Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფასების ზრდა საქართველოში


ფასების ზრდა საქართველოში შესამჩნევი ხდება და ეს პროცესი უკვე ოჯახის ბიუჯეტსაც საკმაოდ მკვეთრად ეტყობა.

ისედაც მომჭირნედ მცხოვრები დიასახლისები სურსათის გაძვირებას მწვავედ განიცდიან და ამტკიცებენ, რომ ბოლო პერიოდში მათი ხარჯები, ლამისაა, ორჯერ გაიზარდა. საქართველოში ფასების მატების ერთ-ერთ ძირითად მიზეზად საწვავის გაძვირება სახელდება. და თუკი გავითვალისწინებთ ექსპერტთა გათვლებს, რომ ბენზინის ფასი უახლოეს მომავალში კიდევ 30-40 თეთრით გაიზრდება, ლოგიკურად - სურსათის გაძვირებასაც უნდა ველოდეთ.

3-სულიანი ოჯახის სურსათით მომარაგება 28 წლის თამარ ნინუას ფუნქციაა და ამიტომ მან თითოეული პროდუქტის ფასი ზეპირად იცის. შესაბამისად, ახალგაზრდა დიასახლისს არც ფასების ბოლოდროინდელი ზრდა გამოეპარებოდა:

(თამარ ნინუას ხმა) ”საერთო ჯამში, ყველაფერი გაძვირდა. მარილი, მაგალითად, ყველაზე უბრალო მარილი, რაც ღირდა 35 თეთრი, 80 თეთრი გახდა. ხორცი გაძვირდა ძალიან და ყველი გაძვირდა საგრძნობლად - 5 და 6 ლარი რომ ღირდა სულგუნი, ახლა 7 ლარი ღირს. ზეთები სულ გაძვირებულია - არჩევანი რომ იყო 2 ლარიდან 3 ლარამდე, ახლა - 3 და 70, 3 და 50, 3 და 20, 2 და 90-ია.” (სტილი დაცულია)

ასე სათითაოდ გაზრდილი ფასები, საბოლოო ანგარიშით, საშუალო შეძლების ოჯახის საფულეზე საგრძნობ კვალს ტოვებს. როგორც თამარ ნინუა ამბობს, ახლა მას ლამის ორმაგის გადახდა უწევს:

(თამარ ნინუას ხმა) ”ლარი, ლარი, ლარი და უკვე ძალიან ბევრი გამოდის. გუშინ, მაგალითად, მართლა არაფერი მოვიტანე სახლში და, ალბათ, 100 ლარი დავხარჯე: სტაფილო მოვიტანე, ბრინჯი, გრეჩიხა, ზეთი და რაღაცეები - აი, არაფერი, რა ... აი, დღეს რომ 100 დავხარჯე, ადრე ამაში მართლა 50-ს დავხარჯავდი.” (სტილი დაცულია)

ახალგაზრდა დიასახლისის ანგარიშით, თუკი მის სამსულიან ოჯახს პროდუქტების გაძვირებამდე თვეში საკვებზე დაახლოებით 300 ლარი ესაჭიროებოდა, გაცილებით ეკონომიური ხარჯვის პირობებში, ახლა 500 ლარიც ძლივს ყოფნის.

ამასვე ამტკიცებს კიდევ უფრო გამოცდილი დიასახლისის, ნათელა შაშიაშვილის, ფინანსური არითმეტიკა. მის მიერ დასახელებული ციფრები
3-სულიანი ოჯახის ასევე მომჭირნედ ცხოვრების ფონზეა ნაანგარიშევი:

(ნათელა შაშიაშვილის ხმა) ”დაახლოებით, სულ ცოტა, ჩვენ რომ ვცხოვრობთ, ასე რომ იცხოვრო, ალბათ, საჭიროა 500-600 ლარი. გაძვირებამდე, ნუ - 400, 300...”. (სტილი დაცულია)

რამ გამოიწვია ფასების ასეთი ზრდა საქართველოში? ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე თენგიზ შერგელაშვილი მიიჩნევს, რომ გაძვირება, ძირითადად, კონტრაბანდასთან, ანუ გადასახადების დამალვასთან, ბრძოლის შედეგია:

(თენგიზ შერგელაშვილის ხმა) ”ამ წლის დასაწყისიდან დაიწყო სერიოზულად ლეგალიზაციის ზრდა, ანუ გადასახადების გადახდა, რამაც გარკვეულწილად გამოიწვია ამ ფასების ზრდა - ეს არის, მე მგონი, ძირითადი მიზეზი. მეორე მხრივ, ერთ-ერთ ძირითად წყაროდ შეიძლება დავასახელოთ თითონ ნავთობპროდუქტების სფეროში ლეგალიზაციის ზრდამ გამოიწვია ნავთობპროდუქტებზე ფასების ზრდა. და ეს შესაბამისად აისახა სხვა პროდუქტების ფასის ზრდაზე, მათ შორის - შიდა წარმოების.” (სტილი დაცულია)

ახალი საგადასახადო კოდექსის მიხედვით, 1 ტონა ბენზინზე გადასახდელი აქციზის მოცულობა 200-დან 250 ლარამდე უნდა გაიზარდოს. შესაბამისად, ხსენებული პარამეტრი და კიდევ - საწვავის ხარისხის კონტროლის გამკაცრება - ექსპერტთა აზრით, 1 ლიტრ ბენზინს 30-40 თეთრით გააძვირებს. ხოლო, თავის მხრივ, ეს პროცესი სხვა ბევრი პროდუქტის და, მათ შორის, სურსათის ფასსაც გაზრდის. ბუნებრივად გაძვირდება მგზავრობაც, რისი წარმოდგენაც ტაქსის მძღოლებს წინასწარვე აშინებთ:

(ტაქსის მძღოლის ხმა) ”კი, რაზეა ლაპარაკი, ყველას ეშინია, მარტო მე კი არა. რა ჩვენი ბრალია ბენზინის გაძვირება, ჩვენც არა გვაქვსო, - მგზავრი იტყვის, რა, მაგას ... ნაკლებად ჩაჯდებიან, რა, უკვე... კილომეტრზე ეხლა ჩვენ დავდივართ 50 თეთრად და, რა ვიცი, ალბათ, 70 გახდება. რა ვიცი, ისეც უჭირს ხალხს გადახდა, ამ 50 თეთრისა და, რა ვი, 70-ს.... დრო გვიჩვენებს, რა... ”. (სტილი დაცულია)

დრო, მართლაც, ყველაფერს გვიჩვენებს, მაგრამ თუკი ბენზინის ფასთან დაკავშირებით ექსპერტთა ვარაუდი გამართლდა, მგზავრობის გაძვირების გამო დიასახლისებს ოჯახის გამოკვება კიდევ უფრო ძვირი დაუჯდებათ.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG