Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა ნიშნით აკომპლექტებენ საპარლამენტო დელეგაციებს


საქართველოს პარლამენტის წევრობა, კანონების წერის გარდა, მაღალ - 1500-ლარიან - ხელფასსა და საზღვარგარეთ მივლინებებში სიარულსაც გულისხმობს. მეტიც:

როგორც ჩანს, სწორედ ეს უკანასკნელი ფაქტორი, ანუ მივლინებებში სიარულია დეპუტატებისთვის ყველაზე მიმზიდველი. ყოველ შემთხვევაში, დელეგაციების შემადგენლობის დამტკიცებას, როგორც წესი, საკანონმდებლო ორგანოში დიდი ხმაური და ვნებათაღელვა ახლავს ხოლმე. ვინ და რა ნიშნით აკომპლექტებს საპარლამენტო დელაგაციების შემადგენლობას?

ბოლო მოწვევის საქართველოს პარლამენტს, ისევე როგორც ყველა წინამორბედს, მუშაობაში დეპუტატთა სიზარმაცე უშლის ხელს. პარლამენტართა უმეტესობა სესიებზე არ დადის, რის გამოც ვერ გროვდება კვორუმი და ვერ ხერხდება დანიშნულ დროს სხდომების დაწყება. თუმცა პარლამენტის სხდომათა დარბაზში დიამეტრულად განსხვავებული ვითარებაა იმ დღეებში, როცა დეპუტატები საზღვარგარეთ მიმავალი საპარლამენტო დელეგაციების შემადგენლობას განიხილავენ. ამ დროს უმრავლესობის მორჩილი და უტყვი დეპუტატებიც კი აქტიურობენ და საკუთარი გვარის გასამგზავრებელთა სიაში შეტანას ითხოვენ.

[დავით ბერძენიშვილის ხმა] “ეს არის არასერიოზული დამოკიდებულება. იქ დასასვენებელი არაფერია, იქ არის სერიოზული სამუშაო და საქართველოს პარლამენტს მოეთხოვებოდა კვალიფიციური შემადგენლობა გაეგზავნა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რა შედეგებით დასრულდება უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნები.”

ეს იყო რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი და საქართველოს პარლამენტის წევრი დავით ბერძენიშვილი, რომლის თქმითაც, იმის გამო, რომ საპარლამენტო უმრავლესობის ზოგიერთ წევრს ოდესასა და კიევში გასეირნება მოუნდა, ის და დეპუტატი თემურ ნერგაძე იმ საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობიდან გამოიყვანეს, რომლის წევრებიც უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნებზე მეთვალყურეებად არიან მიწვეულნი. ბერძენიშვილის თქმით, დელაგაციიდან მათი გამოყვანა ერთადერთი მიზეზით - ოპოზიციაში ყოფნის გამო მოხდა. თუმცა ამ მოსაზრებას არ იზიარებს უმრავლესობის წევრი კოტე გაბაშვილი, რომელიც მომხდარს ტექნიკური გაუგებრობით ხსნის:

[კოტე გაბაშვილის ხმა] “შეიძლება იქ ვიღაც კლერკმა ნახა, რომ უმრავლესობის მიერ წამოყენებულ სიაში ეწერა დათო და გაახსენდა, რომ აღარ არის და ამოიღო სიიდან არა პოლიტიკური გადაწყვეტილების გამო, არამედ ტექნიკურად. მაგრამ მერე ეს საკითხი რომ დადგა, ქალბატონმა ნინომ დაუძახა და უთხრა, უნდა წახვიდეო.”

მაგრამ, დეპუტატ კახა კუკავას განცხადებით, საქმე სულ ასე მარტივადაც არ არის. მისი თქმით, კომისიების დაკომპლექტების წესს პარლამენტის რეგლამენტი უნდა განსაზღვრავდეს და არა აპარატის რომელიმე თანამშრომელი ან საპარლამენტო უმრავლესობის ესა თუ ის ლიდერი. დეპუტატი კუკავა, როგორც ჩანს, “დაუწერელ კანონებთან” შეგუებას არ აპირებს:

[კახა კუკავას ხმა] “მომავალ კვირას იქნება საკომიტეტო განხილვა, საპარლამენტო დელეგაციების შემადგენლობა უნდა გადაისინჯოს და თუ უმრავლესობა უარს იტყვის, რომ ყველაფერი ეს მოყვანილი იყოს კანონთან შესაბამისობაში , მაშინ ჩვენ აუცილებლად მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს, იმიტომ რომ ყველა დელეგაცია, რომელიც არის შექმნილი საქართველოს პარლამენტის მიერ, არის უკანონო, იმიტომ რომ დარღვეული არის ის წესი, რომელიც არის დადგენილი, ანუ: დელეგაციები (პირდაპირ წერია რეგლამენტში) ყალიბდება იმავე წესით, რა წესითაც კომიტეტები, ანუ პროპორციული წარმომადგენლობის საფუძველზე.”(სტილი დაცულია)

დეპუტატის თქმით, ხშირ შემთხვევაში საპარლამენტო დელეგაციებს უმრავლესობის ლიდერები უცხო ენების ცოდნის მიხედვით აკომპლექტებენ, რაც, სხვა თუ არაფერი, კანონის უხეში დარღვევაა, რადგანაც ენების ცოდნის თაობაზე პარლამენტის რეგლამენტში გაკვრითაც კი არაფერია ნათქვამი.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG