Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არჩევნები სახელმწიფო უნივერსიტეტში


თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი არჩევნების მოლოდინშია. 13 დეკემბერს დიდ სამეცნიერო საბჭოს რექტორობის ოთხი კანდიდატიდან ერთის არჩევა მოუწევს.

მიუხედავად იმისა, რომ პრორექტორი რუსუდან ლორთქიფანიძე ხელისუფლების აშკარა მხარდაჭერით სარგებლობს, არ არის გამორიცხული გამარჯვებულის გამოსავლენად არჩევნების მეორე ტურის დანიშვნა გახდეს საჭირო. თუმცა ბევრი რამ იმ წინაასარჩევნო შეხვედრებზე იქნება დამოკიდებული, რომელსაც რექტორობის კანდიდატები უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებთან მართავენ.

ვინ უხელმძღვანელებს უნივერსიტეტს უახლოესი ხუთი წლის განმავლობაში? - ამ კითხვაზე პასუხს დაინტერესებული საზოგადოება არასრულ ორ კვირაში, 13 დეკემბერს, მიიღებს, როცა უნივერსიტეტის დიდი სამეცნიერო საბჭო ფარული კენჭისყრით გამარჯვებულს გამოავლენს. მანამდე კი ყველაზე რეალურ კანდიდატებად ორიოდე თვის წინ პრორექტორად დანიშნული რუსუდან ლორთქიფანიძე და რუსთაველის საზოგადოების თავმჯდომარე მიხეილ ქურდიანი სახელდებიან. ლორთქიფანიძის რექტორად არჩევას ბევრი უნივერსიტეტელი რევოლუციური გარდაქმნების წინაპირობად მიიჩნევს. თეა ქამუშაძე, ისტორიის ფაკულტეტის მეორე კურსის მაგისტრანტი ამბობს, რომ, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებისგან განსხვავებით, უნივერსიტეტში წლების განმავლობაში არაფერი შეცვლილა:

[თეა ქამუშაძის ხმა] “რასაც ვხედავთ უნივერსიტეტში, რევოლუციის ნიშნები ნამდვილად არ არის, არც რამე იცვლება, თუმცა მოლოდინი გვაქვს და ჩვენი მოლოდინი დაკავშირებულია ქალბატონ რუსუდანთან და მის რექტორად არჩევასთან. პირდაპირ ვიტყვი, რომ უნივერსიტეტი არის დიპლომების ბაზრობა, გათხოვებისათვის შანსი და გარდერობის დემონსტრირების საშუალება.”

მაგრამ საკითხავია, აპირებს კი თავად რექტორობის კანდიდატი უნივერსიტეტში რევოლუციური ცეცხლის შეტანას? რუსუდან ლორთქიფანიძე მომავლის გეგმებზე საუბრისას საკმაოდ მოზომილია:

[რუსუდან ლორთქიფანიძის ხმა] “წინააღმდეგი ვარ მიზნის მისაღწევად ყველანაირი ქირურგიული ჩარევისა, მე ამ შემთხვევაში უფრო ჩემს მეორე პროფესიას, დიპლომატიას, მივმართავდი. უნდა გამოვიყენოთ ჩვენს ხელთ არსებული საშუალებები, რათა რაც შეიძლება მალე მივაღწიოთ იმ სასურველ შედეგებს, რისთვისაც არის ჩაფიქრებული ეს რეფორმა”..

ზოგიერთი ექსპერტის აზრით, რომ არა პოლიტიკური კონიუნქტურა, უნივერსიტეტში ერთი თვის წინ მისულ რუსუდან ლორთქიფანიძეს რექტორის არჩევნებში გამარჯვების ძალზე მცირე შანსი ექნებოდა, მაგრამ ცნობილია, რომ ამ კანდიდატს მხარს თვით საქართველოს პრეზიდენტი უჭერს. პარლამენტის წევრი ფიქრია ჩიხრაძე ეჭვობს, რომ, არჩევნებში რუსუდან ლორთქიფანიძის გამარჯვების შემთხვევაში, უნივერსიტეტს რეალურად სულ სხვა პიროვნება უხელმძღვანელებს:

[ფიქრია ჩიხრაძის ხმა] “ჩვენ უნდა ვივარაუდოთ, რომ ხელისუფლებას ამ შემთხვევაში ქალბატონი რუსუდანი სჭირდება სიმბოლურ ფიგურად, რომელსაც წარადგენინებენ კანცლერის მათთვის სასურველ კანდიდატურას და მერე ის კანცლერი მართავს უნივერსიტეტს ისე, როგორც ეს ხელისუფლებას სურს.”

მაგრამ არ არის გამორიცხული, დიდმა სამეცნიერო საბჭომ სულ სხვა კანდიდატს დაუჭიროს მხარი. მიხეილ ქურდიანს, უნივერსიტეტის რეალური ავტონომიის მოთხოვნისა და განათლების რეფორმის ოპონირების წყალობით, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა შორის ბევრი მხარდამჭერი ჰყავს. ქურდიანი კატეგორიულად ეწინააღმდეგება ხელისუფლების სურვილს აკონტროლოს უნივერსიტეტი:

[მიხეილ ქურდიანის ხმა] “პროექტი, სამწუხაროდ, არის გათვლილი შემდეგზე: აკონტროლოს სახელმწიფომ რაც შეიძლება მეტად უნივერსიტეტი. არის მეორე საკითხიც: პროექტის თანახმად, სახელმწიფო უნივერსიტეტის დაფინანსების ფორმა უნდა იყოს მხოლოდ გრანტული ფორმა.”

დაფინანსების ახლებური სისტემის კრიტიკას უნივერსიტეტში ბევრი იზიარებს - მათ შორის, დიდი სამეცნიერო საბჭოს წევრი და ცნობილი მეცნიერი რისმაგ გორდეზიანი:

[რისმაგ გორდეზიანის ხმა] “ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია ის, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტს არ ჰქონდეს საბაზისო დაფინანსება და იყოს იგი დამოკიდებული ვაუჩერებზე.”

დაბოლოს, კვლავ 13 დეკემბრისთვის დანიშნული არჩევნების შესახებ. პირველივე ტურში გამარჯვებისათვის აუცილებელია რომელიმე კანდიდატმა ნახევარზე მეტი, ანუ 104, ხმა მიიღოს. თუ ვერც ერთი კანდიდატი ხმათა 50 პროცენტზე მეტს ვერ მოაგროვებს, დებულების თანახმად, იმავე დღეს არჩევნების მეორე ტური გაიმართება, ხოლო გამარჯვებულად ის კანდიდატი გამოცხადდება, რომელიც ელემენტარულად მეტ ხმას მიიღებს.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG