Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინგლისის მთავრობა და “ბრიტანეთის საბჭო” ქართველი დეპუტატების განათლებაზე ზრუნავენ


მითი იმის შესახებ, რომ კომპიუტერისა და ინგლისური ენის კვალიფიციური ცოდნის გარეშე, თბილისში ხეირიან სამსახურს ვერ იშოვი, საქართველოს პარლამენტში

დაიმსხვრა. თავად განსაჯეთ: თურმე საკანონმდებლო ორგანოში ბევრი დეპუტატი შექსპირის მშობლიური ენის ცოდნის გარეშეც კარგად ახერხებს კანონშემოქმედებით მოღვაწეობას. თუმცა, ამის მიუხედავად, ქართველი დეპუტატების მნიშვნელოვანი ნაწილი, როგორც ირკვევა, უცხო ენის უცოდინრობას მაინც დიდ ნაკლად მიიჩნევს და მის აღმოსაფხვრელად სათანადო ნაბიჯებსაც დგამს. ვიდრე იმას შეიტყობდეთ, თუ რაზეა ლაპარაკი, მხოლოდ ერთს გეტყვით: ქართველ დეპუტატთა შორის ინგლისური წერა-კითხვის გავრცელების კეთილშობილური მისიის შესრულება, ინგლისის მთავრობის დაფინანსებით, “ბრიტანეთის საბჭომ” იკისრა.

[ქალბატონის ხმა] “ბატონი გია ნაცვლიშვილი, ბატონი ზაზა მალანია, ბატონი გიორგი გეგელაშვილი, ბატონი გრიგოლ მატარაძე, ბატონი თამაზ ჯორბენაძე, ბატონი ვასილ მაღლაფერიძე და ბატონი ლევან გლუჩიძე…”

ჩვენ ყველანი, მათ შორის, საქართველოს პარლამენტის ეს დეპუტუტებიც, ბავშვობიდან მოვდივართ. ბავშვობაში კი დღენიადაგ შეგვახსენებდნენ პროლეტარიატის დიდი ბელადის ანდერძს: სწავლა, სწავლა და სწავლაო. თუმცა სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ სწავლისკენ მარტო რევოლუციის ბელადები როდი მოგვიწოდებდნენ. თუნდაც “სწავლა სიბერემდეო” რად ღირს. როგორც ჩანს, საქართველოს პარლამენტის წევრებმაც ამ უკანასკნელი შეგონებით ისარგებლეს და არცთუ საყმაწვილო ასაკში ინგლისური ენის საფუძვლიანი შესწავლა გადაწყვიტეს. იდეა, როგორც ჩემთან საუბარში დეპუტატი ნინო ნაკაშიძე ამბობს, პარლამენტის თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს ეკუთვნის, მისი ხორცშესხმა კი, ინგლისის მთავრობის დაფინანსებით, “ბრიტანეთის საბჭომ” ივალდებულა.

[ნინო ნაკაშიძის ხმა] “ჩაეწერა სადღაც 52 კაცი. მოხდა მათი განაწილება დონეების მიხედვით. დღეს არის პირველი შეხვედრა მასწავლებლებთან და შემდეგი კვირიდან ვიწყებთ უკვე მეცადინეობას. თვითონ კურსი არის გათვლილი ექვს თვეზე, იწყება ოქტომბერში და დასრულდება სადღაც მარტში.”

“ბრიტანეთის საბჭოში” კი აცხადებენ, რომ თუ კურსი წარმატებული იქნება, დეპუტატებს სამომავლოდ სწავლის გაგრძელების საშუალება მიეცემათ. მოტივაციის გასაზრდელად საბჭო პარლამენტის წევრებთან სპეციალური კონტრაქტების გაფორმებასაც კი აპირებს:

[რუსიკო ტყემალაძის ხმა] “თითოეული მონაწილე მოაწერს ამ კონტრაქტს ხელს, სადაც არის მათი და ჩვენი უფლება-მოვალეობები და იქ ერთი ასეთი პუნქტია: თუ ხშირად გააცდენს, ვერ მოახერხებს მეცადინეობას და პროგრესი არ იქნება, მაშინ ის გაირიცხება კურსებიდან, ანუ აღარ ექნება საშუალება გააგრძელოს სწავლა. რა თქმა უნდა, ეს არასერიოზული, საშინაო კონტრაქტია, მაგრამ მაინც გვინდა, რომ ამას სერიოზულად შეხედოს თითოეულმა მონაწილემ.”

ეს ბრიტანეთის საბჭოს ინგლისური ენის პროექტების მენეჯერი რუსიკო ტყემალაძე იყო. მის ნათქვამს კი დეპუტატი ვასილ მაღლაფერიძე ეხმიანება. პარლამენტარი პირობას იძლევა, რომ საპატიო მიზეზის გარეშე ინგლისური ენის გაკვეთილს არ გააცდენს:

[ვასილ მაღლაფერიძის ხმა] “ეს მაქსიმალურად ჩვენს ინტერესებშია. სავალდებულო კი არ არის. ცხადია, არ გავაცდენთ, თუ რამე განსაკუთრებული არ მოხდა.”

ინგლისური ენის შესწავლის მოსურნე დეპუტატთა შორის არის ლევან ბერძენიშვილიც. თუმცა, როგორც ირკვევა, ეროვნული ბიბლიოთეკის ყოფილი დირექტორი, ძველბერძნულის გარდა, ინგლისურსაც საკმაოდ კარგად ფლობს. კურსებზე სიარული კი მან შემდეგი მოსაზრების გამო გადაწყვიტა:

[ლევან ბერძენიშვილის ხმა] “მე თამამად ვლაპარაკობ ინგლისურად, მაგრამ ყოველთვის ვიცოდი, რომ ხარვეზები მაქვს და რადგან არის ბრიტანეთის საბჭოს სურვილი, უხერხულიც კი არის ქედმაღლურად ვთქვა, არ მჭირდება-მეთქი. მჭირდება ნამდვილად და ვისარგებლებ ამით!”

ოფიციალური მონაცემებით, ენის შესწავლისა და დახვეწის სურვილი, ჯამში, 52 დეპუტატმა გამოთქვა. მათ შორის არ არის პარლამენტარი ელენე თევდორაძე და, აი, რატომ:

[ელენე თევდორაძის ხმა] “შეიძლება ძალიან მერკანტილური მიზეზია. ეს არის პოლიტიკაში ჩემი ყოფნის ბოლო ოთხი წელიწადი და ჩავთვალე, რომ რაც ვიცი, ისიც საკმარისია.”

დაბოლოს. “ბრიტანეთის საბჭომ” ქართველ დეპუტატებს პედაგოგებიც საგანგებოდ, კონკურსის წესით, შეურჩია. 4 ოქტომბრიდან დამწყებ ჯგუფს ადგილობრივი პედაგოგი, ხოლო შედარებით ძლიერ ჯგუფს ინგლისიდან მოწვეული სპეციალისტი ამეცადინებს. მთავარია, ქართველმა დეპუტატებმა პროფესიულ სენს სძლიონ და კვორუმთან, ანუ დასწრებასთან, დაკავშირებით პრობლემები არ შექმნან.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG