Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

22 წლის წინ საბჭოთა კავშირში ბრეჟნევის ეპოქა დასრულდა


1982 წლის 10 ნოემბერს, როდესაც საბჭოთა კავშირში მილიციის ტრადიციულ დღეს აღნიშნავდნენ, ხმა დაირხა, რომ ქვეყანას ლიდერი აღარ ჰყავდა.


საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდივნის ლეონიდ ბრეჟნევის გარდაცვალებასთან დაკავშირებული ოფიციალური ცნობა საბჭოთა მთავრობამ მეორე დღეს, 11 ნოემბერს, გაავრცელა.

მინდა შეგახსენოთ მითებითა და ანეკდოტებით გარემოცული პიროვნება, რომელიც საბჭოთა კავშირს 18 წლის განმავლობაში მართავდა.

[ბრეჟნევის ხმა, ტაში]

ტაში, ძირითადად, მქუხარე, როგორც წესი, ლეონიდ ბრეჟნევის ნებისმიერი გამოსვლის თანმხლები იყო. ფრაგმენტი, რომელიც მოისმინეთ, ჩაწერილია 1977 წელს, სოციალისტური რევოლუციის 60 წლისთავთან დაკავშირებით.

ამ გამოსვლიდან ზუსტად 5 წლის შემდეგ ლეონიდ ბრეჟნევმა წითელ მოედანზე ტრადიციულად ჩაიბარა საშვიდნოემბრო აღლუმი, მიუხედავად უამინდობისა, რამდენიმე საათი მავზოლეუმის ტრიბუნაზე გაატარა და, როგორც რამდენიმე უცხოური გაზეთი აღნიშნავდა, ჩვეულებრივზე უკეთაც გამოიყურებოდა.

სამი დღის შემდეგ საბჭოთა კავშირის კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდივანი მეუღლემ მისსავე კაბინეტში უგონო მდგომარეობაში აღმოაჩინა და ექიმების ოთხსაათიანი მცდელობა, ბრეჟნევი როგორმე გადაერჩინათ, უშედეგოდ დასრულდა.

ჩეხოსლოვაკიასა და ავღანეთში საბჭოთა ჯარის შეჭრა, ე.წ. დაძაბულობის განმუხტვის პოლიტიკა, სახაროვის გადასახლება და სოლჟენიცინის დევნა, მოსკოვის ოლიმპიადა და "პეპსი-კოლა" პროფესიით მიწისმზომელი ლეონიდ ბრეჟნევის თვრამეტწლიანი მმართველობის ატრიბუტებად იქცა.

ერთნი მას სასტიკ და პირფერ ადამიანად მოიხსენიებდნენ, მეორენი კი - სმის, ქალებისა და კარგი ავტომანქანების მოყვარულ გულჩვილ კაცად.

ლეგენდად იყო ქცეული და, როგორც წესი, მხოლოდ ღიმილს იწვევდა საბჭოთა ლიდერის უზომო სიყვარული ყოველგვარი ჯილდოებისადმი.

ლეონიდ ბრეჟნევს გაცილებით მეტი ორდენი და მედალი ჰქონდა, ვიდრე სტალინსა და ხრუშჩოვს ერთად. ამბობენ, რომ ორდენებისადმი ბრეჟნევის სიყვარული კომპლექსის შედეგი იყო, რადგან მეორე მსოფლიო ომის დასრულებისთვის მას, როგორც გენერალ-მაიორს, მხოლოდ 4 ორდენი და 2 მედალი ჰქონდა. ეს კი სხვა გენერლების ჯილდოებს ვერც კი შეედრებოდა.

ალბათ, სწორედ ამიტომ იყო, რომ ბრეჟნევს, რომელიც მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ცნობილი ქართველი გენერლის კონსტანტინე ლესელიძის მოადგილე იყო, განსაკუთრებული ლტოლვა ჰქონდა საბრძოლო ორდენებისა და სამხედრო ჩინებისადმი. იგი განსაკუთრებით ამაყობდა საბჭოთა კავშირის მარშლის წოდებით, რომელიც 1976 წელს მიანიჭეს.საერთო ჯამში კი, საბჭოთა კავშირის ოთხგზის გმირი ლეონიდ ბრეჟნევი ორასზე მეტი ორდენისა და მედლის მფლობელი იყო.
ამ სიმრავლის გამო 1982 წლის ნოემბერში, ბრეჟნევის დაკრძალვასთან დაკავშირებით, ხავერდის თითოეულ ბალიშზე რამდენიმე მედლისა და ორდენის მიმაგრება მოუხდათ, გენერალური მდივნის ჯილდოები კი, საერთო ჯამში, 44 უფროს ოფიცერს მიჰქონდა.

[ზარების რეკვით შესრულებული სსრკ-ის ჰიმნი]

როგორც ირკვევა, გარდაცვალებიდან ორი ათეული წლის შემდეგ ლეონიდ ბრეჟნევი რუსეთის მოსახლეობის მასობრივ შეგნებაში დაბრუნდა. სოციოლოგების მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად, ყველაზე დიდ რუს პოლიტიკოსთა სამეულში ბრეჟნევი ლენინსა და სტალინთან ერთად აღმოჩნდა. რუსეთის მოქალაქეებმა ასწლეულის დიდ პიროვნებათა შორის ასევე დაასახელეს ლეონიდ ბრეჟნევი, რომელმაც ამ რეიტინგში უკან ჩამოიტოვა ჰიტლერი, ჩერჩილი, ელცინი და თავად პუტინიც. სხვათა შორის, სამშაბათს ლეონიდ ბრეჟნევი საქართველოს პარლამენტშიც გაიხსენეს:

[ფიქრია ჩიხრაძის ხმა] "მომზადდა საქართველოს ტელევიზიის პირველ არხზე ბრეჟნევის დროინდელი სულისკვეთებით გამსჭვალული სიუჟეტები. რატომ ხდება, რატომ აძლევენ თავის თავს ადამიანები უფლებას, რომ მოამზადონ ღვარძლით, ცინიზმით, ცილისწამებით და, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ბრეჟნევისდროინდელი სულისკვეთებით გამსჭვალული სიუჟეტები?”

ამ სიტყვებით დეპუტატმა ფიქრია ჩიხრაძემ კოლეგა თანაფრაქციელი დაიცვა და გაიხსენა ის დრო, რომელიც ადამიანთა დიდი ნაწილისთვის უიმედობას უკავშირდებოდა.
ბრეჟნევის ეპოქა 1982 წლის 10 ნოემბერს დასრულდა.

იმ პერიოდში ბევრს ეჩვენებოდა, რომ თავად სისტემა არასდროს დაიშლებოდა.
  • 16x9 Image

    ნინო როდონაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან.

XS
SM
MD
LG