აღმშენებლობის და ქვეყნის გაერთიანების სიმბოლო.”

ეს განცხადება დედაქალაქის მერმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა მას შემდეგ გააკეთა, რაც თბილისის მერიამ სასტუმრო “ივერიის” რეკონსტრუქციის ინვესტორი იპოვა.

გერმანულ კომპანიასთან მიღწეული შეთანხმების მიხედვით, ინვესტორი “ივერიის” თითოეული ოთახის ბინადართა საყოფაცხოვრებო მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად 7 ათას დოლარს გადაიხდის.
სულ “ივერიაში” 330-მდე ოთახია. ინვესტორი, ლტოლვილთა კომპენსაციების გარდა, სასტუმროს საფუძვლიანი რეკონსტრუქციის, ფაქტობრივად, ხელახლა აშენების პირობას იძლევა.

11 წლის მანძილზე აფხაზეთიდან დევნილთა საცხოვრებელ კორპუსად ქცეული, თბილისის ცენტრში მდებარე, ერთ დროს პრესტიჟული სასტუმრო “ივერია” ახლა უმძიმეს მდგომარეობაშია. დამახინჯებულია და დანგრევის პირასაა მისული როგორც მისი ექსტერიერი, ისე ინტერიერი. არც მის ბინადართ, 890-ზე მეტ აფხაზეთიდან დევნილს, ულხინს. უმეტესად, “ივერიის” 6 კვადრატულ მეტრიან სასტუმრო ოთახში ორ-ორი ოჯახი, 6-8 კაცის შემადგენლობით, ცხოვრობს. მაგრამ ისინი მაინც უარს ამბობენ 7 ათას დოლარად ამ მცირე საცხოვრებელი ფართობის დატოვებაზე. მე სასტუმრო “ივერიას” ვესტუმრე და იქ დამკვიდრებულ დევნილებს გავესაუბრე.

[ისმის დევნილების ხმა] ”ახლა 7 ათას დოლარად ვეღარაფერს ვერ ვიყიდით. როგორც კი გამოცხადდა “ივერია” იყიდებაო, ბინები გაძვირდა...”

თითქმის ყველა დევნილმა ასეთი პასუხს გამცა. მე მათი განცხადებების სისწორის გადასამოწმებლად უძრავი ქონების ინტერნეტ სააგენტოს ვებსაიტი დავათვალიერე და 30 ათასამდე მონაცემში ვერ ვიპოვე ისეთი ბინა, რომლის ფასი 50 ათას დოლარზე ნაკლები იქნებოდა. მეტი სიზუსტისთვის უძრავი ქონების რამდენიმე სააგენტოშიც დავრეკე.

[უძრავი ქონების სააგენტოების ხმა] ”7 ათას დოლარად ვერაფერს ვერ იყიდით.”

“ჩვენს კომპანიას 7 ათას დოლარად ბინა არა აქვს.”

დედაქალაქის პრემიერი ბიძინა ბრეგაძე კი ირწმუნება, რომ 7 ათას დოლარად თბილისის გარეუბანში 3 ოთახიანი ბინის შეძენაც კი არის შესაძლებელი და, შესაბამისად, ამ თანხით დევნილთა საყოფაცხოვრებო პირობების საგრძნობლად გაუმჯობესება სრულებით რეალურია.

ამ პოზიციის გასამყარებლად 7 აგვისტოს დედაქალაქის მერმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა და პრემიერმა ბიძინა ბრეგაძემ ლტოლვილთა და განსახლების მინისტრ ეთერ ასტემიროვასთან ერთად თბილისის გარეუბანში, ავჭალის დასახლებაში, ის რამდენიმე ბინა მოინახულა, რომელთა შესყიდვა “ივერიიდან” გამოსახლებულ ლტოლვილებს შეუძლიათ.

როგორც სააგენტო ინტერპრესს ქალაქის პრემიერმა ბიძინა ბრეგაძემ განუცხადა, ქალაქის მთავრობას სასტუმროში მცხოვრებ დევნილთათვის უკვე 120 ბინა აქვს შერჩეული. აღნიშნულ ბინებს ის პირები მიიღებენ, რომლებიც პირველ ეტაპზე დატოვებენ სასტუმროს.

როგორც ჩანს, ეს ნაბიჯი ოდნავ მაინც წაახალისებს სკეპტიკურად განწყობილ ლტოლვილებს. მათ უმრავლესობას გაცნობიერებული აქვს, რომ სასტუმროს დატოვება, ნებით თუ არა, იძულებით მაინც მოუწევთ.

[ისმის დევნილების ხმა] ”საკუთარი სახლებიდან გაგვაგდეს და აქედან ვერ გაგვაგდებენ? შემოვა ომონელი, მის სახეს ვერ დაინახავ, ისე გაგვყრიან აქედან სუყველას.

აი, ახლა მივდივარ სახლის სანახავად. 7 ათასი დოლარი ღირსო. შიგნით არ იცხოვრება - ეს არის პატარა ქოხი. მაინც მივდივარ სანახავად, იმიტომ რომ ხის ქვეშ ვრჩებით ქუჩაში.”
XS
SM
MD
LG