Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა პარლამენტში უჩვეულოდ ”ხავერდოვნად” მიმდინარეობს


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი გასული კვირის განმავლობაში საზოგადოება საქართველოს მთავრობაში განხორციელებულ მორიგ საკადრო ”კარუსელზე” მსჯელობდა,

საკანონმდებლო ხელისუფლებაში სხვადასხვა კომიტეტები კი 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს განიხილავდნენ.

საქართველოს უახლეს ისტორიაში ქვეყნის მთავარი ეკონომიკური კანონის განხილვა არასოდეს ისეთი ”ხავერდოვანი” არ ყოფილა, როგორიც გასულ კვირას იყო. თვით ხელისუფლების კრიჭაში მდგომი ოპოზიციაც კი ბიუჯეტთან მიმართებაში მხოლოდ ყბადაღებული და საკმაოდ უსუსური თემებით ოპერირებდა, რასაც ფინანსთა მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი მისთვის ჩვეული აგრესიულობით პასუხობდა, არცთუ წარუმატებლად. ჩვენმა კოლეგებმა ეს პროცესი, უჩვეული სიმშვიდის გამო, ”ერთი მსახიობის თეატრსაც” კი შეადარეს, სადაც მთავარი და ლამის ერთადერთი პერსონაჟი ზურაბ ნოღაიდელი იყო.

ბიუჯეტთან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ არსებული დაპირისპირება პარლამენტსა და მთავრობას შორის, ფაქტობრივად, გაქრა, რაც გვაფიქრებინებს, რომ 2005 წლის მთავარ ეკონომიკურ კანონს საკანონმდებლო ორგანოში მაინცდამაინც დიდი პრობლემები არ შეექმნება. ამის საფუძველს აღმასრულებელ ხელისუფლებას წლევანდელი საბიუჯეტო წარმატება აძლევს. და მართლაც, წელს პირველად საქართველოს ისტორიაში, მთავრობამ მოახერხა ის, რომ ბიუჯეტის კორექტირება მხოლოდ მატების მიმართულებით მოეხდინა. სხვათა შორის, წლის დასასრულამდე ერთი ასეთი პროცედურის ჩატარება ფინანსთა სამინისტროს, შესაძლოა, კიდევ მოუხდეს, რადგან, ოფიციალური მონაცემებით, მიმდინარე საპროგნოზო მაჩვენებლები 101 მილიონითაა გადაჭარბებული და მის დასაკანონებლად პარლამენტი ბიუჯეტ-2004-ს ისევ უნდა დაუბრუნდეს.

მიმდინარე და მომავალი წლის ბიუჯეტის თემაზე ჩვეული სიამაყით საუბრობს პრემიერ-მინისტრი, რომელსაც მიაჩნია, რომ მომავალი წლის საბიუჯეტო კანონპროექტი ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილი დოკუმენტი იქნება, რაც კი საქართველოს ამ მიმართულებით ჰქონია.

[ზურაბ ჟვანიას ხმა] “ბიუჯეტი ძალიან შეიცვალა - არამხოლოდ რაოდენობრივად. აქ ლაპარაკი იმაზე არ არის, რომ სამჯერ გაიზარდა ერთი წლის განმავლობაში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილი. ასეთი რამე მართლა არსად არ მომხარა დედამიწის ზურგზე - არსად და არასოდეს. ლაპარაკი აღარაა, რომ წელს, პირველად, ბიუჯეტი, უბრალოდ, ტაბულები კი აღარ არის, არამედ... შეიძლება ეს სრულყოფილი დოკუმენტი არ არის, - საერთოდ, ბუნებაში სრულყოფილი არაფერია, - მაგრამ არასოდეს ყოფილა გაწერილი ტექსტის მიხედვით, თითოეულ უწყებაში თითოეული თეთრი რაზე უნდა დაიხარჯოს. აი, ასეთი ბიუჯეტის პროექტი შესთავაზა წელს მთავრობამ საქართველოს პარლამენტს.”

