Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შემოდგომა, როგორც რევოლუციების ხანა


როგორც წესი, ნებისმიერ რევოლუციას ადამიანთა უდიდესი ნაწილი ისტორიის საკმაოდ დრამატულ მომენტად აღიქვამს. ეს მით უმეტეს შეეხება 1917 წლის ოქტომბრის

სოციალისტურ რევოლუციას, რომლის შემდგომი წლები გაცილებით ტრაგიკული აღმოჩნდა, ვიდრე უშუალოდ რევოლუციის დღე.
უკვე რამდენიმე წელია ყოველი 7 ნოემბრის დილა საქართველოში რევოლუციის მორიგი წლისთავისადმი მიძღვნილი აღლუმით აღარ იწყება, 90-იან წლებში დაბადებულებმა კი უკვე აღარც იციან, თუ რას აღნიშნავდა ქვეყანა ამ დღეს.


[საშვიდნოემბრო აღლუმის ტრანსლაციის ფრაგმენტი]

წლევანდელი 7 ნოემბერი კალენდარზე წითლადაა აღნიშნული მხოლოდ იმიტომ, რომ კვირა დღეა.
ხმები, რომელიც მოისმინეთ, გასული საუკუნის 70-იანი წლების კუთვნილებაა, პერიოდის, როდესაც საბჭოთა საქართველოს მოქალაქენი ვალდებულნი იყვნენ საკუთარი წვლილი შეეტანათ 1917 წლის 25 ოქტომბერს მომხდარი რევოლუციის - და, ე.წ ახალი სტილის წყალობით, 7 ნოემბრის დღესასწაულად გარდაქმნილ - ზეიმში.

[ლევან ბერძენიშვილის ხმა] ,,მე ახლაც გაბრაზებული ვარ საბჭოთა კავშირზე, დროშით რომ მარბენინებდა პატარა ბავშვს ბათუმის ქუჩებში.”

რას ზეიმობდა ხალხი? - ამ შეკითხვაზე საქართველოს პარლამენტის წევრ ლევან ბერძენიშვილს საკმაოდ საინტერესო პასუხი აქვს:

[ბერძენიშვილის ხმა] ,,ჩვენ ვზეიმობდით გადასვლას თითქოს უბედური და ცუდი, მაგრამ, მეორე მხრივ, ევოლუციური და ნორმალური მსოფლიო წესრიგიდან ახალ წესრიგზე, რომელიც მარტო ჩვენ გვქონდა. ანუ სსრკ იყო უნიკალური ქვეყანა, რომელშიც მთავარი პრინციპი იყო ასეთი: შენ თუ არ გესმის რა არის ბედნიერება, ჩვენ მოგკლავთ და გაგაბედნიერებთ.”

მიუხედავად ამისა, ადამიანების ნაწილი შვიდ ნოემბერს გულწრფელად სუფრასთანაც კი აღნიშნავდა, რომ აღარაფერი ვთქვათ მათზე, ვისაც ეს პარტიული თანამდებობის გამო ევალებოდა.

[ბერძენიშვილის ხმა] ,,ეს დღესასწაული დღესასწაულად აქცია მხოლოდ მთავრობის სურვილმა. ხალხმა რეალურად არ იცოდა, რას ზეიმობდა! სინამდვილეში, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც რაღაც ასაკში შედიოდა, დიდი დაფიქრების გარეშეც ხვდებოდა, რომ ეს ყალბი დღესასწაულია.”


ლევან ბერძენიშვილი ოქტომბრის სოციალისტურ რევოლუციას, უპირველეს ყოვლისა, საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ რევოლუციას უწოდებს:

[ბერძენიშვილის ხმა] ,,ჩემი აზრით, ხალხი, რომელიც უსაკუთრო და საცოდავი იყო, ზეიმობდა იმას, რომ წაართვეს უფლება, თავისუფალი და საკუთრების მფლობელი ყოფილიყო. ამიტომ ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ცინიკური დღესასწაული.”


თუ ისტორიას გადავხედავთ, მსოფლიოში საკმაოდ ბევრი რევოლუცია და სახელმწიფო გადატრიალება სწორედ შემოდგომაზეა მომხდარი. ამ ფაქტს ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი ასაბუთებს ,,დედამიწის ამოსუნთქვით,” რომელიც თურმე ჯერ კიდევ აგვისტოდან იწყება და შემოდგომაზე გრძელდება:

[ცაგარლის ხმა] ,, დედამიწის გეომაგნიტური ველისთვის ეს არის ყოველთვის რთული პროცესი, რომლის მსვლელობისას ადამიანი ამას თვალით ვერ ხედავს, მაგრამ იცვლება რადიკალურად მისი ენერგოველი.”


მიხეილ ცაგარლის განმარტებით, სწორედ ამ პერიოდში იზრდება საგრძნობლად ადამიანთა კონფლიქტურობა, ნოემბერს კი განსაკუთრებულად რევოლუციური თვის სახეს კიდევ ერთი გარემოება აძლევს:

[ცაგარლის ხმა] ,,ამ დროს მმართველი ცის კაბადონზე არის მარსი, რომელიც არის კონფლიქტების მმართველი პლანეტა და, აქედან გამომდინარე, ის აღვივებს აგრესიას.”


ამასთან, მიხეილ ცაგარელი დარწმუნებულია, რომ ბევრი რამ დამოკიდებულია სწორედ იმაზე, თუ შემდგომში როგორ წარმართავ კონფლიქტის საფუძველზე დაწყებულ პროცესს.
მაგალითად, შეგვიძლია მოვიხმოთ ის, რაც 1989 წლის 17 ნოემბერს ჩეხეთში მოხდა და ,,ხავერდოვან რევოლუციად” მოინათლა. ამ ორ სიტყვას შორის ლევან ბერძენიშვილს მნიშვნელოვნად მიაჩნია არა რევოლუცია, არამედ ხავერდი:

[ბერძენიშვილის ხმა] ,,ეს არის რევოლუციის ახალი ტიპი, როცა საზოგადოებრივი ტრანსფორმაცია ხდება მთელი საზოგადოების ფაქტობრივი თანხმობით. ჩეხეთის რევოლუცია იყო უეცარი სასწაული. კიდევ ერთი დიდი თავისებურებაა ის, რომ მას არ ჰყოლია ერთი გმირი. ჩეხეთის რევოლუცია იყო ბევრი ინტელექტუალის რევოლუცია. ის არასდროს არ დარჩება ჰაველის რევოლუციად. ყვირილიც კი არ ყოფილა, ,,გადადექის” დაძახება არ დასჭირდა, მაგიდასთან გადაწყდა საქმე.”


ნოემბერში საქართველოს კვლავ მოუწევს რევოლუციის წლისთავის აღნიშვნა, ოღონდ, საბედნიეროდ, არა ოქტომბრის სოციალისტურის. “ვარდების რევოლუციის” წლისთავთან დაკავშირებული მზადება აქტიურად მიმდინარეობს და შედეგებს 23 ნოემბერს ვიხილავთ. ტრადიციულ საშვიდნოემბრო აღლუმებთან მას საერთო, ალბათ, არაფერი ექნება, გარდა ერთის - პირდაპირი ტელე და რადიო ტრანსლაციებისა.
  • 16x9 Image

    ნინო როდონაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან.

XS
SM
MD
LG