Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფინანსურ ამნისტიასთან დაკავშირებული საკითხები პარლამენტში სერიოზულ უთანხმოებას იწვევს


საკითხი, თუ ვის უნდა შეეხოს და ვის არა ფინანსური ამნისტია, უთანხმოებას რამდენიმე მიმართულებით იწვევს: პარლამენტსა და მთავრობას შორის,

თვით მთავრობის წევრებს შორის და საპარლამენტო უმრავლესობაში. ცნობილია, რომ მთავრობის ეკონომიკური ბლოკი ფართომასშტაბიანი ფინანსური შეწყალების მომხრეა, ძალოვანების აზრით კი, ამნისტირებულთა წრე ვიწრო უნდა იყოს. აზრი ორად არის გაყოფილი პარლამენტშიც. ვის უნდა შეეხოს და ვის არა ფინანსური ამნისტია, ამაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა სერიოზულად იდავეს ორშაბათს პარლამენტის ბიუროს სხდომაზეც, თუმცა ეს ფაქტი საქართველოში მოქმედ წამყვან ტელეკომპანიებს რატომღაც არ გაუშუქებიათ. დავა გრძელდება, თუმცა უმრავლესობაში მაინც შეთანხმების მიღწევას ელიან.

ფინანსური ამნისტიის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით შეთანხმებამ ძალიან დაიგვიანა. სახელმწიფო მოხელეთა ფართო თუ, პირიქით, ვიწრო წრეს უნდა შეეხოს ფინანსური შეწყალება, ამაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრები დღესაც დაობენ. იმათ, ვინც ფინანსური ამნისტიის ფართო წრეზე გავრცელებას ითხოვს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში პროსამთავრობო განწყობილების დეპუტატებს უწოდებენ. ასეთებს შორის არიან პრემიერ -მინისტრ ჟვანიას ძველი თანამებრძოლებიც. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის პოზიციას -ფინანსური ამნისტია არ შეეხოს სახელმწიფო მოხელეთა ფართო წრეს, გიგა ბოკერია და ნიკა გვარამია ახმიანებენ. ერთი სიტყვით, სადავო საკითხზე ერთმანეთისგან განსხვავებულ მოსაზრებებს “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” გაერთიანებული ორი ძალის წარმომადგენლები გამოთქვამენ. მათგან აწ უკვე ყოფილი დემოკრატი მიხეილ მაჭავარიანი კატეგორიულად უარყოფს ბეჭდვითი მედიით გავრცელებულ ინფორმაციას ამნისტიასთან დაკავშირებით ბიუროს სხდომაზე წარმოჩენილი სერიოზული უთანხმოების შესახებ:

[მიხეილ მაჭავარიანის ხმა] “არანაირი დაპირისპირება და ჩხუბი არ ყოფილა. იყო ძალიან კონკრეტული შეთანხმება. რომ გამოვედით, მე და გიგამ და ელენემ ვილაპარაკეთ ჩვეულებრივ. მე ჩემი აზრი მაქვს, მათ თავისი. ჩემი მოსაზრებით, ამ თემას ან საერთოდ არ უნდა შევხებოდით (სამოხელეო ამნისტიას), ან, თუ შევეხეთ, უნდა გავაკეთოთ რაიმე ღირებული. “ (სტილი დაცულია)

შედგა თუ არა ბიუროს სხდომაზე შეთანხმება რაიმე ღირებულისთვის? ამ შეკითხვაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წარმომადგენელმა ნიკა გვარამიამ გვიპასუხა:

[ნიკა გვარამიას ხმა] “მე აღარ ვიცი, შეთანხმებას ვინ რას ეძახის. მე ვიცი ჩვენი კომიტეტის პოზიცია. ყველა თანამდებობის პირს არ შეეხება ეს ამნისტია, შეეხება წვრილ თანამდებობის პირებს. “

უმრავლესობის ერთი ნაწილი ითხოვს, ფინანსური ამნისტია არ გავრცელდეს უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირებზე: მაგალითად, დეპუტატებზე, მინისტრებზე, აჭარისა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეებზე და მათ მოადგილეებზე. ასეთი წინადადებით ცოტა ხნის წინ ფრაქციის სხდომაზე გამოდიოდნენ დეპუტატები მიხეილ მაჭავარიანი და რომან გოცირიძე. იურიდიულ კომიტეტში ითხოვდნენ ამნისტია არ გავრცელებულიყო მოხელეებზე, რომლებსაც აქვთ შევსებული ქონებრივი დეკლარაცია, რაც სახელმწიფო მოხელეთა ფართო წრეზე ამნისტიის გაუვრცელებლობას ნიშნავს. ფრაქციის შიგნით საკითხის განხილვა კონსენსუსით ვერ დასრულდა. ამის შემდეგ იყო პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა, სადაც მიღწეულ იქნა შეთანხმება, ამნისტიას არ დაქვემდებარებოდნენ გუბერნატორები და დეპარტამენტების თავმჯდომარეები. პრემიერის დაპირება, რომ ეს შეთანხმება შესაბამის პროექტში აისახებოდა, არ შესრულდა და სწორედ ამის შემდეგ შედგა მწვავე პოლემიკა ბიუროს სხდომაზე. რა იქნება შემდგომ, შეძლებენ თუ არა უმრავლესობის წევრები სადავო საკითხზე შეთანხმების მიღწევას, ძნელი სათქმელია. არსებობს აზრი, რომ ფინანსური ამნისტიის კანონპროექტის განხილვა პარლამენტში რამდენიმე თვით გადაიდება. მიხეილ მაჭავარიანმა კი ჩვენთან საუბრისას გამოთქვა იმედი, რომ შეთანხმება უახლოეს დღეებში შედგება და კანონს ფინანსური ამნისტიის შესახებ პარლამენტი ამ კვირის ბოლოსთვის მიიღებს.
XS
SM
MD
LG