Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კანონი ლიცენზირებული პროდუქციის შესახებ სექტემბრიდან ამოქმედდება


სექტემბრის თვიდან ამოქმედდება კანონპროექტი, რის მიხედვითაც ტელე და რადიო კომპანიებს არალიცენზირებული პროდუქციის ეთერში გაშვება აეკრძალებათ.

ამის შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი გიორგი რატიშვილი საუბრობს. ქართული მედიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მიღებული კანონპროექტის წინააღმდეგნი არ არიან, თუმცა არ გამორიცხავენ, რომ კიდევ ერთი გადასახადი მათი ორგანიზაციისათვის სერიოზული ზარალის მომტანი იქნება. რატიშვილი კანონპროექტს ევროსაბჭოს ექსპერტთა დასკვნითაც ამაგრებს და აცხადებს, რომ მასზე მუშაობაში, არასამთავრობო ორგანიზაციების გარდა, თვით მაუწყებლებიც იღებდნენ მონაწილეობას. მოგითხრობთ ამოქმედებული კანონპროექტისა და მაუწყებელთა პოზიციების შესახებ.

სექტემბრის თვიდან საქართველოში ამოქმედდება 1999 წელს პარლამენტის მიერ მიღებული ,,კანონი საავტორო და მომიჯნავე უფლებათა შესახებ”, რომელიც საავტორო უფლებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონის სინთეზსაც წარმოადგენს. ამიერიდან ტელეკომპანიებში პორნოგრაფიული ფილმები და ფილმები ძალადობის შესახებ მხოლოდ ღამის 12 სთ-ის შემდეგ გავა ეთერში, რადიოსადგურები კი ლიცენზირებულ გადაცემებსა და მუსიკალურ კლიპებს ააჟღერებენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, კანონის დამრღვევი მკაცრად დაისჯება, -ასეთია რატიშვილის პოზიცია.

[გიორგი რატიშვილის ხმა] ,,გამართლება იმისა, რომ მე თანხა არა მაქვს და ამიტომ ვერ გავუშვებ ლიცენზირებულ პროდუქციასო, ნუ, ეს, ელემენტარულად, სრულიად არასერიოზული განცხადებაა და ასეთი სახის განცხადებებისთვის, მე მგონი, ყურადღების მიქცევა არ შეიძლება. თუ არა აქვს ადამიანს იმის საშუალება, რომ შეიძინოს ლიცენზირებული პროდუქცია, მაშინ არ უნდა მაუწყებლობდეს.”

100-ზე მეტი ტელე და რადიო კომპანია, რომელიც ამჟამად საქართველოში მაუწყებლობს, სექტემბრის თვიდან მკაცრად გაკონტროლდება. მკაცრად გაკონტროლდებიან საკაბელო ტელევიზიებიც. მათ ყველა იმ არხის ხელმძღვანელობასთან მოუწევთ ხელშეკრულების დადება, რომელთა რეტრანსლირებაც მოხდება საკაბელო ეთერით. აღნიშნული კანონპროექტის ამოქმედება და ამ მხრივ ჩატარებული მონიტორინგი, გიორგი რატიშვილის აზრით, მის ეფექტურობას შეუწყობს ხელს, თუმცა რადიოსადგურ ,,ფორტუნას” ჟურნალისტი ნინო მაისურაძე სხვაგვარად ფიქრობს:

[ნინო მაისურაძის ხმა] ,,ლიცენზიის შესახებ კანონი უნდა ამოქმედდეს, რა თქმა უნდა, მე ამის მომხრე ვარ, მაგრამ რამდენად სამართლიანად იმუშავებს ეს კანონი, უკვე სხვა საკითხია და არა მგონია, დაიხუროს რადიო და ტელემაუწყებლობა ამის გამო.”

ლიცენზირებული პროდუქციის შესახებ კანონის ამოქმედების მომხრეა საქართველოს ,,პირველი რადიოს” აღმასრულებელი დირექტორი ვაჟა მოლაშვილი. იგი ფიქრობს, რომ მისაღები კანონის შემთხვევაში მედია შეძლებს კიდევ ერთი დამატებითი გადასახადის გადახდას:

[ვაჟა მოლაშვილის ხმა] ,,აუცილებლად უნდა მოახერხონ, თუ გვინდა, რომ ნორმალური ქვეყანა იყოს. უბრალოდ, კანონი უნდა იყოს მისაღები. ნებისმიერ შემთხვევაში თანხის გადახდა გიწევს, ანუ ეგ არის ნებისმიერი ორგანიზაციისათვის დამატებითი ხარჯი. ვალდებულები ვართ რა, პრინციპში, მაშინ უნდა ადგე და თავი გაკოტრებულად გამოაცხადო.”

ლიცენზირებული პროდუქციის შესახებ კანონის ამოქმედებას დიდი ხანია მოითხოვს რადიო “იმედის” ხელმძღვანელობა. მაუწყებლობის დირექტორი ნონა ყანდიაშვილი აცხადებს, რომ მისი ორგანიზაცია, სხვა რადიოსადგურებთან შედარებით, არათანაბარ მდგომარეობაში იმყოფება, რადგან მათი ეთერით დღემდე მხოლოდ ლიცენზირებული პროდუქცია გადის. იგი ფიქრობს, რომ დროა საქართველომ კანონებით დაიწყოს ცხოვრებ:.

[ნონა ყანდიაშვილის ხმა] ,,ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია, როცა ჩვენ ვიხდით საკმაოდ სერიოზულ თანხებს და ვყიდულობთ პროდუქციას, ზუსტად ასეთი პროდუქცია გადის სხვა რადიოსადგურებზე და არის ნაყიდი სადღაც ბაზრობებზე. საკმაოდ სერიოზული პრობლემები გვექმნება ჩვენ ამის გამო. ამიტომ თუ მუშაობ, უნდა იმუშაო კანონით და წესებით.”

კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ კანონის თანახმად, მარეგულირებელმა კომისიამ ლიცენზიანტი კომპანიებისაგან მაუწყებლობის ბადე მოითხოვა. გიორგი რატიშვილი ფიქრობს, რომ მათზე მონიტორინგის საშუალებას, გარკვეულწილად, აღნიშნული ბადეც მისცემს.
XS
SM
MD
LG