Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რამდენიმე დღეში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დასრულდება განცხადების მიღება იმ პირებისგან


დავით პაიჭაძე, თბილისი რამდენიმე დღეში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დასრულდება განცხადების მიღება იმ პირებისგან, ვინც კენჭს იყრის უნივერსიტეტის რექტორის პოსტზე. საზოგადოებამ იცის,

რომ აშკარა ფავორიტი რუსუდან ლორთქიფანიძეა, საქართველოს ყოფილი ელჩი იტალიაში, ამჟამად უნივერსიტეტის პრორექტორი. გაგაცნობთ რამდენიმე გარემოებას რექტორის არჩევასთან დაკავშირებით.

რექტორის არჩევამდე რექტორის შერჩევამ უნივერსიტეტში და ცოტა მის გარეთაც უკმაყოფილება გამოიწვია: ვინ ჰკითხავს პრეზიდენტს, ვინ იქნება უნივერსიტეტის რექტორი? - ამ შეკითხვის რეზონულობის მიუხედავად, რექტორი, მაღალი ალბათობით, ის პიროვნება გახდება, ვინც საგანგებოდ ამ პოსტისათვის როინ მეტრეველი გადადგომის შემდეგ უნივერსიტეტის პრორექტორად დაინიშნა. საზოგადოებაში უარყოფითად გამოეხმაურნენ არა მხოლოდ ახალი რექტორის შერჩევის წესს, არამედ მის კანდიდატურასაც. აი, როგორია, მაგალითად, დეპუტატ ლევან ბერძენიშვილის მოსაზრება:

[ლევან ბერძენიშვილის ხმა] “სულ მალე უნივერსიტეტი რექტორად აირჩევს ადამიანს, რომელიც ამის ღირსი არ არის. სამწუხაროდ. ხომ ასე მოხდება? და, იცით, რატომ? იმიტომ, რომ უნივერსიტეტმა დიდხანს ითმინა კაცი, რომელიც ამ ქვეყანაში გავლის ღირსი არ იყო. აკადემიკოსი უძახა და ყვავილები მიართვა. ამიტომ ეყოლებათ ახლა ის რექტორი, რომელიც ამდენს არ მოიპარავს, მაგრამ ღირსი არ არის. დრო, როცა როინის მერე პირდაპირ მოვა დვალი, საქართველოში არ დამდგარა. ამიტომ ჩვენც უნდა გვესმოდეს, რომ შორს არ წავსულვართ შევარდნაძის საქართველოსგან.”

რუსუდან ლორთქიფანიძის გარდა, დღემდე არსებობდა ორი კანდიდატი. 10 ნოემბერს მათ კიდევ ერთი შეემატება - სტუდენტთა და ასპირანტთა ლიგა საკუთარი კანდიდატურის წამოყენებას აპირებს. სავარაუდოდ, ეს იქნება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოგადი ენათმეცნიერების კათედრის პროფესორი, ამავე დროს, მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი მიხეილ ქურდიანი. თუმცა ამას დანამდვილებით ვერ ვიტყვით, რადგან სტუდენტები და ასპირანტები თავიანთ არჩევანს საიდუმლოდ ინახავენ.

უნივერსიტეტში კიდევ ერთი კაცი იბრძვის რექტორობის კანდიდატად დასახელებისათვის. ეს გახლავთ საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, მწერალი და ნაირგვარ პრემიათა ლაურეატი რევაზ მიშველაძე. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ის ცდილობს, დაიყოლიოს ფილოლოგიის ფაკულტეტის ხელმძღვანელობა, წარადგინონ მწერალი და ლიტერატურათმცოდნე უნივერსიტეტის რექტორის პოსტზე, მაგრამ ჯერჯერობით არ გამოსდის.

შარშან დეკემბერში, როცა “კმარამ” უნივერსიტეტის რექტორს შეუტია, მომავალმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დაიცვა როინ მეტრეველი. ამბობენ, იმხანად სააკაშვილს ჰქონდა მოტივი, ასე მოქცეულიყო: მეტრეველის გადადგომის შემთხვევაში რექტორობის ყველაზე რეალური კანდიდატი გახლდათ გაფანტული ბლოკის “ახალი საქართველოსთვის” (გახსოვთ ასეთი?) პირველი ნომერი ვაჟა ლორთქიფანიძე. სააკაშვილმა მეტრეველი პოსტზე დატოვა და ამით, პარლამენტის სპიკერობის ჩაშლის კვალად, ლორთქიფანიძეს რექტორობაც ჩაუშალა.

უნდა ითქვას, რომ კანონპროექტი უმაღლესი განათლების შესახებ დამაჯერებელ ბარიერებს ქმნის საიმისოდ, რომ პოლიტიკური კლასი, ქვეყნის ხელოსუფლება და, კერძოდ, პრეზიდენტი ასე იოლად ჩაერიოს უნივერსიტეტის მართვის ორგანოთა არჩევაში, როგორც დღეს ერევა. ასე რომ, რუსუდან ლორთქიფანიძე, არჩევის შემთხვევაში, იქნება ბოლო რექტორი, რომელსაც პრეზიდენტის ნება-სურვილის ლამის უსიტყვო გათვალისწინებით აირჩევენ.
XS
SM
MD
LG