Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში ლეშეკ ბალცეროვიჩის ახალი წიგნი გამოიცა


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი ეკონომიკური ლიტერატურით არცთუ ისე განებივრებულ ქართულ საზოგადოებას დღეიდან საშუალება მიეცა ერთი საინტერესო გამოცემით დატკბეს. ცოტა ხნის წინ ქართულად

ითარგმნა და გამოიცა პოლონური რეფორმების შემოქმედის, თავის დროზე საქართველოს პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩევლის ლეშეკ ბალცეროვიჩის ნაშრომი ”თავისუფლება და განვითარება”. რით არის მნიშვნელოვანი ეს წიგნი ქართველი მკითხველისათვის?

პოლონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის და ”შოკური თერაპიის” ავტორის ლეშეკ ბალცეროვიჩის წიგნი ”თავისუფლება და განვითარება” ქართულ ენაზე ითარგმნა. საქართველოს წიგნის ბაზარი მაინცდამაინც არ არის განებივრებული მაღალი დონის ეკონომიკური პროფილის თანამედროვე ლიტერატურით და ამ სეგმენტზე ნებისმიერი გამოცემის გამოჩენა დაინტერესებული მკითხველის სიხარულს იწვევს, მით უფრო, თუ თავად ნაშრომი საკმაოდ პოპულარულია და მსოფლიოს მრავალ ენაზეა გამოცემული, ხოლო ავტორი კი თანამედროვე მსოფლიო ეკონომიკის ერთ-ერთ გრანდად ითვლება. ამ წიგნს ინტრიგას სძენს ისიც, რომ პოლონეთის ცენტრალური ბანკის ამჟამინდელი პრეზიდენტი ლეშეკ ბალცეროვიჩი რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოს ექს-პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის ეკონომიკურ მრჩევლად ითვლებოდა, თუმცა ექს-პრეზიდენტს, ფაქტობრივად, მისი არც ერთი რეკომენდაცია არ გაუთვალისწინებია. სამართლიანობისათვის აღვნიშნავთ, რომ შევარდნაძე არც ”შინაური” ექსპერტების რჩევებს სცემდა მაინცდამაინც პატივს.

”თავისუფლება და განვითარება” ლეშეკ ბალცეროვიჩის მეორე ნაშრომია, რომელიც ქართულ ენაზე ითარგმნა. 2 წლის წინ ამავე ავტორის წიგნი ”სახელმწიფო გარდამავალ პერიოდში” გამოიცა. ორივე თარგმანი ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატს ამბროსი გრიშიკაშვილს ეკუთვნის, რომელსაც ბალცეროვიჩის ნაშრომების გამოცემის უფლება თავად ავტორისაგან აქვს მინიჭებული. მთარგმნელი ფიქრობს, რომ ბალცეროვიჩის ნაშრომი ქართველი მკითხველისათვის საინტერესოა როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული თვალსაზრისით:

[ამბროსი გრიშიკაშვილის ხმა] ”ვფიქრობ, რომ ამ წიგნის და ასევე ორი წლის წინ გამოსული მეორე წიგნის, ”სახელმწიფო გარდამავალ პერიოდში”, თარგნით ქართველი მკითხველი შეიქმნის თვალსაზრისს ამ გამოჩენილ ეკონომისტზე. ამასთან, მინდა ვთქვა, რომ მისი ყოველი სიტყვა, ნაშრომი, სტატია თუ წიგნი დიდ მნიშვნელობას იძენს, იმიტომ რომ ეს ადამიანი არა მარტო თეორიული მოღვაწეა, არამედ პრაქტიკულად ახორციელებს იმას, რასაც თავის ნაშრომებში აყალიბებს. ”

სამეცნიერო წრეები ლეშეკ ბალცეროვიჩის თარგმანების პრეზენტაციას გეგმავენ. ასევე შემოდგომისათვის ნავარაუდევია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოეწყოს სპეციალური სამეცნიერო კონფერენცია, რომლის თემაც პოლონური ეკონომიკური რეფორმა და მისი შემოქმედი, ამ ქვეყნის ყოფილი ვიცე-პრემიერი და ამჟამად ცენტრალური ბანკის თავმჯდომარე, ლეშეკ ბალცეროვიჩი იქნება. კონფერენციაზე ”ბალცეროვიჩის ჯგუფის” წევრების მონაწილეობაც იგეგმება. ისინი საზოგადოებას იმ რეკომენდაციებს გააცნობენ, რომელსაც ბალცეროვიჩი ექს-პრეზიდენტ შევარდნაძეს რამდენიმე წლის განმავლობაში აძლევდა და რომლის დიდი ნაწილი, სამწუხაროდ, მხოლოდ კეთილ რჩევებად დარჩა.
XS
SM
MD
LG