Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ომის მსხვერპლთა რიცხვი იზრდება - რა იმალება მშრალი სტატისტიკის მიღმა


ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში მიმდინარე ტრაგიკული მოვლენები, ბუნებრივია, დანარჩენი საქართველოს ყოველდღიურ ცხოვრებაზეც ტრაგიკულად აისახება,

თუმცა საინფორმაციო საშუალებები ბრძოლაში დაღუპული ჯარისკაცების თაობაზე ინფრმაციის გავრცელებისას რატომღაც მხოლოდ სტატისტიკური მონაცემების გამოქვეყნებით შემოიფარგლებიან. არადა, თითოეული გარდაცვლილი ჯარისკაცის უკან ნაადრევად დაქვრივებული მეუღლე, ობლად დარჩენილი ბავშვები და გაუბედურებული მშობლები დგანან. ვინ არიან ის ჯარისკაცები, რომლებმაც სამშობლოს წინაშე აღებული მხედრული ვალის მოხდაზე უარი არ თქვეს და, ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობის გადაწყვეტილების წყალობით, ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ მეომართა მრავალათასიანი ლაშქარი კიდევ უფრო მეტად გაზარდეს? მე ერთ-ერთი მათგანის, 18 აგვისტოს სოფელ ერედვთან მოკლული 24 წლის ჯარისკაცის, რევაზ ვეფხვაძის, შესახებ მოგითხრობთ.

[ისმის მოტირალთა ხმები]

ოჯახის წევრები თავდაცვის სამინისტროს თელავის ბატალიონის ათმეთაურის რევაზ ვეფხვაძის ცხედარს დასტირიან. იგი 18 აგვისტოს ერედვის მთაზე მიმდინარე ბრძოლების დროს დაიღუპა. ოფიციალური ინფორმაციით, სულ იმ დღეს ქართულმა მხარემ, მოკლულების სახით, 3 ჯარისკაცი დაკარგა. რევაზ ვეფხვაძე, თანამებრძოლთა თქმით, სნაიპერის ტყვიამ იმსხვერპლა.

[მამაკაცის ხმა] “წავიდა, ვაჟკაცურად იომა, ვაჟკაცურად დაეცა, რა… სნაიპერის ტყვია იყო, მარჯვენა გვერდიდან აქვს მოხვედრილი, ფილტვი და გულია გახეული. მაგ დროს კიდევ სხვები დაიღუპნენ, დილას დაემატნენ - სამნი არიან სულ.”

გარდაცვლილი ჯარისკაცის შესახებ ცრემლების გარეშე ვერ საუბრობს მოხუცი მამაკაცი, რომელიც გარდაცვლილის ბაბუა აღმოჩნდა. მას და მის მეუღლეს რაიონში დაურეკეს და თავზარდამცემი ამბავი - შვილიშვილის გარდაცვალება მხოლოდ ადგილზე, რუსთავში, ჩასვლის შემდეგ შეატყობინეს.

[მამაკაცის ხმა] “არც ამოუკვნესია, ისე დავარდა ძირს… ოჯახი აქვს, ერთი წლის გოგონა ჰყავს, ორი წელია, რაც დაოჯახდა… ცოლი ახლა ჩამოვიდა, მიტარბში ისვენებდა. არც იცოდა, ისე მოიყვანეს აქ… ეჰ, დედა! დაგვენგრა ოჯახი, დაგვენგრა! ეს პირველი, სიყრმისშვილიშვილი იყო… ომიც დამთავრდა ჩემთვის და ყველაფერიც.”

ომი მარტო ვეფხვაძეების ოჯახისთვის როდი დასრულდა. რამდენიმე დღის წინ რუსთავში დაკრძალეს 12 აგვისტოს კონფლიქტის ზონაში მომხდარი შეტაკების დროს დაღუპული ვაზიანის ბატალიონის კაპრალი, 27 წლის გიორგი ბეგაშვილი და გულუას სპეცდანიშნულების რაზმის წევრი, 26 წლის მერაბ ფილიშვილი. სამხედროები, რომლებმაც კონფლიქტის ზონა გარდაცვლილის ახლობლებისათვის სამძიმრის გამოსაცხადებლად რამდენიმე საათით დატოვეს, ხელისუფლების მიმართ გულისწყრომას ვერ მალავდნენ:

[მამაკაცის ხმა] “რა ხდება და სრული ქაოსი ხანდახან და გაუებრობა. თავიდან იყო ისე, რომ იმათ უნდა გვესროლონ და ჩვენ არ უნდა ვესროლოთ. ვითომ ეს მოლაპარაკება იყო და მაგასთან დაკავშირებით არ გვაძლევდნენ შეტევაზე გადასვლის უფლებას. ხალხი არის, ძალა არის, ტექნიკა არის… რას ელოდებიან… ისევ პოლიტიკური თამაშები? პოლიტიკას კი რამდენი ხალხი, პირტიტველა ბიჭი ეწირება.”

შეწირული პირტიტველა ბიჭების ოჯახის წევრებს სახელმწიფო დასაფლავების ხარჯების დაფარვით, პენსიითა და ათი წლის ხელფასის ოდენობის სარგოთი, ანუ დაახლოებით 4 ათასი ლარით, ეხმარება. გარდაცვლილთა ოჯახებს გარკვეულ დახმარებას, როგორც რუსთავის მერიის სამობილიზაციო სამსახურის უფროსი დავით მიქაცაძე ამბობს, ადგილობრივი ხელისუფლებაც უწევს:

[დავით მიქაცაძის ხმა] “მე მგონი, დაკრძალვაში ბატალიონი თვითონ ეხმარება, ინდივიდუალურად, და, მგონი, მთავრობიდან იყო კიდევ რაღაც დახმარება. სასახლე თავდაცვის სამინისტრომ გაუკეთა, გაპატიოსნება, ბალზამირება - ეს ყველაფერიც… 1000-1000 ლარით ჩვენც, რუსთავის მერიაც, დავეხმარეთ. პლუს საფლავის ადგილის გამოყოფაზე და სხვა რამეც გავაკეთეთ.”

რევაზ ვეფხვაძეს 22 აგვისტოს, გიორგი ბეგაშვილისა და მერაბ ფილიშვილის მსგავსად, რუსთავის სასაფლაოზე დაკრძალავენ. რევაზ ნოდარის ძე ვეფხვაძე - 1980-2004 წლები - ასეთი წარწერა სულ მალე, საფლავის ქვის გარდა, თბილისში, გმირთა მოედანზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ მებრძოლთა მემორიალის კედელზეც გაჩნდება - იმ კედელზე, რომელთანაც პოლიტიკოსები, როგორც წესი, წელიწადში ერთხელ იკრიბებიან და დუმილით მიაგებენ ხოლმე პატივს დაღუპულთა ხსოვნას. პოლიტიკოსები კიდევ ბევრჯერ დადუმდებიან, მხოლოდ დედები იტირებენ ხმამაღლა.

[ისმის მოტირალთა ხმები]
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG