Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა ბედი ეწიათ ასლან აბაშიძის სახელგანთქმულ “ჰამერებს”


ალექსანდრე ელისაშვილი, თბილისი ასლან აბაშიძის აჭარიდან წასვლისთანავე პრეზიდენტმა სააკაშვილმა პირობა დადო, რომ აბაშიძეთა ოჯახის კუთვნილი ავტოპარკი

- მათ შორის, სახელგანთქმული დაჯავშნული ჰამერები - საჯარო აუქციონზე გაიყიდებოდა. შთაბეჭდილების მოსახდენად ძვირად ღირებული ავტომობილების პრეზენტაცია ბათუმის სტადიონზე მოაწყვეს. მას შემდეგ 7 თვე გავიდა, მაგრამ, დაპირების მიუხედავად, არც ერთი ავტომანქანა საჯაროდ არ გაყიდულა. ხელისუფლება ამ თემაზე საუბარს ერიდება, ოპოზიცია კი ხელისუფლებას აბაშიძის ქონების დატაცებაში ადანაშაულებს.

წლების მანძილზე ასლან აბაშიძისა და მისი ოჯახის კუთვნილი ავტოპარკის შესახებ ლეგენდები დადიოდა, აჭარაში აბაშიძის რეჟიმის დასრულების შემდეგ კი ახალი მითქმა-მოთქმის საგნად ამ ავტოპარკის შემდგომი ბედი იქცა. განსაკუთრებული ყურადღების საგანია ოთხი დაჯავშნული ჰამერი. ოფიციალურად მათ შესახებ არაფერია ცნობილი. ხოლო თუ ბათუმში მოარულ ხმებს ვენდობით, ორი მათგანი სახელმწიფო დაცვის სამსახურს თბილისში ჰყავს წამოყვანილი, დარჩენილ ორს კი აჭარის უმაღლესი საბჭოს ავტოფარეხში ედება მტვერი. მაღალმთიან აჭარაში სტუმრობისას ლევან ვარშალომიძეს რამდენჯერმე უსარგებლია ამ ჯიპებით, მაგრამ შემდეგ, ხალხის მწვავე რეაქციის გამო, ამ სიამოვნებაზე უარი უთქვამს. როგორც ცენტრალური, ასევე აჭარის ხელისუფლება ამ თემაზე საუბარს გაურბის, კონსერვატორული პარტიის აჭარის კოორდინატორი ჯუმბერ თავართქილაძე კი ჩინოვნიკებს მანქანების დატაცებაში ადანაშაულებს:

[ჯუმბერ თავართქილაძის ხმა] “ჩემთვის რამდენადაც ცნობილია, ეს ჰამერები დაიტაცეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა, კერძოდ - ვინ, ჩემთვის ცნობილი არაა, მაგრამ ფაქტი სახეზეა: არც აუქციონის წესით გაყიდულა და არც ისე. “ (სტილი დაცულია)

ჰამერებზე უფრო ბუნდოვანია ათობით სხვა ძვირად ღირებული მანქანის ბედი. არასამთავრობო ორგანიზაცია “აჭარის ანტიკორუფციული საბჭოს” წევრი ლადო მგალობლიშვილი არა მარტო ასლან აბაშიძის, არამედ აჭარის ყოფილი მაღალჩინოსნების ავტომანქანების ფარულ პრივატიზებაზეც საუბრობს:

[ლადო მგალობლიშვილის ხმა] “სხვა მანქანები, მე როგორც ვიცი, ყოფილმა თანამდებობის პირებმა უმეტესობაზე მოახდინა პრივატიზება. დეპუტატები ამბობენ, რომ ვისაც ვნახულობთო, ვართმევთო, მაგრამ ეგ რამდენად მართალია, არ ვიცი. შეიძლება იტყუებიან. თბილისში თუ წაიყვანდნენ, პირველ დღეებში ამის წაყვანის უფლება და შესაძლებლობა ჰქონდათ ძალოვნებს. უფრო, ალბათ, ძალოვნებმა თუ წაიყვანეს.” (სტილი დაცულია)

ჩვენთან საუბარში ლადო მგალობლიშვილმაც და ჯუმბერ თავართქილაძემაც აჭარაში უკანონო პრივატიზების სხვა არაერთი შემთხვევა მოიყვანეს - მაგალითად, როგორ მიითვისა ერთ-ერთი ძალოვანი სტრუქტურის ხელმძღვანელის მეუღლემ ბათუმის სანაპირო - მათ შორის, გიორგი აბაშიძის სახელგანთქმული “ბუნგალო” - და როგორ გაუჩინარდა მილიონი დოლარის ღირებულების ასფალტის დამგები სპეციალური მანქანა.

[ჯუმბერ თავართქილაძის ხმა] “აქ ი ყო კიდევ ერთი მანქანა, რომელიც, ერთი სიტყვით, გზის მშენებელი მანქანა იყო, ასფალტის დამგები. ის, საერთოდ, გაქრა. საქართველოში ვისაც არ მოვკითხე, ვერავინ ვერ მითხრა, სად წავიდა. ეს იყო ძალიან ძვირად ღირებული, - დაახლოებით მილიონი დოლარი ღირდა, - რომელიც ასლანმა ჩამოიყვანა და იმის გზა კვალი არავინ არ იცის.”

რთული სავარაუდო და ნაკლებმოსალოდნელია ხელისუფლებამ დაპირებული შეასრულოს და აბაშიძეთა ავლა-დიდება საჯარო აუქციონზე გაყიდოს. ყოველ შემთხვევაში, საამისოდ 7 თვე საკმარისზე მეტი დროც იყო.
XS
SM
MD
LG