Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრემიერ-მინისტრი ამნისტიის შესახებ კანონპროექტის სადავო დებულებას აზუსტებს


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი პრემიერ-მინისტრი ცდილობს ოდნავ მაინც გაანელოს გასულ კვირას ფინანსური ამნისტიის კანონპროექტის ირგვლივ ატეხილი ხმაური და მთავრობის სხდომაზე განცხადებას აკეთებს.

ის მნიშვნელოვნად აზუსტებს ყველაზე სადავო – სამოხელეო დანაშაულის პატიების - თემას და ამით ახერხებს დააკმაყოფილოს არასამთავრობოთა ნაწილის პრეტენზიები. თუმცა ”იურიდიული ომი” ბოლომდე ამოწურული არ არის. რა კორექტივი შეიძლება შევიდეს პრეზიდენტის მიერ ინიცირებულ საკანონმდებლო აქტში?

პრეზიდენტის საკანონმდებლო ინიციატივით პარლამენტში შესულ საგადასახადო და ფინანსური ამნისტიის შესახებ კანონპროექტს გასულ კვირას ხმაურიანი დებატები მოჰყვა. პროექტის მიმართ თავის პრეტენზიებს გამოთქვამდა როგორც ოპოზიცია, ისე საპარლამენტო უმრავლესობა. განსაკუთრებულ წინააღმდეგობას კი ამნისტიის წარმოდგენილი ფორმით დამტკიცებას არასამთავრობო სექტორი უწევდა.

არასამთავრობოებს, კერძოდ კი, ”თავისუფლების ინსტიტუტს” პროექტში არ მოსწონს ის, რომ იგი ზედმეტად შემწყნარებლურია იმ მაღალი რანგის ჩინოვნიკების მიმართ, ვინც წინა რეჟიმის პირობებში კორუფციული გარიგებების ჩამოყალიბებას უწყობდა ხელს და ამ გზით დიდძალი ქონება დააგროვა. ამ პოზიციას იზიარებს იურისტი დავით უსუფაშვილიც, რომელიც ტოტალური შეწყალების წინააღმდეგია:

[დავით უსუფაშვილის ხმა] „გასული ათწლეულის განმავლობაში ძალიან ბევრმა ჩინოვნიკმა იშოვა ძალიან ბევრი ფული სწორედ ამ მაქინაციების შედეგად - ეს იქნებოდა პრივატიზაცია, გადასახადების დამალვა თუ სხვადასხვა საკითხები. ცხადია, ჩვენ არ უნდა გვქონდეს იმის ილუზია, რომ ყველას ყველაფერს მოვკითხავთ, მაგრამ სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს მკაფიო პოლიტიკა, რათა სამართლიანობის პრინციპი არ დაირღვეს. მე ფინანსურ, საგადასახადო ამნისტიას მივესალმები, მაგრამ არა იმ ფორმით, როდესაც ნებისმიერ ქურდს შერჩება ყველაფერი, რაც 2004 წლის 1 იანვრამდე მოუპარავს.“

ამ დისკუსიების განელება მიმდინარე კვირას სცადა პრემიერმა ჟვანიამ, რომელმაც მთავრობის სხდომაზე ამნისტიის შესახებ კანონპროექტის სადავო საკითხი დააზუსტა:

[ზურაბ ჟვანიას ხმა] „ყველას უნდა ნათლად განვუმარტო, რომ არც ერთი დებულება ამნისტიის კანონისა არ გულისხმობს იმას, რომ სამოხელეო დანაშაულზე პასუხი აღარ მოეთხოვება უმაღლესი რანგის თანამდებობის პირებს.”

ამ განცხადების შემდეგ, წესით, ვნებათაღელვა საპარლამენტო განხილვების დროს უნდა დაცხრეს, თუმცა საგულისხმოა ის დეტალიც, რომ, პრემიერის თქმით, სამოხელეო დანაშაულის დასჯადობას სხვა კანონი არეგულირებს და არა ის პროექტი, რომელიც პარლამენტმა, პრეზიდენტის თხოვნით, ფორსირებული წესით უნდა მიიღოს. ამდენად, კანონპროექტის იურიდიულ ფორმულირებებთან დაკავშირებით, რომელშიც არაერთი კაზუსია დაფიქსირებული, პრეტენზიები მოხსნილი არ არის. თუ ამას დავუმატებთ ოპოზიციის მოთხოვნასაც, რომელიც, პირიქით, ამნისტიის იმ პირებზე გავრცელებას გულისხმობს, რომელთა მიმართაც ამჟამად სისხლის სამართლებრივი დევნა მიმდინარეობს, უნდა ვივარაუდოთ, რომ პრეზიდენტის ინიციატივის მიმართ შენიშვნები ჯერ კიდევ მრავლად არის დარჩენილი.
XS
SM
MD
LG