Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ ზრუნავდნენ ავღანეთში საპრეზიდენტო არჩევნების უსაფრთხოებაზე


შაბათს ავღანეთში გაიმართა საპრეზიდენტო არჩევნები, რომელთა პირველი შედეგების შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღეში, კვირის მიწურულს არის მოსალოდნელი. მანამდე კი განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს

თვით კენჭისყრის პროცესი - მაგალითად, უშიშროების ზომები, რომელთა მეშვეობით თავიდან იქნა აცილებული რამდენიმე მსხვილი ტერაქტი. ამ თემას ეძღვნება ქაბულში ჩვენი კორესპონდენტის რონალდ სინოვიცის რეპორტაჟი, რომლის შინაარსსაც ახლა გაგაცნობთ.

თალიბანმა ვერ შეასრულა თავისი მუქარა, მასიური ტერაქტები მოეწყო ავღანეთში საპრეზიდენტო არჩევნების დღეს: ამერიკელი ოფიციალური პირების ინფორმაციით, უშიშროების მკაცრი ზომებით თავიდან იქნა აცილებული მსხვილი თავდასხმები სამხრეთის პროვინციებში, მათ შორის ყანდაარში. იქ მეამბოხეებმა კენჭისყრის წინა დღეს დიდი სატვირთო ავტომანქანით სცადეს ქალაქში ასაფეთქებელი მოწყობილობების შეტანა.

[სემ ჯონსონის ხმა] “სავსებით ცხადი იყო: ეს 5000-გალონიანი ტანკერი, რომელიც ყანდაარის აღმოსავლეთ შესასვლელში გააჩერეს ავღანეთის ეროვნული არმიის წევრებმა, ქალაქში რომ შესულიყო და აფეთქებულიყო, ძალიან დიდ რაღაც მოხდებოდა. საბედნიეროდ, უშიშროებამ კარგად იმუშავა. ავღანეთის ეროვნული არმია სწორედ მოქმედებდა, აკეთებდა იმას, რაც საჭირო იყო”, ამბობს ამერიკელი პოლკოვნიკი სემ ჯონსონი, რომელიც ავღანეთში საერთაშორისო ანტიტერორისტულ კოალიციაში კომუნიკაციის სტრატეგიას ხელმძღვანელობს.

ჯონსონმა ჩვენს კორესპონდენტთან საუბარში ავღანეთის ეროვნული არმიის გარდა ავღანეთის ეროვნული პოლიციაც შეაქო: [სემ ჯონსონის ხმა] “ჩვენთვის, გარკვეულწილ, მოულოდნელიც კი იყო, რომ არჩევნების დღეს რაიმე მსხვილი თავდასხმა არ განხორციელებულა. მაგრამ, მეორე მხრივ, ეს, მოულოდნელი არ უნდა ყოფილიყო ავღანეთის ეროვნული არმიისა და პოლიციის დიდი წარმატების ფონზე. მათ კარგად იზრუნეს უშიშროების ზომებზე მთელს ავღანეთში და, ისიც უნდა გითხრათ, უმთავრესად ხალხის დახმარებით, რომელიც ემხრობოდა ამ არჩევნებს. პირდაპირ, გაოცებული ვიყავით, იმდენი ადამიანი მოდიოდა და გვეუბნებოდა - ვიცით და გაჩვენებთ, სად არის 107-მილიმეტრიანი რაკეტები; ვიცით, სად არის ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობები; ვიცით, სად არის სახმელეთო ნაღმები”.

ჩვენი კორესპონდენტი საერთაშორისო კოალიციის კიდევ ერთ წარმომადგენელს გამოელაპარაკა - კერძოდ, პრეს-მდივანს, მაიორ სკოტ ნელსონს იმის გასარკვევად, თუ რა როლი შეასრულა უშიშროების უზრუნველყოფაში თვით კოალიციამ, ანუ ავღანეთში განთავსებულმა უცხოელმა ჯარსიკაცებმა. კოალიციის პრეს-მდივანი პასუხობს: [სკოტ ნელსონის ხმა] “ძალიან გავაქტიურდით კოალიციური ძალების მოწინააღმდეგეებთან ბრძოლის, მათი შეპყრობის მხრივ. მაგალითად, სამხრეთში მდებარე სპინ ბოლდაკში საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ჩავატარეთ მსხვილი ოპერაცია და შევიპყარით 10 მეამბოხე. რამდენიმე მეამბოხე მოკლულ იქნა პაკისტანიდან საზღვარზე გადმოსვლის მცდელობისას და, საერთოდ, სასაზღვრო რაიონებში”. ასე მოხდა, რომ ავღანეთში საპრეზიდენტო არჩევნების დღეს მხოლოდ მცირემასშტაბიანი თავდასხმები აღირიცხა - ეს იყო ტანკსაწინააღმდეგო ნაღმების აფეთქება, ან შეიარაღებული პირების მცდელობა, გაერღვიათ თავდაცვა უშიშროების მიზნით აღმართულ საგუშაგოებზე.

ყოველივე ეს კი დღესაც, არჩევნებიდან რამდენიმე დღეშიც საყურადღებოა იმის გამო, რომ თავდასხმები ავღანეთში არც საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ შეწყვეტილა და, შესაბამისად, უნდა გაგრძელდეს უშიშროებაზე ზრუნვაც. [მაჰმუდ ამირის ხმა] “ჰეზბ-ი-ისლამის, ალ ყაიდის ან თალიბანის მეომრები ცდილობენ, არჩევნების შემდეგ სიტუაციის არევას - მაგრამ ამაოდ. ჩვენ ხალხს დავპირდით, რომ ვეცდებით ავღანეთში მთელი საარჩევნო პროცესის წარმატების უზრუნველყოფას. კენჭისყრამ წარმატებით ჩაიარა. ახლა თავდამსხმელებს, რაც შეიძლება მალე შევიპყრობთ და გავასამართლებთ”. ასე ოპტიმისტურად არის განწყობილი ავღანეთში “სწრაფი რეაგირების ჯარის” სარდალი მაჰმუდ ამირი, რომელსაც ქაბულში ჩვენი კორესპონდენტი, რონ სინოვიცი ესაუბრა.
XS
SM
MD
LG