Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყურძნის ფასი - ქართველი მევენახეებისა და მეღვინეების განხეთქილების მიზეზი


მასალა, რომელიც ჩვენმა თბილისელმა თანამშრომელმა ჯიმშერ რეხვიაშვილმა მოამზადა, ერთ საჭირბოროტო საკითხს - მევენახეებისა და მეღვინეების ურთიერთობას - შეეხება.

მოგეხსენებათ, საქართველოს მთელ რიგ რაიონებში რთველი დაიწყო და ის ფერმერები თუ გლეხები, რომლებმაც, ჭირვეული ზაფხულის მიუხედავად, ვენახების გადარჩენა შეძლეს, წლის მოსავლის სარფიანად გაყიდვას ცდილობენ. დიამეტრულად განსხვავებული საზრუნავი აქვთ მეღვინეებს, რომლებიც კახეთის ზვრებში მოწეული ყურძნის, რაც შეიძლება, იაფად შესყიდვას ცდილობენ. ვინ და როგორ უნდა დაიცვას ბალანსი მევენახეებსა და მეღვინეებს შორის, რომ, შედეგად, არც ერთმა მხარემ - და, რაც მთავარია, ქვეყნის ეკონომიკამ - არ იზარალოს?

კახელი გლეხი ყურძნის კრეფას მაშინ იწყებს, როცა რქაწითელი ქარვისფრად აკიაფდება, როცა დაშაქრული ნაყოფი მაღალი შაქრიანობის გამო ყელს წვავს. თუმცა, საბოლოო ჯამში, ოფიციალურად რთველს მაინც ღვინის ქარხნები ხსნიან. სწორედ მათზეა დამოკიდებული ის, თუ როდის დაიწყება ამა თუ იმ რაიონში ყურძნის მასობრივი კრეფა. წელს თელაველმა მეღვინეებმა ყურძნის მიღების თარიღად 20 სექტემბერი დაასახელეს. გამოცხადდა ფასებიც. თელავის ღვინის ქარხანა 1 კილოგრამ რქაწითელს - 40-45 თეთრად, საფერავს კი 1 ლარად და 40 თეთრად იბარებს. ნაფარეულის საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ ფარადაშვილი მიიჩნევს, რომ ამგვარი ფასი ბევრი გლეხისათვის მისაღები იქნება:

[ნოდარ ფარადაშვილის ხმა] “ფასი დაადო, მისაღებია. თან ხო ნასეტყვი იყო აქეთ და ეს ხარისხიც ხომ თავისას შვება. 40 თეთრია, პლუს კიდევ შაქრიანობისა 10 პროცენტი. სადღაც გამოდის 44 თეთრი. რა თქმა უნდა, რაც მეტი იქნება ფასი, ჩვენ ის გვიხარია, მაგრამ საბანი როგორც გაგწვდება, ისე უნდა დაიფარო.” (სტილი დაცულია)

ქარხანა, რომელმაც ნაფარეულელთა მოსავალი უნდა ჩაიბაროს, ღვინის მწარმოებელ ქართულ კომპანია ჯი-ვი-ეს-ს ეკუთვნის. კომპანია, რომლის პროდუქციის 80 პროცენტი მსოფლიოს 22 ქვეყანაში გადის, საჭირო ყურძნის მარაგის 40 პროცენტს საკუთარ ზვრებში იწევს, დანარჩენს კი ფერმერებისა და გლეხებისაგან იბარებს. ჯი-ვი-ეს-ის გენერალური დირექტორის გია მშვიდობაძის თქმით, კომპანია წელს ორი ათას ხუთასი ტონა თეთრი და ათას სამასი ტონა წითელი ყურძნის შესყიდვას აპირებს. მშვიდობაძე დაწესებულ ფასს ზომიერს უწოდებს და აცხადებს:

[გიორგი მშვიდობაძის ხმა] “ჩვენ ვცდილობთ, რომ რაღაცნაირად მოტივაცია გავუკეთოთ გლეხს, მაგრამ იმაზე მეტის მიცემა, რასაც აზრი არა აქვს, ჩვენ არ შეგვიძლია. ჩვენ ხომ არ გავაკეთებთ იმას, რომ ბევრი მივცეთ, ვიზარალოთ და ჩვენც დავიღუპოთ და ის გლეხიც, მომავალ წელს რომ ვეღარ ვიყიდოთ.”

ცხადია, მევენახეობა და მეღვინეობა იმდენად არის ერთმანეთზე გადაჯაჭვული, რომ ერთი რომელიმე მხარის გაკოტრება მყისიერად აისახება მეორის საქმიანობაზე. მაგალითის მოსატანად შორს წასვლა არ არის საჭირო. თბილისში, ელბაქიძის დაღმართზე, მდებარე ღვინის ქარხანამ სწორედ იმ პერიოდში შეიცვალა პროფილი, როცა კახეთში ვაზის აჩეხა და, მის ნაცვლად, ერთწლიანი კულტურების დათესვა დაიწყეს. დღეს ქარხანაში, ღვინის ნაცვლად, მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრებს აწარმოებენ.

[დარაჯის ხმა] “ფანჯრებს ვაკეთებთ პლასტმასის, დაქირავებული გვაქვს, ბატონო!”

ხოლო იმას, თუ რა დაემართა ქარხანას, მთავარი მეღვინე ანზორ კვალიაშვილი განმარტავს:

[ანზორ კვალიაშვილის ხმა] “ეს ქარხანა თორმეტი წელიწადია არ მუშაობს. ეს ქარხანა არ არის დღევანდელ დღეს - ეს არის ფირმა, რომელიც მეღვინეობით არ არის დაკავებული. უბრალოდ, ველოდებით დაფინანსებას, რომ ქარხანა ისევ ავამუშაოთ.”

უნდა ჰქონდეთ თუ არა მეღვინეებსა და მევენახეებს სახელმწიფოს დახმარების იმედი?

ამ კითხვაზე სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვაზისა და ღვინის დეპარტამენტში დადებით პასუხს იძლევიან. როგორც ჩემთან საუბარში სამინისტროს წარმომადგენელმა არჩილ ჯაჭვაძემ განაცხადა, სახელმწიფო ბიუჯეტმა დარგის განვითარებისთვის - კერძოდ კი, ვენახების გაშენებასა და მისი ერთი წლით მოვლაზე - 700 ათასი ლარი გამოყო. გამოცხადდა ტენდერი.

[არჩილ ჯაჭვაძის ხმა] “აქ საუბარი არის ვაზის უნიკალური ჯიშის ვენახების გაშენებაზე. იმისათვის რომ მეღვინეობაში შეიქმნას სანედლეულე ბაზა, ხარისხოვანი ღვინოების წარმოებისათვის, ამისათვის გვჭირდება ისეთი შესაბამისი ჯიშები, საიდანაც მიიღება ხარისხიანი ღვინო და ღვინომასალები.” (სტილი დაცულია)

მანამდე კი, ანუ ვიდრე უნიკალური ჯიშების ახაშენი მოღონიერდება, ნუნუას მოყვარულებს ტრადიციული ქართული ღვინის დაგემოვნება შეუძლიათ. არჩევანი დიდია: ყველაზე იაფი ჩამოსასხმელი კარდენახული ორი ლარი ღირს, ყველაზე ძვირი ჯი-ვი-ეს-ის ხვანჭკარა კი - 22 ლარი.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG