Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა ბედი ელით თბილისში მცხოვრებ დევნილებს?


საინფორმაციო საშუალებების წყალობით, საზოგადოება კარგად არის ინფორმირებული იმის თაობაზე, თუ რა პირობით გამოასახლეს დევნილები თბილისის ცენტრში მდებარე სასტუმრო “ივერიიდან”.

ასევე ზედმიწევნით დეტალურად შუქდება სასტუმრო “აჭარიდან” დევნილთა გამოსახლების პროცესი, რომელიც, სავარაუდოდ, 30 ნოემბრისთვის უნდა დასრულდეს. მაგრამ თბილისში დევნილები მარტო ამ ორ სასტუმროში როდი ცხოვრობენ. 2004 წლის მონაცემებით, საქართველოს დედაქალაქში აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთის ყოფილი ავტონომიური ოლქის ტერიტორიიდან დევნილი 91 ათასი ადამიანი ცხოვრობს და მათი უმეტესობა ავარიულსა თუ უიმედოდ ამორტიზებულ შენობებს აფარებს თავს. რა ბედი ელით დევნილებს, უნდა ჰქონდეთ თუ არა მათ, “ივერიიდან” გამოსახლებული დევნილების მსგავსად, კომპენსაციის მიღების იმედი?

იმ დევნილებს, რომლებიც სასტუმრო “აჭარაში” ცხოვრობენ, შეიძლება ითქვას, გაუმართლათ: ყოველ გამოთავისუფლებულ ოთახზე ისინი, კომპენსაციის სახით, 7 ათას დოლარს მიიღებენ. თუმცა, როგორც თბილისის მერიის წარმომადგენელი მანუჩარ ახალაია აცხადებს, ამის მიუხედავად, დევნილთა მნიშვნელოვანი ნაწილი შენობის დატოვების წინააღმდეგია:

[მანუჩარ ახალაიას ხმა] “განწყობას რაც შეეხება, ვერ გეტყვით, რომ ძალიან იდეალური აქვთ… სხვადასხვაგვარი… არის ხალხი, რომელთაც წინადადება მოსწონთ, ნუ, როგორც ეს “ივერიის” შემთხვევაში იყო… არის ხალხი, რომელთაც არ უნდათ და თვლიან, რომ 7 ათასი პატარა თანხაა და ასე შემდეგ. ერთი სიტყვით, ისეთიც არის და ასეთიც…” (სტილი დაცულია)

და მართლაც, ადამიანები, რომლებსაც მე სასტუმრო “აჭარაში” ველაპარაკე, საკუთარ პოზიციას საკმაოდ აგრესიულად გამოხატავდნენ.

[დევნილი ქალბატონის ხმა] “ჩვენთვის აფხაზებს არ გაუკეთებიათ ის, რასაც ესენი გვიკეთებენ. ცოდვები არ ვართ? სად წავიდეთ, 7 ათას დოლარად რას იყიდი, მითხარი? საკუჭნაოს ვერ იყიდი და საღორეს ვერ იყიდი, იქ შევიდეთ? ზღვისპირას ვცხოვრობდი, აი, ასე ვდუღდი და გადავდუღდი.”

მაგრამ დევნილები, “აჭარის” გარდა, სხვა შენობებშიც ცხოვრობენ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა და განსახლების მინისტრის ნინო თოდუას თქმით, საქართველოში რეგისტრირებული 252 ათასი დევნილიდან 91 ათასი თბილისში ცხოვრობს და მათი უმეტესობა კომპაქტურად 440 ობიექტში არის შესახლებული:

[ნინო თოდუას ხმა] “სარეაბილიტაციო სამუშაოები ნაწილობრივ თუ ჩატარდა ამა თუ იმ ობიექტში საერთაშორისო ორგანიზაციების მეშვეობით, თუ არადა, მათზე არანაირი ყურადღება არ გამახვილებულა და ყველგან დაზიანებულია კანალიზაცია, ელექტროგაყვანილობა და პრობლემაა სახურავი. აწვიმთ.”

დაახლოებით ამგვარი სურათი დამხვდა მე რკინიგზის სადგურის წინ მდებარე სასტუმრო “კოლხეთში”, სადაც პირველი დევნილები ჯერ კიდევ 14 წლის წინ გამოჩნდნენ. ეკა დათაშვილი ერთ-ერთი მათგანია.

[ეკა დათაშვილის ხმა] “პირობები? აი, ახედეთ კედელს! ყველა ოთახში წყალი ჩამოდის. კედელს ხელს რომ მოუსვამთ, აბსოლუტურად არის სველი. ყირავდება ოფიციალურად სასტუმრო, ყოველდღე იწევს იქით. ეს სასტუმრო, ერთი-ორი წელი და, აღარ გაჩერდება. შეგიძლიათ გარედან მოუსვათ ხელი და დარწმუნდებით, რომ წყალი სდის. ყველა ოთახი არის დაზიანებული, რემონტს აზრი არ აქვს. ყველაფერი იშლება.” (სტილი დაცულია)

სასტუმრო “კოლხეთში” სულ 330 დევნილი ცხოვრობს. ამათგან უმეტესობა სამაჩაბლოდანაა გამოსული. ქალბატონი თამარი, რომელსაც მე ვესაუბრე, წარმოშობით ცხინვალიდანაა, თუმცა იქ მას დასაბრუნებელი აღარა აქვს.

[ქალბატონის ხმა] “ცხინვალში ვცხოვრობდი, ტელმანის ქუჩაზე, ნომერ 65-ში. კედლებიც კი აღარ არის, სულ დაწვეს. მე თვითონ ვიყავი და მე თვითონ ვნახე, რომ ჩემი სახლი აღარ არის, აღარც კედლები და აღარც არაფერი.”

ქალბატონი თამარი ხუთსულიან ოჯახთან ერთად ერთოთახიან ნომერში ცხოვრობს. დაახლოებით იმავე მდგომარეობაში იმყოფებიან სხვა დევნილებიც, მათ შორის, სოხუმელი ქალბატონები - თინათინ მაისაია და მერი დავითაია. ერთადერთი, რის გამოც მათ სასტუმროს დატოვება ეძნელებათ, ეს სავაჭრო წერტილია, რომელიც მათი ოჯახის შემოსავლის ერთადერთ წყაროს წარმოადგენს:

[ქალბატონის ხმა] “ბოდიში და ტუალეტის ქაღალდითა და ნათურების განაყიდი ფულით ვცხოვრობთ 11 წელია, ადგილი გვაქვს სასტუმროს ქვემოთ. მერე ვიცით, რომ სასტუმროს როცა დავცლით, იქ სამუშაო გვეკარგება. მერე რითი უნდა ვიცხოვროთ, ეს უკვე არ ვიცი.”(სტილი დაცულია)

თუმცა, ამის მიუხედავად, დევნილები მზად არიან, ფულადი კომპენსაციის სანაცვლოდ, სასტუმროს ავარიული შენობა დატოვონ. ბატონი რობინზონიც სოხუმელია.

[მამაკაცის ხმა] “თანახმა ვიქნებით, იმ 7 ათას დოლარს თუ მოგვცემენ. მთლად რომ გამიშვან, რა უნდა ვქნა? ვერაფერს ვერ ვიზამ! ვიყვირებ, ვიჭყივლებ და მორჩა!”

მაგრამ საქმე ის არის, რომ კომპენსაციის მისაღებად მარტო სურვილი არ კმარა. ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა და განსახლების მინისტრი ნინო თოდუა განმარტავს, რომ “ივერიიდან” დევნილთა გამოსახლება სახელმწიფო პროგრამით არ განხორციელებულა.

[ნინო თოდუას ხმა] “თუ ვინმე იქნება ინვესტორი, რომელიც გამოთქვამს სურვილს ამა თუ იმ ობიექტის შესყიდვისა, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება ვილაპარაკოთ ჩვენ ამასთან დაკავშირებით. თუ არადა, სახელმწიფო პროგრამით, რომ სახელმწიფომ რაღაცა შეისყიდოს, ეს ასე არ არის.”

ასე რომ, სამწუხაროა, მაგრამ ინვესტორის გამოჩენამდე ავარიულ შენობებში მცხოვრებ დევნილებს კვლავინდებურად 14 ლარიანი შემწეობისა და საკუთარი მარიფათის იმედად მოუწევთ ყოფნა.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG