Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რამდენად უსაფრთხოა თბილისის მეტროპოლიტენი?


მიუხედავად იმისა, რომ თბილისში მგზავრების გადაყვანას 6 ათასამდე სამარშრუტო ტაქსი ემსახურება, მომხმარებელი არც მეტროპოლიტენს ელევა.

ამ ყველაზე იაფი და სწრაფი ტრანსპორტით დღის განმავლობაში ასობით ათასი თბილისელი მგზავრობს. თუმცა ერთია სიიაფე და მობილურობა და მეორე - უსაფრთხოება, რომლის გარეშეც მიწისქვეშა ტრანსპორტის არსებობას აზრი ეკარგება.

[ისმის მატარებლის ხმა]

თბილისის მეტროპოლიტენი მუშაობას დილის ექვსი საათიდან იწყებს და მგზავრებს შუაღამემდე ემსახურება. აქა-იქ შემორჩენილი ტრამვაი, ტროლეიბუსები და მეტროპოლიტენი დღემდე მუნიციპალურ საკუთრებად ითვლება და მათ დედაქალაქის ბიუჯეტი წლის განმავლობაში 18 მილიონი ლარით აფინანსებს. სწორედ ამგვარი დოტაციის გამოა, რომ მეტროთი სარგებლობა თბილისელებს სულ რაღაც 20 თეთრი უჯდებათ. სიიაფე და მობილურობა - ეს არის ის ორი ძირითადი მიზეზი, რის გამოც მგზავრები უპირატესობას მიწისქვეშა ტრანსპორტს ანიჭებენ.

[ქალბატონის ხმა] “უფრო სწრაფია, იმიტომ რომ გზები ძალიან გადატვირთულია და, რაც მთავარია, სახლთან ახლოს არის. …და იაფია.”

[ქალბატონის ხმა] “ჯერ ერთი, შეიძლება ძალიან სწრაფად გადაადგილდე და კიდევ: წიგნაკი მაქვს უფასო მგზავრობის.”

რაც შეეხება უსაფრთხოებას:

[ქალბატონის ხმა] “ვერ ვიტყოდი, იმიტომ რომ აქაც შუქი ითიშება და შეიძლება ისეთი ამბავი დაგემართოს, რომ ვეღარ გაეკარო მეტროს.”

[მამაკაცის ხმა] “მშენებელი კაცი ვარ და ვიცი, როგორ წარმოიქმნება ეს უსაფრთხოება. მაგრამ ხომ გაგიგიათ, მგლის შიშით ცხვრის ფარა ვის გაუწყვეტიაო. მაინც ჩავდივარ.”

ცხადია, მეტროში ჩასული ადამიანების სიცოცხლეს მხოლოდ დენის არასტაბილური მიწოდება როდი უქმნის საფრთხეს. მაგალითად, სულ ახლახან სადგურ “თავისუფლებაზე” მგზავრებით სავსე ელმავალს ხანძარი გაუჩნდა.
[ნინო წერეთელი] “იყო ბოლი და თან აშკარა იყო, რომ იწვოდა რაღაც რეზინა ან პლასტმასი, რის გამოც რამდენიმე წუთის განმავლობაში არ იღებოდა მატარებლის არც ერთი კარი. მოგვიანებით მოხერხდა ეს - გაიღო კარი, დაიწყო ხალხის ევაკუაცია. ხალხი შეშინებული იყო, იმიტომ რომ მეორე მატარებელი მოადგა უკნიდან, იქ მყოფი ხალხი გვირაბში ელოდა. იქიდან რომ გამოდიოდნენ, ხალხი ამბობდა, საერთოდ მეტროში აღარ ჩავალთო.”

ეს ნინო წერეთელი იყო, საინფორმაციო სააგენტო “კავკას-პრესის” ჟურნალისტი, რომელიც 1 დეკემბერს მომხდარ ინციდენტს შეესწრო. თბილისის მეტროპოლიტენის ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის უფროსი თემურ კვარაცხელია კი ხანძრის შესაძლო მიზეზებზე საუბრობს:

[თემურ კვარაცხელიას ხმა] “ვაგონებს შორის ელექტროსადენები გადის და მანდ მოხდა მოკლე ჩართვა, შეიძლება დენის, შეიძლება მექანიკური დაზიანების გამო. ამ მოკლე ჩართვამ გამოიწვია დაკვამლიანება. უმნიშვნელო ინციდენტი იყო, გადავრჩით.”

გადავრჩით - ეს სიტყვა ჩემს რესპონდენტს შემთხვევით არ უხსენებია. საქმე ის არის, რომ მასშტაბურმა შემცირებამ, რომელიც დღესდღეობით ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურში მიმდინარეობს, გვერდი ვერც მიწისქვეშეთს აუარა. თავად განსაჯეთ: მეტროპოლიტენის მთელი ქსელის უსაფრთხოებას 15 მეხანძრე უზრუნველყოფს.

[თემურ კვარაცხელიას ხმა] “ვინ უნდა ჩააქროს ეს ხანძარი? ძალიან დიდი პრობლემაა მარტო ჩვენთან კი არა, რესპუბლიკის მასშტაბით. ნახევარზე მეტი თანამშრომელი შემცირებაში მოყვა, მეხანძრეები გაუშვეს და ცეცხლის ჩამქრობი აღარავინაა.”

და კიდევ: უსაფრთხოების მაღალ რისკს, როგორც ამას ჩემთან საუბარში თბილისის ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის მთავარი სპეციალისტი ნუგზარ მაისურაძე აცხადებს, დიდწილად, მგზავრების უპასუხისმგებლობა და საჯარიმო სანქციების არაეფექტურობა განაპირობებს.

[ნუგზარ მაისურაძის ხმა] “ჯარიმა, საერთოდ, მეტროშიც და ჩვენთანაც, ძალიან მიზერულია. იმდენად, რომ გინდ ყოფილა და გინდა არა - აზრი არა აქვს, საერთოდ. მაქსიმალური არის ლარ-ნახევარი.”

მაისურაძის თქმით, ბევრ თბილისელს აღარც კი ახსოვს, რომ მეტროპოლიტენში მოწევა აკრძალულია და რომ ამგვარი საქციელით ხიფათი ათასობით ადამიანს ექმნება. შინაგან საქმეთა სამინისტროში კი მიიჩნევენ, რომ მეტროს მგზავრებს ფულად ჯარიმაზე მეტად ხანძარსაწინააღმდეგო მოთხოვნების შესრულებას საპატრულო პოლიციის ის თანამშრომლები აიძულებენ, რომლებმაც მეტროს სადგურებსა და შესასვლელებში მორიგეობა მიმდინარე წლის 9 ნოემბრიდან დაიწყეს.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG