Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთავრობა ახალ კოდექსს აჭარაში ”აწრთობს”


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი გასულ კვირას საქართველოს მთავრობა მზიურ აჭარაში გასვლით სხდომას ატარებდა და შავიზღვისპირეთში სასიამოვნო გარუჯვას საგადასახადო კოდექსზე სასარგებლო მსჯელობას უთავსებდა.

რევოლუციის შემდეგ აჭარის მიმართ ხელისუფლება განსაკუთრებულ ყურადღებას ამჟღავნებს და მთავრობის ეკონომიკური ბლოკის გასვლითი სხდომა, ალბათ, ამ ინტერესის ერთ-ერთი გამოხატულებაც იყო.

სხვათა შორის, აჭარა არც არასდროს დარჩენილა საზოგადოების ყურადღების მიღმა, თუმცა ეს ინტერესი სხვადასხვაგვარი გახლდათ. საინტერესოა, რომ თავის დროზე ბათუმსა და ცენტრს შორის დაპირისპირების, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი თუ არა, საბაბი რეგიონში თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნის მცდელობა იყო. ასლან აბაშიძემ ამ მიზნით ჩინელ ექსპერტებს სპეციალური კანონპროექტიც მოამზადებინა, თუმცა თბილისი აჭარის ლიდერის ამ ინიციატივას ყოველთვის ეჭვის თვალით უყურებდა და თავისუფალი ეკონომიკური ზონა პოლიტიკური სეპარატიზმის ეკონომიკურ გაფორმებად მიაჩნდა. აბაშიძის რეჟიმის შეცვლის შემდეგ რეგიონში ოფშორის იდეა, ბუნებრივია, დაკონსერვდა, თუმცა იმ პერიოდში გამოითქვა მოსაზრება, რომ თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნის ექსპერიმენტი, შესაძლებელია, სხვა რეგიონში განხორციელდეს. ამ იდეას იმთავითვე არასწორს უწოდებს ექსპერტი სოსო სიმონიშვილი, რომელიც ფიქრობს, რომ თავისუფალი ეკონომიკისათვის პირობები მთელ ქვეყანაში უნდა არსებობდეს და არა მის რომელიმე კონკრეტულ რეგიონში.

[სოსო სიმონიშვილის ხმა] ”რაც შეეხება თეზ-ის, ანუ თავისუფალი ეკონომიკური ზონის, იდეას, იყო აქამდე საუბარი, რომ ეს გაკეთებულიყო აჭარაში, ახლა არის საუბარი, რომ ეს გაკეთდეს სადმე სხვაგან. ესეც არ მიმაჩნია სწორად, რადგან საქართველო არის ძალიან პატარა ქვეყანა და მის ერთ ნაწილში თავისუფალი ეკონომიკური ზონის გაკეთება ნიშნავს სხვა ნაწილში არათავისუფალი ეკონომიკის დატოვებას, რაც არის მიუღებელი და არაბალანსირებული და ასეთი რამ რომ მოხდეს, განვითარების გარანტიას არ მოგვცემს. მე წინააღმდეგი არ ვიქნებოდი, რომ დაბალმა გადასახადებმა, საერთოდ, თავისუფალ ეკონომიკურ ზონასთან მიახლოებული პირობები შექმნას მთელ საქართველოში და მაშინ, მართლაც, იქნებოდა კარგი საინვესტიციო გარემო. ”

დღეისათვის ლოკალური რეგიონალური ოფშორული ზონის შესახებ საუბრები აქტუალური აღარაა, სამაგიეროდ, სასიცოცხლოდ აქტუალურად რჩება საინვესტიციო გარემოს გაჯანსაღების თემა. ბაზარზე ჯანსაღი კონკურენციის შესაქმნელად და ქვეყნის ეკონომიკაში კაპიტალის მოსაზიდად ხელისუფლება აქცენტს საგადასახადო პოლიტიკაზე აკეთებს. ბათუმში პრეზიდენტის მონაწილეობით გამართული მთავრობის გასვლითი სხდომის მთავარი თემაც სწორედ ახალი საგადასახადო კოდექსი გახლდათ. კოდექსთან დაკავშირებით შექმნილია საკმაოდ არაორდინალური სიტუაცია. ამ კანონპროექტზე წლების განმავლობაში რამდენიმე სამთავრობო და დამოუკიდებელი ჯგუფი მუშაობდა. ჯერ კიდევ შევარდნაძის რეჟიმის დროს თავისი კანონპროექტი ჰქონდა ფინანსთა სამინისტროს, ალტერნატიული პროექტები ჰქონდათ მრეწველებსა და არასამთავრობოებს. პრემიერი ჟვანია აცხადებს, რომ ამჟამად განსახილველად წარმოდგენილ ვარიანტში გათვალისწინებული იქნა როგორც მეწარმეების და დამოუკიდებელი ექსპერტების, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების შენიშვნები და ახალი საგადასახადო კოდექსი, ფაქტობრივად, შეჯერებულ დოკუმენტს წარმოადგენს. საინტერესოა ისიც, რომ კოდექსის მიმართ სკეპტიკურადაა განწყობილი საერთაშორისო სავალუტო ფონდი, რომელმაც ბოლო წერილში თავისი სკეფსისი ღიადაც დააფიქსირა. ფონდს მიაჩნია, რომ გადასახადების მკვეთრი შემცირებით მთავრობა ჩქარობს და ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის შესრულებას საფრთხის ქვეშ აყენებს. ფონდის ექსპერტები ახალი განაკვეთების შემოღებას ეტაპობრივად, 3 წლის განმავლობაში, გვირჩევენ.

მთავრობა 3 წლიან გაჭიანურებას არ აპირებს და უკვე შემოდგომაზე საკანონმდებლო ხელისუფლებაში განხილვის შემდეგ ვარაუდობს ახალი საგადასახადო კანონმდებლობის სრულად ამოქმედებას. საგადასახადო ლიბერალიზაციის პარალელურად საბიუჯეტო შემოსავლების კლების საფრთხეს არ იზიარებენ ხელისუფლების წარმომადგენლები. პრემიერ- მინისტრს მიაჩნია, რომ განაკვეთების შემცირებასთან ერთად კოდექსი ადმინისტრირების მკვეთრ გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. თავად კანონპროექტის შინაარსობრივ მხარეს კი ჟვანია შემდეგნაირად აფასებს:

[ზურაბ ჟვანიას ხმა] ”ხდება თვითონ საგადასახადო განაკვეთების ძალიან მნიშვნელოვანი შემცირება. გადასახადების ოდენობის შემცირება, თვითონ ადმინისტრირება როგორ უნდა მოხდეს, ძალიან დაიხვეწა, სამართლიანი იქნება და მეწარმეებს დაცვის მრავალი მექანიზმი გაუჩნდებათ. ასე რომ, ძალიან ბევრი საკითხია, რომელთაგან თითოეულს უდიდესი მნიშვნელობა აქვს კონკრეტული მეწარმეების საქმიანობისათვის. მე ვფიქრობ, რომ ძალიან სერიოზული კოდექსი გამოვა, კოდექსი, რომელიც შეიძლება ბევრმა სხვა ქვეყანამაც გამოიყენოს. ”

სანამ ახალი ”ქართული საგადასახადო გარღვევის” ექსპერიმენტს სხვა ქვეყნები დაეშურებიან, მანამდე კოდექსმა პარლამენტში უნდა გაიაროს განხილვის პროცედურები. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ლიბერალური საგადასახადო გარემო, რომლის აუცილებლობის შესახებ ამდენს და ამდენი ხნის განმავლობაში საუბრობდნენ ძველი თუ ახალი ხელისუფლების წარმომადგენლები, სამეურნეო აქტივობისათვის სერიოზული სტიმული უნდა გახდეს. ყოველ შემთხვევაში, დღეს მოქმედ კანონმდებლობაზე უარესი მათ ვერ წარმოუდგენიათ.

კოდექსთან დაკავშირებით საგულისხმოა კიდევ ერთი მავნე ტრადიციის გათვალისწინება, როდესაც პარლამენტი იღებდა მეტ-ნაკლებად ნორმალურ საკანონმდებლო აქტს, მაგრამ იგი რეალურად ან არ მუშაობდა, ან მოქმედებდა იმ მიზნების საპირისპიროდ, რის გამოც იქნა მიღებული. ამიტომ განაკვეთების დაწევას, ანუ საგადასახადო ტვირთის შემსუბუქებას, პარალელურად თან უნდა ახლდეს კოდექსის სამართლებრივი აღსრულება და ადმინისტრირების მიმართ პრინციპულად განსხვავებული მიდგომა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მეწარმეებს ბეგარის მძიმე წნეხს კი შევუმსუბუქებთ, მაგრამ ბიუჯეტს და, შესაბამისად, სოციალურად დაუცველ მოსახლეობას ამისაგან არანაირი შეღავათი არ ექნება.
XS
SM
MD
LG