Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სატელევიზიო ვარიაციები უკრაინის თემაზე


უკრაინის პრეზიდენტის არჩევნების განმეორებითი მეორე ტურის წინ ოპოზიციამ ვიქტორ იუშჩენკოსა და ვიქტორ იანუკოვიჩის ტელედებატების ჩატარება მოითხოვა.

26 დეკემბერს დანიშნულ არჩევნებამდე პრეზიდენტობის კანდიდატთა დებატების ორგანიზებისა და პირდაპირი ტრანსლაციის სურვილი უკვე გამოთქვა უკრაინის რამდენიმე ტელეარხმა.
სატელევიზიო პაექრობისთვის მზადყოფნას აცხადებენ იუშჩენკო და იანუკოვჩიც.
მინდა მოგითხროთ მათ მიმართ არსებული ტელეტენდენციების თაობაზე.


რამდენიმე დღეა ქართული ტელეკომპანიების საინფორმაციო პროგრამები უკრაინის ამბებით აღარ იწყება, ისევე როგორც რუსული - ძირითადად, სახელმწიფო - არხებისა, სადაც პირველ ინფორმაციად კვლავ პრეზიდენტ პუტინის სამუშაო დღის ქრონიკა დაბრუნდა.
ბოლო დღეებში მაყურებელს არც ქართული ტელეკომპანიების ეთერით უნახავს საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრებისა თუ ბრიფინგების ტრადიციული პირდაპირი ტრანსლაციები, იმ უბრალო მიზეზით, რომ ამ ოთხშაბათამდე მიხეილ სააკაშვილს პრესკონფერენცია არ გაუმართავს. ოთხშაბათის ბრიფინგზე კი საქართველოს პრეზიდენტმა პრესისთვის საგადასახადო შეღავათების აუცილებლობაზე ისაუბრა.
თუმცა ისევ უკრაინას დავუბრუნდეთ. ნოემბრის იმ დღეებში, როდესაც სიტუაცია კიევში განსაკუთრებით დაიძაბა, ქართული ტელეკომპანიების საინფორმაციო პროგრამებისთვის უნდა გეყურებინა, რათა ვიქტორ იუშჩენკოსა და მის გარემოცვასთან დაკავშირებული სიტუაცია გცოდნოდა და - რუსულისთვის, თუკი გაინტერესებდა ვიქტორ იანუკოვიჩის ბანაკში არსებული ვითარება. თუმცა მცირე გამონაკლისი ამ შემთხვევებშიც არსებობდა. რაც შეეხება სხვა უცხოურ ტელეკომპანიებს, საქართველოში მათი მაყურებლების რაოდენობა მინიმალურია.
ქართულ და რუსულ ტელესივრცეში უკრაინის მოვლენები, ძირითადად, სახელმწიფოს პოზიციისა და, მეტ-ნაკლებად, პირადი დამოკიდებულების მიხედვით შუქდება. რუსეთში, რომლის პრეზიდენტმა არჩევნებში გამარჯვება იანუკოვიჩს ნაადრევად მიულოცა, ტელეკომპანიების ნაწილი - მაგალითად, OPT - ოპოზიციის მხარდამჭერთა მიტინგებს მასობრივ არეულობას, კონსტიტუციის დარღვევას და სახელმწიფო გადატრიალებას უწოდებდა, არხის ეთერში კი ნარინჯისფერს ცისფერი სჭარბობდა. ბალანსის დაცვის მცდელობა შეინიშნებოდა რუსეთის სახელმწიფო არხზე, ,,როსიაზე,” თუმცა, მიუხედავად ოპოზიციის ლიდერთა გამოსვლების ჩვენებისა, ტელეკომპანია უპირატესობას დონეცკსა და ლუგანსკში შეკრებილ იანუკოვიჩის მომხრეებს ანიჭებდა. გაცილებით სრული სურათის შექმნას ცდილობდა ტელეკომპანია HTB, თუმცა არც მას უთქვამს, რომ იანუკოვიჩისადმი პუტინის ნაადრევი მილოცვის გამო
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში რუსეთის ელჩი გამოიძახეს.
საქართველოში ყველამ იცის, რომ უკრაინის ოპოზიციის ლიდერი ვიქტორ იუშჩენკო საქართველოს პრეზიდენტის მეგობარია. მიუხედავად მიხეილ სააკაშვილის განცხადებისა იმის თაობაზე, რომ უკრაინის პრეზიდენტად საქართველოსთვის მისაღები იქნება როგორც ერთი, ასევე მეორე ვიქტორი, როგორც ჩანს, იუშჩენკოსა და სააკაშვილის მეგობრობა ქართული ტელესივრცისთვის გეზის ერთ-ერთი მიმცემი აღმოჩნდა.
ჟურნალისტიკისთვის აუცილებელი ბალანსის დაცვის მცდელობა სხვადასხვა არხზე სხვადასხვა დოზით შეინიშნებოდა. თუმცა ამას ხელი არ შეუშლია სამაუწყებლო კომპანია ,,რუსთავი 2”-ის კორესპონდენტებისთვის კიევიდან პირდაპირი ჩართვებისას ეთერში ვიქტორ იუშჩენკოს მომხრეთა ნარინჯისფერი ატრიბუტიკითა და იულია ტიმოშენკოს მსგავსი ვარცხნილობით გამოჩენილიყვნენ.

[არმაზ ახვლედიანის ხმა] ,,რა თქმა უნდა, შესაძლოა, ვინმემ მითხრას, რომ ეს არის დამოუკიდებელი, ალბათ, დამოუკიდებელი ტელეკომპანიის ჟურნალისტი და მას უფლება აქვს ასე მოიქცეს. მაგრამ როდესაც მე ამას ვხედავ, უბრალოდ, აღარ მინდა, რომ ვუყურო. ჟურნალისტს შეუძლია საკუთარი პოლიტიკური და ადამიანური სიმპათიები გამოხატოს პირდაპირი ჩართვის შემდეგ, მაგრამ როდესაც პირდაპირი ეთერია, ამის გაკეთება, სულ ცოტა, არაკორექტულია.”

თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის დირექტორი, პოლიტოლოგი არმაზ ახვლედიანი ამბობს, რომ, მეტ-ნაკლებად, ყველა ქართული ტელეკომპანია ერთნაირად და ტენდენციურად ასახავდა უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს:

[არმაზ ახვლედიანის ხმა] ,,შეიძლება ემოციურად დაეთანხმო ამა თუ იმ პოზიციას, მაგრამ სატელევიზიო სივრცის ამოცანა ხომ ის არ არის, რომ ერთი ჟურნალისტის ან რომელიმე ტელეკომპანიის პოზიცია გადმოგცეს ან თავს მოგახვიოს. ეს არ ნიშნავს, რომ ვინმე არ ეთანხმება - თუმცა ასეთებიც შეიძლება არსებობდნენ - იმ პოზიციას, რომელსაც ვისმენდით დღეების განმავლობაში. მე მაინც მინდა, რომ ჟურნალისტი იყოს ობიექტური, მომაწოდოს სხვადასხვა მოსაზრება და დასკვნა თავად გავაკეთო.”

ერთგვარი დასკვნა, ალბათ, თავად გამოიტანა მან, ვინც გასულ ოთხშაბათს ტელეკომპანია ,,მზის” ეთერში ვლადიმირ ჟირინოვსკი ნახა. იანუკოვიჩის მხარდამჭერთა ცისფერზოლიანი კაშნეთი შემოსილი ჟირინოვსკი ქართული ტელეკომპანიის ეთერით უკრაინას ეკონომიკური ბლოკადითა და რუსული ელექტროენერგიის შეწყვეტით დაემუქრა და განაცხადა, რომ იუშჩენკო უკრაინის პრეზიდენტი ვერ იქნება. ამ შემთხვევაში მაყურებლის მიერ გამოტანილი დასკვნა, სავარაუდოდ, კვლავ უკრაინის ოპოზიციის სასარგებლო იქნებოდა.
პარალელურად საინტერესო პროცესები მიმდინარეობს უკრაინის ტელესივრცეში, სადაც საპრეზიდენტო არჩევნებამდე რეალურად ერთი ოპოზიციური ტელეკომპანია, იუშჩენკოს მხარდამჭერი ,,მე-5 არხი”, არსებობდა. თუმცა არჩევნებამდე ოპოზიციას მიემხრო მანამდე ნეიტრალური ტელეარხი ,,ერაც.” ამავე პერიოდში სახელმწიფოს მიერ კონტროლირებული ტელეკომპანიები ,,ინტერი” და ,,სტუდია 1+1” დატოვა რამდენიმე ჟურნალისტმა, რომლებსაც, მათივე განცხადებით, საზოგადოების დეზინფორმირება მობეზრდათ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შემდეგ კი გახშირდა დემარშები უკრაინელი ჟურნალისტებისა, რომელთა ლოზუნგად, შესაძლოა, გამოდგეს სიტყვები: ,,დღეიდან სიმართლეს ვამბობთ.” გაუჩნდებათ თუ არა მათ
,,გამარჯვებული ხალხის ტელევიზიის” ჟურნალისტობის პრეტენზია, ჯერჯერობით ცნობილი არ არის.
  • 16x9 Image

    ნინო როდონაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან.

XS
SM
MD
LG