Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ოჩიაური – 80


20 ნოემბერს 80 წელი გავიდა საქართველოს სახალხო მხატვრის,

საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემიის ლაურეატის ირაკლი ოჩიაურის დაბადებიდან. ცნობილ მოქანდაკეს, რომლის სახელი ქართული ჭედური ხელოვნების აღორძინებას უკავშირდება, დაბადების დღის გადახდისთვის არ სცალია – ირაკლი ოჩიაური საიუბილეო გამოფენისთვის ემზადება. თუმცა მხატვარმა, რომელსაც სახელოსნოში ვესტუმრეთ, მაინც მოახერხა დრო გამოენახა ჩვენთან სასაუბროდ.

ირაკლი ოჩიაურთან საუბარი იმ გამოფენით დავიწყეთ, რომელიც 2 დეკემბერს უნდა გაიხსნას თბილისის სურათების გალერეაში; გაგვიკვირდა, როცა გვითხრა, რომ საიუბილეო ექსპოზიციაზე მხოლოდ ფერწერის, გრაფიკისა და ჭედური კომპოზიციების გამოტანას აპირებს... გაგვიკვირდა იმიტომ, რომ ვიცოდით – 50-იანი წლების დასაწყისში მისი დებიუტი დაზგურ ქანდაკებაში შედგა, გვახსოვდა მისი სკულპტურული პორტრეტები, რომელიც ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში ინახებოდა. აღმოჩნდა, რომ მხატვრის ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარი, “ირა ჯანდიერის პორტრეტი”, დაკარგულია... ამიტომ იუბილარმა გადაწყვიტა, საერთოდ აღარ გამოიტანოს ქანდაკება:

[ირაკლი ოჩიაურის ხმა] “დუშეთში მაქვს ვაჟა, ყაზბეგში – ფოტოები... სად არის? გამოვა, რომ რა – ერთი-ორი ქანდაკება რომ დავდგა, არ იქნება კარგი...ხელოვნების მუზეუმი აბრალებს გალერეას, გალერეა - იმათ და ა.შ.”

ქანდაკება დაკარგულია, მაგრამ, საბედნიეროდ, გადარჩა ჭედურობა – ხელოვნების დარგი, რომლის აღორძინება ემთხვევა ფორმალიზმთან ბრძოლის ეპოქას – 50-იანი წლების დასაწყისს... იმ დროს, როცა ახალგაზრდა მოქანდაკემ, დუშეთის რაიონში, სოფელ შუაფხოში გაზრდილმა ირაკლი ოჩიაურმა, სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებულმა, ქანდაკების ძერწვას ქართული ხელოვნების დავიწყებული დარგის, ჭედური ხელოვნების აღორძინება ამჯობინა... პიროვნების კულტის, ქვის ბელადების ეპოქაში ეს გადაწყვეტილება აღიქმებოდა არა მარტო შემოქმედებით ძიებად, არამედ “იდეოლოგიურ კულტურაზე” უარის თქმად:


[ირაკლი ოჩიაურის ხმა] “იდეოლოგიური თვალსაზრისით ჭედური ხელოვნება შეუძლებელია რომ განიხილოთ... არა აქვს ჭედურ ხელოვნებას ასეთი შესაძლებლობები.... მაგრამ გუდიაშვილი და დავით კაკაბაძე როცა თმებით ათრიეს კომუნისტებმა – მხატვრებმა, სხვათა შორის, და კრიტიკოსებმა, მას შემდეგ რაღაც მოხდა ქართულ ხელოვნებაში – რაღაც შემწყნარებლური ელემენტი გაჩნდა, შედარებით სხვა რესპუბლიკებთან. ზოგან მისულები იყვნენ კაციჭამიობამდე. ჩვენთან კი რაღაც გამოფენები გაიხსნა, ცოტა ფორმალისტური ხასიათის... ამიტომ ჭედურობას ზედ არავინ უყურებდა.”

თუმცა მხატვრის თქმით, იგი თავიდანვე არ დამორჩილდა კონიუნქტურას ქანდაკებაში... სადიპლომი ნამუშევრის თემად არც სტალინი აირჩია, არც მეჩაიე და არც ტრაქტორისტი... მისი, როგორც ახალგაზრდა მოქანდაკის, იაკობ ნიკოლაძის მოწაფის, შთაგონების ობიექტი ვაჟა-ფშაველა გახდა:



[ირაკლი ოჩიაურის ხმა] “სამხატვრო საბჭოზე უნდა წარმოგვედგინა რამდენიმე ნამუშევარი. მე იაკობ ნიკოლაძის მოწაფე ვიყავი. ხევსურის ქანდაკებაც მქონდა. ვაჟა-ფშაველა ცოტა უკან დავდგი... შეიძლება ეს ეშმაკობაც იყო... ამაზე წამოეგო იაკობ ნიკოლაძე. ამას შეხედა, იქით გაიხედა და თქვა – ამას გააკეთებო.
ერთი კომუნისტი იყო მაშინ, ცეკას მდივანი, ვიღაც ჩარკვიანი. ეს კაცი სწორედ მაშინ, როცა დიპლომს ვიცავდი, ვაჟა-ფშაველას წინააღმდეგ გამოვიდა, ენა დაუწუნა აკაკის მაგვარად და სხვა... სადიპლომო ნამუშევრების დაცვის დროს ეს საბჭო, რომელიც ქანდაკებებს განიხილავდა, ყველა სადიპლომო ნამუშევართან გაჩერდა, იმსჯელებენ – ჩემს გვერდზე იხედებიან – ჩაუვლიან... კი მომცეს მე დიპლომი, მაგრამ არანაირი განხილვა არ ყოფილა, უბრალოდ, მომცეს იმიტომ, რომ იმ დროს მართლა გამორჩეული იყო...”

ირაკლი ოჩიაური არც კომუნისტური პარტიის წევრი ყოფილა და არც ხელმძღვანელი მუშაკის პოსტზე დათანხმებულა ოდესმე. კონიუნქტურულ ნამუშევრებს არ ქმნიდა, თუმცა “დისიდენტის” როლზეც უარს ამბობდა. რუსებისგანაც არ უგრძვნია ზეწოლა... პირიქით, იგი ამბობს, რომ მოსკოვი ყველანაირად მხარს უჭერდა მის შემოქმედებას... ეტყობა, ბედი მწყალობდა ცენზურასთან ურთიერთობაშიო, - აღნიშნავს მხატვარი და თავისი ერთ-ერთი ცნობილი ქანდაკების, “სტუდენტი გოგონას პორტრეტის”, ფოტოასლს გვიჩვენებს:


[ირაკლი ოჩიაურის ხმა] “აი, ეს პორტრეტი – მარინე ყუბანეიშვილი...ეგ რომ გავაკეთე, ნიკოლაძე გარდაიცვალა. გალერეაში მივიტანე, ექსპოზიციაში დადგეს, ვიღაც კეშელავა ხელმძღვანელობდა... ერთხელაც შევიარე გალერეაში და მითხრეს, შენი ნამუშევარი კეშელავამ გამოიტანაო და მუზეუმის მეორეხარისხოვან გამოფენაზე გადაიტანა, სადაც ხარახურა ნამუშევრები იფინებოდა და არავინ დადიოდა... მივედი გალერეაში, კარი დაკეტილი იყო, ვეუბნები, სალაპარაკო მაქვს-მეთქი, – ლადო კეშელავა, თუ რაღაცა ერქვა... მოვიდა კარებთან და გასაღების ჭუჭრუტანიდან მეკითხება, რა გინდაო, და ჭუჭრუტანიდან მალაპარაკებს... ვეუბნები, ჟიურიმ, ჩემი ნამუშევარი დიდმა ჟიურიმ გამოფინა, რატომ გადაიტანეთ-მეთქი... დიდი ჩხუბი არ შემეძლო, რადგან გასაღების ჭუჭრუტანასთან ხომ არ ვიჩხუბებდი? ჩემზე ხნიერი კაცი იყო, რა შემეძლო.... მაგრამ - რამ იმოქმედა, არ ვიცი - გამოფენაზე დადგეს.... აღმოჩნდა, რომ საუკეთესო ნამუშევრად აღიარეს – ჩამოასხეს ბრინჯაოში და თვითონვე გაგზავნეს მოსკოვში.”

მერე მხატვარს იაკობ ნიკოლაძეზე ვკითხეთ: ხელოვნების წრეებში ცნობილია, რომ ნიკოლაძე განსაკუთრებული ავტორიტეტით სარგებლობდა ხელისუფლებაში, ამბობენ, დიდი მოქანდაკე კბილებით იცავდა თავის მოწაფეებსო.

[ირაკლი ოჩიაურის ხმა] “ნიკოლაძე მხარს ვერ დამიჭერდა, რადგან მე რომ დავიცავი დიპლომი, იგი უკვე მკვდარი იყო. მაგრამ როცა სოფლიდან ჩამოვედი, მაგათ არ იცოდნენ, რომ სკოლა მქონდა დამთავრებული... იფიქრეს, რომ არხოტიდან ფარით და ხმლით ჩამოვედი და ჯვრებიანი რაღაც მაცვია... ხეზე ნამუშევრები მქონდა, ჩამიყვანეს იაკობ ნიკოლაძესთან, რომელიც გარეთ მზეზე თბებოდა. ნახა ეს ნამუშევრები და მითხრა – დაწერე ქანდაკებაზე განცხადებაო. დავწერე, მაგრამ როგორ კეთდება ეს ქანდაკება, არ ვიცოდი. მოსამზადებელზე იარეო, მითხრა... შევედი სახელოსნოში - ფიგურა უდგათ და მომავალი ჩემი თანაკურსელები ძერწავენ. მე პირდაღებული ვუყურებ – პირველად გავიგე, რომ თიხაში იძერწება ქანდაკება, თანაც ვხედავ, რომ თაბაშირის მოდელი უკეთესია... ერთი კვირა რჩებოდა გამოცდებამდე. - ეს ფეხი გამოძერწეო. – რა ფეხია, მე თვითონ არ ვიცი. თურმე მიქელანჯელოს “დავითის” ფეხია...”

ირაკლი ოჩიაურმა “დავითის ფეხი” გამოძერწა და ნიკოლაძის საყვარელი მოწაფე გახდა. მაგრამ მოსწავლისა და მასწავლებლის ეს “ჰარმონიული ურთიერთობა” მალე დაირღვა. ოჩიაურმა მასწავლებელს სტალინის ქანდაკება გაუფუჭა:


[ირაკლი ოჩიაურის ხმა] “ყოველ დილას უნდა მივსულიყავი, ნამუშევრები დამესველებინა... ყველაფერმა იცის მობეზრება, მათ შორის იაკობ ნიკოლაძემაც, მიუხედავად ჩემი სიყვარულისა... დავასველე ეს ნამუშევრები, მეორე დღეს დამეზარა მისვლა, ვიფიქრე, ერთი დღე გაძლებს ნამუშევრები-მეთქი... ჰოდა, მესამე დღეს რომ მივედი, კარი გამიღეს, იაკობ ნოკოლაძე ზის სავარძელში, ჩემკენ არ იყურება, გავიხედე გვერდზე და ვხედავ, მარშალი სტალინი დგას, ხმალი აქვს წინ გაშვერილი და ხელი სულ დამსკდარი აქვს – გამხმარა თიხა და ჩანს კარკასი, მძივებივით კიდია... მეორე, მარშალი სტალინი ცხენზე – ცხენის ფეხები, ტორსი, სტალინი დანაწევრებულია... ვეუბნები, ძალიან ვწუხვარ, ამას აღვადგენ-მეთქი... არაო, მე შენი დიდი მადლობელი ვარო, მოხუცი ვარ... ამის მერე აღარ შეგაწუხებო... მოკლედ, ძალიან თავაზიანად გამომაგდო.”

ჩვენთან საუბარში 80 წლის მოქანდაკე დეტალურად იხსენებს აკადემიაში სწავლის პერიოდს – იხსენებს ისე, როგორც მხატვარმა უნდა გაიხსენოს – ახსოვს დეტალები, რომელიც არა მარტო იაკობ ნიკოლაძეს, არამედ მთელ ეპოქასაც ახასიათებს:

[ირაკლი ოჩიაურის ხმა] “მას შემდეგ ხმას აღარ მცემდა... გავიდა რამდენიმე თვე და არც მესალმებოდა. განაწილება მოხდა სტუდენტების სახელოსნოებში. არ ვიცი, რა ვქნა – არის კანდელაკი და არის ნიკოლაძე, მე ვარ ნიკოლაძის მოწაფე, არ მინდა კანდელაკთან... ერთხელაც საიდანღაც მოვდივარ და რუსთაველის ძეგლის ქვეშ ვხედავ – ცოტა კუზივით ჰქონდა სიბერეში, ხელები უკან აქვს დაწყობილი და ახალგაზრდა ქალები მოდიან – გააყოლებს თვალს და გამოაყოლებს... ერთხელ შენიშვნა მისცეს, მხატვარი სილამაზეს უნდა უყურებდესო, ასე იპოვა გამოსავალი. ჰოდა, მე არ მომკრა თვალი? მაგრამ ხომ არ მესალმება. ნელ-ნელა გვერდს ვუვლი და უცებ თითი დამიქნია. სიხარულით მივედი - ეხლაო განაწილებააო და ჩემთან დაწერე განცხადებაო... უთქვამს ჩემთვის... უკმაყოფილო იყო თავისი მოწაფეებით და მეუბნებოდა, მე შენგან მხატვარს გავზრდი, მე მაგათ ვაჩვენებო.”

იაკობ ნიკოლაძემ პირობა შეასრულა და, მართლაც, გაზარდა მხატვარი, რომელმაც მთელი ეპოქა შექმნა ქართულ (და არა მარტო ქართულ) ქანდაკებაში. 60-იან წლებში ირაკლი ოჩიაურის ნამუშევრების გამოფენა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მოეწყო. მაგრამ 70-იანი წლების მეორე ნახევრიდან ჭედურ ხელოვნებას კრიზისის ნიშნები დაეტყო. ამ კრიზისის შესახებ დღეს 80 წლის მხატვარიც საუბრობს. რატომ დაკარგა პოპულარობა ქართულმა ჭედურმა ხელოვნებამ? ამის შესახებ ზუსტად ერთი კვირის შემდეგ გიამბობთ.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG