Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პეკინი+10 მოსამზადებელი შეხვედრის სხვა სახე: ოფიციალური სესიების მიღმა


როგორც გასულ ოთხშაბათს გაუწყეთ, 11-15 დეკემბერს ჟენევაში, გაეროს ევროპის ეკონომიკური საბჭოს ორგანიზებით, გაიმართა გენდერული საკითხებისადმი

მიძღვნილი შეხვედრა. ეს ერთგვარი მოსამზადებელი ეტაპი იყო 2005 წლისთვის დაგეგმილი ღონისძიებისთვის, სადაც გაეროს ქალთა მეოთხე საერთაშორისო კონფერენციაზე მიღებული პეკინის სამოქმედო პლატფორმის ათი წლისთავი უნდა აღინიშნოს. ჟენევაში გამართული შეხვედრის ზოგადი ასპექტების შესახებ გასულ ოთხშაბათს ჟენევიდან გიამბეთ. დღევანდელ სიუჟეტში ამ თემას გავაგრძელებ და ოფიციალური პროგრამის თუ სესიების მიღმა განვითარებულ მოვლენებზე გესაუბრებით.

ჟენევაში ერთი კვირის წინ დასრულებული შეხვედრის მონაწილეებმა დღეს ელექტრონული ფოსტით არასამთავრობოთა ფორუმზე შემუშავებული ანგარიშის ოფიციალური ვერსია მივიღეთ. ანგარიშში სრულად არის წარმოდგენილი ყველა ის საკითხი და რეკომენდაცია, რომლის თაობაზეც ევროპის და ჩრდილოეთ ამერიკის 600-მდე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ორი დღის განმავლობაში მსჯელობდა და რომელიც შეხვედრის ბოლო ეტაპზე ჟენევაში ჩასულ სამთავრობო დელეგაციებს წარედგინათ.

კერძოდ, განხილულია ეკონომიკისა და გენდერის ურთიერთმიმართების კომპლექსური საკითხი და ხაზგასმულია ის ნეგატიური გავლენა, რომელსაც თანამედროვე ნეოლიბერალური ეკონომიკური მოდელის თანმდევი დერეგულაციის და პრივატიზაციის პროცესები ახდენს გენდერულ თუ სოციალურ სფეროებზე. ამდენად, მთავრობებს ეძლევათ რეკომენდაცია, ეკონომიკური ზრდა სოციალურ განვითარებას, გენდერულ თანასწორობასა და გარემოს დაცვას დაუკავშირონ და ყველაფერი გააკეთონ შრომის ბაზარზე დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად. განხილულია აგრეთვე ინსტიტუციური მექანიზმების შექმნის აუცილებლობა ქალსა და მამაკაცს შორის თანასწორობის უზრუნველსაყოფად, რათა გენდერული პერსპექტივა გათვალისწინებული იყოს ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებაში. ანგარიში აგრეთვე ტრეფიკინგის რთულ პრობლემას ეხება და მთავრობებს მის წინააღმდეგ ყველა შესაძლებელი ზომის გატარებას სთხოვს. ბოლო ნაწილში კი ანგარიში ისეთ გლობალურ საკითხებს განიხილავს, როგორიცაა ფუნდამენტალიზმის და სამხედრო სულისკვეთების გაძლიერება და მრავალმხრივად დისკრიმინირებული ქალების – ბოშების, ინვალიდების, ქვრივების, ლესბოსელების, ხანდაზმულების – მდგომარეობა. მთავრობებს ყველა ამ საკითხზე მიეწოდებათ კონკრეტული რეკომენდაციები მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით.

მოკლედ, ალბათ, შეიძლება ითქვას, რომ ეს კონკრეტული ანგარიში აგრძელებს გაეროს რეზოლუციების, კონვენციების თუ დეკლარაციების ტრადიციას და კიდევ ერთხელ მოუწოდებს მთავრობებს თანასწორუფლებიანი და სამართლიანი ქვეყნების - და, შესაბამისად, მსოფლიოს - შენებისკენ. სხვა საქმეა ის, რომ რეალობაში ხშირად ეს მოწოდებები ფორმალურ და მხოლოდ დეკლარირებულ ხასიათს ინარჩუნებს, ვინაიდან მთავრობები ნაკლებად ცდილობენ მათ რეალურ პრაქტიკაში გატარებას. ამას ემატება ისიც, რომ შეხვედრები, სადაც მსგავსი ტექსტები მიიღება, ფართო მასშტაბის და მონაწილეთა სიმრავლის გამო ზოგჯერ რთულ ბიუროკრატიულ მექანიზმებს მოითხოვს, რაც მნიშვნელოვნად ართულებს ყველა დელეგაციის თანასწორუფლებიანი ჩართულობის ხარისხს. ამ კონკრეტულ შეხვედრაზე ასეთი სირთულე აღმოსავლეთ ევროპისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის დელეგაციას შეხვდა. ღია საზოგადოების ინსტიტუტის ქალთა ქსელური პროგრამის დირექტორმა ანასტასია პოსადსკაიამ ეს სირთულე ასე დაახასიათა:

[ანასტასია პოსადსკაიას ხმა] ”შეხვედრას გარკვეული სტრუქტურული პრობლემები აქვს. მთავარი პრობლემა ისაა, თუ როგორ ესმის ამ შეხვედრის სამთავრობო სეგმენტს არასამთავრობოთა როლი. არასამთავრობოების წარმომადგენლების პრესკონფერენციებსა თუ სესიებზე გამომსვლელებად შერჩევის პროცესი გაუმჭვირვალეა. ჩვენ აქ რეგულარულ თათბირებს ვატარებთ აღმოსავლეთ ევროპის და ყოფილი საბჭოთა კავშირის არასამთავრობოებს შორის. ერთ-ერთ თათბირზე ჩვენი რეგიონის წარმომადგენლად ბოშა ქალის კანდიდატურა შეირჩა. ჩვენ გვინდოდა მას რეგიონში არსებული გენდერული პრობლემების შესახებ პრესკონფერენციაზე ესაუბრა, მაგრამ როდესაც მისი კანდიდატურა გადავეცით, გვიპასუხეს, რომ მათ არ სჭირდებოდათ წარმომადგენელი, რომელიც ბოშების პრობლემებზე ილაპარაკებდა. ეს მიუთითებს, რომ გაეროს სამდივნოში ჯერ კიდევ ძლიერია აზრი, რომ ბოშებს - და, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ბოშა ქალებს -არ შეუძლიათ ჩვენი რეგიონის ყველა არასამთავრობო ორგანიზაციის სახელით სხვადასხვა პრობლემაზე ლაპარაკი. იგი მაშინვე გააიგივეს მხოლოდ ბოშა ქალების პრობლემებთან. ეს სტრუქტურული დისკრიმინაციაა.”

შეხვედრის ორგანიზატორებმა ბოშა ქალს, ბეატა ოლაჰოვას, პრესკონფერენციაზე რეგიონის სახელით გამოსვლის უფლება მხოლოდ მას შემდეგ მისცეს, რაც ჩვენმა დელეგაციამ მკვეთრი პროტესტი გამოთქვა და სხდომის დემონსტრაციულად დატოვებითაც დაიმუქრა. კონფერენციაზე ბეატას ბოშა ქალების პრობლემებზე თითქმის არ უსაუბრია, თუმცა სათქმელი მას, მართლაც, ბევრი ჰქონდა უკიდურესი დისკრიმინაციის შემთხვევების შესახებ:

[ბეატა ოლაჰოვას ხმა] ”მთავარი პრობლემები, რასაც ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში და, განსაკუთრებით, სლოვაკეთში მცხოვრები ბოშა ქალები აწყდებიან, სიღარიბე, პოლიტიკური პროცესებიდან აბსოლუტური გარიყვა და განათლების ნაკლებობაა. ისინი მრავალმხრივ დისკრიმინაციას განიცდიან – იქნება ეს შრომის ბაზარზე, ეროვნულ ინსტიტუტებში, სამედიცინო მომსახურების სფეროში თუ სხვაგან. ამასთან, ბოშა ქალებს ხშირად მშობიარობისთვის საავადმყოფოში დაწოლისაც ეშინიათ ცუდი მოპყრობის გამო. ხშირად ბოშა ბავშვი მისტიკური მიზეზების გამო საავადმყოფოშივე კვდება, მაგრამ ამაზე პასუხს არავინ აგებს.”

ისევე როგორც ბოშათა უფლებებზე მომუშავე ინდივიდთა თუ ორგანიზაციათა უმრავლესობა, ბეატა ოლაჰოვა ფიქრობს, რომ ბოშათა ჩაგვრის უკიდურესად მძაფრი გამოვლინება ევროპაში და, განსაკუთრებით, სლოვაკეთში ჯერაც შემორჩენილი იძულებითი სტერილიზაციის პრაქტიკაა:

[ბეატა ოლაჰოვას ხმა] “ბოშა ქალების სტერილიზაცია სლოვაკეთში გავრცელებული პრაქტიკა იყო კომუნიზმის დროს. მაგრამ ის კომუნიზმის დაშლის შემდეგაც შემორჩა და ზოგიერთი ექიმი ამას დღესაც აკეთებს. ხშირად ექიმებს არ გააჩნიათ ბოშა ქალის წერილობითი თანხმობა სტერილიზაციის პროცესის მიმდინარეობის დროს და ქალს ქაღალდები უკვე შემდგომ მიეწოდება ხელის მოსაწერად. ხშირად ისეც ხდება, რომ ქალი სამშობიაროდაა მისული და მას ეუბნებიან, რომ ესაჭიროება საკეისრო კვეთა, რაც საფრთხეს უქმნის ქალისა და ბავშვის ჯანმრთელობას და ამიტომ მან ოპერაციაზე წერილობით უნდა მისცეს თანხმობა. სინამდვილეში მას სტერილიზაციაზე თანხმობას აწერინებენ ხელს. სტერილიზაციის განხორციელების მრავალი ფორმა არსებობს სლოვაკეთში, მაგრამ მთავრობა ამას ყოველთვის უარყოფს და აცხადებს, რომ ეს არ არის მართალი, რომ ქალები ნებაყოფლობით დასთანხმდნენ სტერილიზაციას და რომ ეს მათთვის არავის დაუძალებია. ამდენად, რაიმეს დამტკიცებაც რთული ხდება, ვინაიდან ქალების ხელმოწერა მართლაც არსებობს, თუმცა მათ არ იცოდნენ, რას აწერდნენ ხელს. ძალიან ხშირად ქალები საკუთარ სტერილურობას დიდი ხნის შემდეგ იგებენ, ვინაიდან ვეღარ ორსულდებიან და ექიმს აკითხავენ ხოლმე.”

როდესაც მსოფლიო ჩაგვრისა და უსამართლობის, მართლაც, მრავალფეროვან პრაქტიკას მოიცავს, შესაძლოა, რთული იყოს იმის განსაზღვრა, თუ რომელ საკითხს რამდენი ყურადღება უნდა დაეთმოს საერთაშორისო ასპარეზზე. ალბათ, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ გენდერული საკითხებისადმი მიძღვნილ რომელიმე საერთაშორისო შეხვედრაზე ბოშების მდგომარეობა გაეროს მიერ პრიორიტეტულ საკითხად დაისმება და ბეატას ამ პრობლემებზეც მიეცემა თავისუფლად და საჯაროდ ლაპარაკის საშუალება. მანამდე კი წინ პეკინის სამოქმედო გეგმის მიღების ათი წლისთავი გველის.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG