Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო საერთაშორისო ორგანიზაციების მიმართ არსებული დავალიანების გამო უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, საწევრო გადასახადის გადაუხდელობის მიზეზით, საქართველოსათვის ხმის უფლების შეჩერების გამო

ატეხილმა სკანდალმა საზოგადოებას სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიმართ არსებული დავალიანებების თემა შეახსენა. მიუხედავად იმისა, რომ წელს, საგადასახადო შემოსავლების ზრდის პარალელურად, სახელმწიფო ბიუჯეტმა საწევრო გადასახადებისა და დიპლომატიური კორპუსის მიმართ არსებულ დავალიანებათა ნაწილი პირნათლად გაისტუმრა, დასაფარი თანხა მაინც სოლიდურია, რის გამოც, გაეროს მსგავსად, შესაძლოა, სხვა ავტორიტეტულმა ორგანიზაციებმაც ხმის უფლება ან ქვეყნისათვის არსებული კვოტები ჩამოგვართვას. მინდა გესაუბროთ საერთაშორისო ორგანიზაციების მიმართ არსებული ფინანსური ვალდებულებების შესახებ.

საქართველოს საგარეო ვალდებულებებს შორის არის დავალიანება, რომელიც სხვადასხვა დროს ქვეყანას საერთაშორისო თუ რეგიონალურ ორგანიზაციებში გაწევრიანებისა და შესაბამისი საწევრო გადასახადის გადაუხდელობის გამო დაუგროვდა. ამ ტიპის ვალდებულებების მოცულობა წლის დასაწყისში დაახლოებით 30 მილიონი აშშ დოლარი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ეს თანხა საკმაოდ მწირია, საერთო საგარეო ვალთან შედარებით, ქვეყანას მის გასტუმრებაში მაინც პრობლემა ექმნება, რაც გარკვეულ უხერხულობასთან ერთად ამ ორგანიზაციებიდან გარიცხვის ან კუთვნილი წილის შემცირების საშიშროებასაც ქმნის.

წელს, საბიუჯეტო შემოსავლების მატების კვალობაზე, სახელმწიფომ შეძლო თავისი საწევრო დავალიანებების ნაწილის გასტუმრება; ასევე დაფარულ იქნა დიპლომატიური კორპუსის ხარჯები. იმავე გაეროსათვის 800 ათას აშშ დოლარამდე გრაფიკით გათვალისწინებული თანხა უკვე გადარიცხულია. ამ მხრივ, გასულ წელს, მართლაც, გაცილებით უარესი მდგომარეობა იყო. 2003 წლის ბიუჯეტით, საწევრო გადასახადების გასასტუმრებლად მილიონ- ნახევარი ლარი იყო გათვალისწინებული, თუმცა, საბოლოოდ, დაახლოებით 200 ათასი ლარის გადახდა მოხერხდა. წელს კი ბიუჯეტმა ამ დავალიანებებზე საქართველოსათვის რეკორდული თანხა, 3 მლნ. აშშ დოლარი, დახარჯა. შესაძლოა, სწორედ ამით იყო გამოწვეული საკანონმდებლო ხელისუფლების უმაღლეს პირთა გულისწყრომა და პრეტენზიები საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართ, რომელმაც, თანხის ნაწილის გადახდის მიუხედავად, ვერ შეძლო იმის უზრუნველყოფა, რომ გაერო-ში საქართველოს ხმის უფლება არ შესჩერებოდა. ამ კუთხით პირველი პრეტენზიები პარლამენტის სპიკერის ნინო ბურჯანაძის მხრიდან გაისმა:

[ნინო ბურჯანაძის ხმა] ”წლების განმავლობაში გროვდებოდა ეს პრობლემა, მაგრამ, ბუნებრივია, ჩვენი აღშფოთება გამოიწვია იმ გარემოებამ, რომ არ იქნა მიღებული სამინისტროს მხრიდან საგანგებო ზომები იმისათვის, რომ, როგორც მინიმუმ, თხოვნით მიგვემართა გაეროსათვის, რომ არ შეწყვეტილიყო ჩვენი ხმის უფლება, ან გაგვეცხადებინა სურვილი, რომ შემდგარიყო ჩვენი დავალიანებების გადახდის გრაფიკი, რათა არ აღმოვჩენილიყავით ასეთ უხერხულ სიტუაციაში. ”

გაეროს გარდა, საქართველოს მევალეთა ”კოჰორტაში” სხვა ავტორიტეტული ორგანიზაციებიც არიან, თუმცა არიან ისეთი ორგანიზაციებიც, რომელთა წევრობა და, შესაბამისად, საწევრო გადასახადის კისრად ღება დიდი შედეგის მომცემი არ არის და სიმბოლურ ხასიათს ატარებს. მათ მიმართ დამოკიდებულება, ექსპერტების აზრით, უნდა გადაიხედოს. ამ კუთხით, შესაძლებელია ან ამ ორგანიზაციების წევრობაზე, დროებით მაინც, უარის თქმა, ან წილობრივი კვოტის შემცირება და გამოთავისუფლებული თანხის უფრო ავტორიტეტულ ორგანიზაციებზე გადანაწილება. საქართველომ, რომელსაც შესაძლებლობა არ გააჩნია ყველა ვალდებულება იტვირთოს, უნდა განსაზღვროს ეს პრიორიტეტები, რათა სამომავლოდაც უხერხულ მდგომარეობაში არ აღმოჩნდეს.
XS
SM
MD
LG