ხელისუფლების გადაჭარბებულ ოპტიმიზმს ეკონომიკურ პროცესებთან დაკავშირებით, ბუნებრივია, ოპოზიცია არ ეთანხმება. ამჟამინდელი უმრავლესობის ოპონენტთა შორის, ტრადიციულად, ყველაზე მეტად ხმაურობენ ”მემარჯვენეები”, რომელთაც მიაჩნიათ, რომ ბიუჯეტის შესრულების, პენსიების მატებისა და დავალიანებების გასტუმრების პარალელურად, საერთო სოციალური ფონი მკვეთრად გაუარესდა. ”მემარჯვენეები”, მათი პოლიტიკური ორიენტაციისათვის თუ არა, სახელისათვის უჩვეულოდ, ბოლო დროს ყურადღებას სოციალურ თემატიკაზე ამახვილებენ და ამჟამინდელ ხელისუფლებას იმ პოლიტიკას უწუნებენ, რომელიც სახელმწიფო ორგანიზაციებში დასაქმებული ადამიანების მასობრივ გათავისუფლებასა და ორგანიზაციული სტრუქტურის ოპტიმიზებაში გამოიხატა. მართლაც, ოფიციალური სტატისტიკით, წელს სახელმწიფო საწარმოებში დასაქმებულთა დაახლოებით 40 პროცენტი უმუშევარი დარჩა და საერთო უმუშევართა არცთუ მცირერიცხოვან არმიას შეუერთდა. და ეს მაშინ, როდესაც ჯერჯერობით ახალი სამუშაო ადგილების შექმნის ტენდენცია, სამწუხაროდ, არ ჩანს. მთავრობა და პრემიერ-მინისტრი ჟვანია აღიარებს, რომ უმუშევრობის პრობლემა, მართლაც, უმწვავესად დადგა, თუმცა, ხელისუფლების თქმით, მათ სხვა ალტერნატივა არ გააჩნდათ: ან უნდა დაეტოვებინათ ყველაფერი ისე, როგორც იყო და 40 ლარიანი ხელფასის მქონე ჩინოვნიკების ”არმიისათვის” კვლავ მიეცათ კორუფციულ სქემებში მონაწილეობის უფლება, ან მოეხდინათ ოპტიმიზაცია და, გამოთავისუფლებული სახელმწიფო მოხელეების ხარჯზე, სახელმწიფო ორგანიზაციებში დაენიშნათ არა სიმბოლური, არამედ მეტ-ნაკლებად რეალური ხელფასები. ამდენად, მთავრობას ოპონენტების შენიშვნები აღიზიანებს. უფრო მეტიც, ჟვანია ამაყობს იმით, რომ მისმა მთავრობამ სახელფასო და საპენსიო დავალიანების დაგროვების ტენდენცია არათუ არ გააგრძელა, ძველი, წლობით ნაგროვები შიდა ვალის გასტუმრება დაიწყო, ხოლო ყველაზე დაუცველ სოციალურ ფენას, პენსიონერებ, პენსიებს უორმაგებს და მთლიანი დავალიანების გასტუმრებას მომავალი წლის ივნისამდე ჰპირდება.

[ზურაბ ჟვანიას ხმა] ”დავალიანებები რომ გაიცა, 250 მილიონი ლარი მიიღეს ადამიანებმა, რომელთაც ბოლო ათი წლის განმავლობაში მუდმივად ართმევდნენ, ჰპარავდნენ ფულს... და ეს დაუბრუნდათ მათ უკან. საერთოდ, დავალიანებების გასტუმრება დამთავრდება მომავალი წლის ივნისამდე - გასტუმრება ყველა დავალიანებისა, რაც კი დაგროვდა ბოლო 11 წლის განმავლობაში.”

დავალიანებების გასტუმრებისათვის თანხები, მართლაც, გათვალისწინებულია მომავალი წლის ბიუჯეტში. ფინანსთა მინისტრის მტკიცებით, მთავრობა მომავალ წელს საბიუჯეტო ორგანიზაციების მიმართ არსებულ ყველა სახის დავალიანებას გაისტუმრებს. კერძოდ, ბიუჯეტის პროექტში ძველი დავალიანებების გასასტუმრებლად 142 მლნ. ლარია გათვალისწინებული. ”142 მლნ. ლარიდან 25 მლნ. ძველი საპენსიო დავალიანებების გასტუმრებას მოხმარდება. შესაბამისად, 142 მლნ. ლარი 2006 წლის ბიუჯეტში უკვე გამოთავისუფლებული თანხა იქნება, რომელიც შემდგომ სხვა სოციალური ღონისძიებების დასაფინანსებლად შეგვიძლია გამოვიყენოთ“, - აცხადებს ზურაბ ნოღაიდელი.

ქვეყანაში რომ ელემენტარული საბიუჯეტო წესრიგი დამყარდა, ამას ვერც ოპოზიცია უარყოფს, მაგრამ ის, რომ სახელმწიფომ დაიწყო კონტრაბანდის შემცირება, ჩაატარა ანტიკორუფციული ღონისძიებები, გაამკაცრა ფისკალური ადმინისტრირება და ა.შ., არა გვგონია, ხელისუფლებისათვის რამენაირი თვითკმაყოფილების საბაბი იყოს. მთავრობა და სახელმწიფო აპარატი იმისათვის არსებობს და მათი ხელფასების დასაფინანსებლად ჩვენ, ჩვეულებრივი გადასახადის გადამხდელები, იმიტომ გავიღებთ თანხებს, რომ მან სწორედ ამგვარი სახელმწიფოებრივი, საზოგადოებრივი, საბიუჯეტო და ა.შ. წესრიგი უზრუნველყოს. და ის, რომ ამჟამინდელი მთავრობა ყოველივე ამის კეთებას ცდილობს, განსხვავებით წინამორბედისაგან, რომელიც საერთოდ არაფრის კეთებას არ ცდილობდა, ბუნებრივია, გვახარებს, თუმცა მეტ-ნაკლები ეკონომიკური ცვლილებები რომ მხოლოდ ადმინისტრირების გამკაცრების ხარჯზე ხდება, გამოცხადებული ეკონომიკური ზრდაც მეტწილად ჩრდილოვანი სექტორის ლეგალიზების შედეგია და ახალი სამუშაო ადგილები და ბიზნესგარემოს გამოცოცხლება - მხოლოდ დეკლარირებული პერსპექტივა, სამწუხაროდ, ჯერჯერობით, საყოველთაო თავმოწონების საფუძველს არ იძლევა.
XS
SM
MD
LG