Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში ქორწინების პროცედურა გამარტივდა


ქორწინების დარეგისტრირებამდე წყვილებს საქართველოში ამიერიდან ერთთვიანი ლოდინი აღარ მოუწევთ. სამოქალაქო კოდექსში შეტანილი ცვლილებების თანახმად,

ხელის მოწერა მათ უკვე განცხადების შეტანის დღესვე შეუძლიათ. ამ ფაქტმა აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. თუკი ერთნი მიიჩნევენ, რომ ერთთვიანი ვადა წყვილის გადაწყვეტილების განსამტკიცებლად აუცილებელი იყო, მეორენი ამტკიცებენ, რომ ამგვარი ფორმალობა ბევრ უარყოფით მომენტს მოიცავდა და მისი გაუქმებით, მართლაც, კარგი საქმე გაკეთდა.

მაგალითად, ასე ფიქრობს 34 წლის კონსტანტინე, რომელიც ცოლის შერთვას დღე-დღეზე აპირებს:

(კონსტანტინეს ხმა) ”უბრალოდ, შეფერხებაა ეს...ფორმალიზმია. რა შუაში იყო ერთთვიანი ვადა, რა საჭირო იყო. ცოტა უხერხულიც კია, ალბათ, ასეთი ვადის დადება.” (სტილი დაცულია)

დაქორწინებამდე მიცემული წინასწარი ვადის გაუქმებას ასევე მხარს უჭერს 26 წლის ლიკა, რომელსაც ამგვარმა წესმა, თავის დროზე, საკმაოდ ცუდი მოგონება დაუტოვა:

(ლიკას ხმა) ”კარგი მომენტია იმ თვალსაზრისით, რომ ამცირებს ბიუროკრატიულ პროცედურებს. რაღაც ქრთამიც ყოფილა ამასთან დაკავშირებით და, ალბათ, ამცირებს კორუფციასაც.” (სტილი დაცულია)

სხვა ფაქტორებთან ერთად, ასევე კორუფციის მომენტს უსვამს ხაზს ხსენებული ცვლილების ინიციატორი, იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო მდგომარეობის რეგისტრაციის სამმართველოს უფროსი ნატო გაგნიძე:

(ნატო გაგნიძის ხმა) ”განსხვავებით განქორწინების შემთხვევისაგან, აბსოლუტურად მიზანშეუწონლად იყო კანონში ჩადებული. ქორწინების შემთხვევაში, როდესაც ორივე მხარე დარწმუნებულია, სურთ ქორწინება და ოჯახის შექმნა, ასეთ შემთხვევაში, დასაფიქრებლად კიდევ რაღაც დროის მიცემა, ალბათ, სწორიც არ იქნებოდა. გარდა ამისა, ეს ერთთვიანი ვადა ქმნიდა ძალიან დიდ კორუფციის წყაროს.” (სტილი დაცულია)

თუმცა კორუფციული შევიწროებისგან კანონი ბოლომდე დაზღვეული, ალბათ, ვერც ამჯერად იქნება. საქმე ის გახლავთ, რომ სწრაფად დაქორწინების მსურველ წყვილებს შეიძლება უარი ეთქვათ იმ შემთხვევაში, თუკი იმ დღეს ხელის მომწერთა რიცხვი ძალიან დიდი იქნება. აქ კი ბუნებრივად იბადება კითხვა: კვლავაც ქრთამი ხომ არ განსაზღვრავს მექორწილეთა რიგითობას?

ყველაზე მთავარი შეკითხვა კი, ალბათ, ასე ჟღერს: ყოფილა თუ არა შემთხვევები, რომ წყვილებს ქორწინება სწორედ იმ ერთთვიანი ვადის განმავლობაში გადაეფიქრებინოთ? როგორც თბილისის ქორწინების სასახლის დირექტორის ნანა შუკაკიძის 32-წლიანი პრაქტიკა ადასტურებს:

(ნანა შუკაკიძის ხმა) ”ყოფილა ასეთი შემთხვევები. ის კი არა და, ერთი თვე კი არა, ერთი კვირა გავა, ორი კვირა და მოდიან და ამბობენ: იცით, თუ შეიძლება, გავიტანთ განცხადებას - იმიტომ რომ გადავიფიქრეთ. მაგრამ განცხადების გატანა არ შეიძლება, განცხადება ჩვენთან რჩება - უბრალოდ, ისინი შემდეგ აღარ მოდიან ქორწინების რეგისტრაციაში გასატარებლად.” (სტილი დაცულია)

ცხადია, გასათვალისწინებელია ფსიქოლოგიური ფაქტორიც. მაგალითად, ქალთა საკონსულტაციო ცენტრის ”სახლის” ხელმძღვანელი, ფსიქოლოგი რუსუდან ფხაკაძე მიიჩნევს, რომ ერთთვიანი წინასარეგისტრაციო პერიოდის გაუქმება უარყოფით შედეგებს მოიტანს:

(რუსუდან ფხაკაძის ხმა) ”მე უარყოფითად ვუყურებ ამას. ისედაც დევალვირებულია ღირებულებები, ისედაც გაიოლებულია ზნეობრივი პრინციპებისადმი მიდგომა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ... და ეს კიდევ ერთი ხელშემწყობი იქნება თავისი ქცევის მიმართ უპასუხისმგებლო გრძნობების ჩამოყალიბებისთვის.” (სტილი დაცულია)

ასევე უსიამოვნო პროგნოზს აკეთებს ფსიქოთერაპიული ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი გივი მერაბიშვილი :

(გივი მერაბიშვილის ხმა) ”სპონტანური გადაწყვეტილებები ხშირია. უფრო ახალგაზრდულ ასაკში მოხდება ასეთი გადაწყვეტილებების მიღება და, რა თქმა უნდა, ეს გამოიწვევს ბევრ უარყოფით მომენტს - გაცილებები, გაშორებები მეტი იქნება.” (სტილი დაცულია)

საქართველოში კამათი ამ თემაზე, ალბათ, მალე ჩაცხრება, რადგანაც საკითხი უკვე გადაწყვეტილია. წყვილები დაქორწინებას იჩქარებენ. დანარჩენს კი დრო აჩვენებს.

(ისმის მუსიკა)
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG