Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გასულ კვირაში პარლამენტმა საკანონმდებლო ”ბლიცკრიგი” მოაწყო<br>


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი იმის გამო, რომ სახელმწიფო ბიუჯეტთან და საგადასახადო და ფინანსურ ამნისტიასთან დაკავშირებით ”გამოსაშვები ბოლი” ოპოზიციამ თუ დაინტერესებულმა ბიზნესს წრეებმა უკვე გამოუშვეს,

ამ კანონპროექტების განხილვა პარლამენტში უჩვეულოდ უხმაუროდ და ზედმეტი გართულებების გარეშე ჩატარდა.

სამაგიეროდ, გასული კვირის მთავარი ეკონომიკური ინტრიგა ბათუმის სანაოსნოსა და ნავთობტერმინალის მოსალოდნელი პრივატიზების, უკეთ კი მისი გასაყიდი ფასის ირგვლივ განვითარდა. ხელისუფლება იმ განზრახულობათა ოქმს, რომელიც მთავრობასა და ”გრინოუქ ჯგუფს” შორის გაფორმდა, საქართველოს ისტორიაში ყველაზე სარფიან გარიგებად აფასებს, ოპზიცია კი პრივატიზების პროცესის არაგამჭვირვალედ ჩატარებასა და დაბალ ფასზე სტეხს ხმაურს. 101 მლნ. აშშ დოლარი საქართველოს პრივატიზების ისტორიაში მართლაც რეკორდულ თანხად შეიძლება მივიჩნიოთ. აქამდე ყველაზე დიდი მარჟა, რომლითაც სახელმწიფო ქონება გაიყიდა 25 მლნ. აშშ დოლარი იყო. ეს გახლდათ ფასი, რომელიც ამერიკულმა ”ეი-იეს კორპორეიშენმა” თბილისის ენერგოგამანაწილებელ სტრუქტურა ”თელასში” გადაიხადა. ”საპრივატიზებო რეკორდის” მიუხედავად, ოპოზიცია, რომელშიც, ტრადიციულად, ”მემარჯვენეები” აქტიურობენ, გარიგებით უკმაყოფილო არიან და თვლიან, რომ სანაოსნოს და ნავთობტერმინალის გაყიდვა უფრო სარფიანადაც შეიძლებოდა. ოპოზიციას არც ის გასაიდუმლოებული მოლაპარაკებების პროცესი მოსწონს, რომელიც წინ უძღოდა ინტერესთა გამოხატვის ოქმის გაფორმებას. ამ ბრალდებას ექს-ეკონომიკის მინისტრი კახა ბენდუქიძე, როგორც ყოველთვის, ორიგინალურად პასუხობს.

[კახა ბენდუქიძის ხმა] – ”სადაც დიდი ფული დადის, იქ მაინცდამაინც ხმაური არ არის ხოლმე საჭირო და ამიტომ, ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ამ მოლაპარაკებებს ვატარებდით საკმაოდ კონფიდენციალურად და, როცა მივიღეთ შეუქცევადი წინადადებები, ახლა უკვე შეიძლება ამაზე ხმამაღლა ლაპარაკი.”

ოპოზიციის ბრალდებების მიუხედავად, მთავრობა თავის საპრივატიზებო გეგმებში შეუვალია და ბათუმის ნავსადგურის შემდეგ ”ჭიათურმანგანუმის” გაყიდვას აპირებს. საერთოდ, მომავალ წელს ”აგრესიული პრივატიზებიდან” ხელისუფლება 200 მლნ. აშშ დოლარზე მეტი თანხის მობილიზებას ელის. ეს შემოსავალი პრეზიდენტმა მთავრობის სხდომაზე უკვე ”გადაანაწილა” კიდეც. კერძოდ, მიხეილ სააკაშვილის თქმით, თანხის ძირითადი ნაწილი თავდაცვის სფეროსა და ენერგეტიკული პრობლემების მოგვარებას მოხმარდება. რაც შეეხება ბრალდებებს, პრეზიდენტი თავისი მთავრობის დამცველად გამოდის და მას საპრივატიზებო პოლიტიკასაც უწონებს.

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] – ” შევარდნაძის დროს პრივატიზაციის შედეგად საქართველოში ბიუჯეტში შევიდა სულ, თუ არ ჩავთვლით ამერიკელების მიერ ”თელასის” ყიდვას, 25 მლნ. დოლარი. ჩვენ გვაქვს შანსი, რომ წელს ერთ წელიწადში, იმ პირობებში, როდესაც ქონების 90 პროცენტი გაყიდულია, დარიგებულია, ისე რომ ქვეყანას პრაქტიკუ;ად არაფერი არ მიუღია, დარჩენილ ერთ წელიწადში და 10 პროცენტში მივიღოთ 200-250 მლნ. დოლარზე მეტი”.

გასულ კვირაში საქართველოს პარლამენტს ფორსირებულ რეჟიმში მოუხდა რამოდენიმე მნიშვნელოვანი კანონის მიღება. მათ შორის უმნიშვნელოვანესი იყო ახალი საგადასხადო კოდექსი, რომელიც უკვე მომავალი წლის 1 იანვრიდან შევა ძალაში. მიუხედავად იმისა, რომ ამ დოკუმენტის ირგვლივ არაერთი კონსულტაცია გაიმართა, ფისკალური რეფორმით ყველა კმაყოფილი, ბუნებრივია, არ დარჩა. კოდექსთან დაკავშირებით თავისი პრეტენზიები არც ოპოზიციას მოუხსნია, თუმცა მათი შენიშვნების ნაწილი გაუთვალისწინებელი დარჩა და საბოლოოდ პარლამენტმა ახალი კოდექსი მესამე მოსმენითაც დაამტკიცა, რითაც მთავრობა კმაყოფილებას ვერ მალავდა, ხოლო პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია სიამაყით აცხადებდა, რომ ეს დოკუმენტი თავისი ლიბერალური ბუნების მიუხედავად, მაინც საგადასახადო შემოსავლების ზრდის მასტიმულირებელი იქნება.

[ზურაბ ჟვანიას ხმა] – „დარწმუნებულები ვართ, რომ ახალი უფრო ლიბერალური საგადასახადო კოდექსი ჩვენ საშუალებას მოგვცემს, კიდევ უფრო განვამტკიცოთ საბიუჯეტო და ფისკალური ადმინისტრირება, გავაფართოოთ გადამხდელთა ბაზა. და ამის შედეგად, კოდექსის ლიბარლიზაციის შედეგად მაინც მივიღოთ უფრო მეტი საგადასახადო შემოსავალი.”

კვირის ბოლოს ახალ საგადასახდო კოდექსს პარლამენტმა ასევე რეკორდულად მოკლე დროში ფინანსური და საგადასახადო ამნისტიის კანონიც მიაშველა. ექსპერტები თვლიან, რომ კანონის საბოლოო ვარიანტი მთავრობის მიერ თავდაპირველად შემოტანილ ვერსიას ჩაუვარდება, თუმცა თავად ამ ტიპის დოკუმენტის მიღება მაინც პროგრესული აქტია.

მნიშვნელოვანი ეკონომიკური დოკუმენტების მიმართ განხორციელებული ”ბლიცკრიგის” შემდეგ, მომავალ კვირაში თავის ჯერს დაელოდება სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტიც, რომლის არსებითი განხილვა უკვე ჩატარებულია და მის გარშემო დიდ ვნებათაღელვას მაინცდამაინც არავინ ელის. თუმცა პრემიერ-მინისტრს ”იმედი აქვს”, რომ ოპოზიცია მოწყენის საშუალებას მაინც არ მისცემს.

[ზურაბ ჟვანიას ხმა] – ” ძალიან ბევრი კონსულტაციები გვქონდა. ბევრი შენიშვნა პარლამენტის გავითვალისწინეთ. რაიმე განსაკუთრებულ პრობლემებს არ ველოდებით. ოპოზიცია, რა თქმა უნდა, გამოვა და ”მეხს დაგვაყრის”.

ამ მოლოდინის მიუხედავად, 2005 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით, ფაქტობრივად, ყველაფერი გარკვეულია და სავარაუდოა, რომ ოპოზიციის ”ჭექა-ქუხილი” მასში ვეღარაფერს შეცვლის. თავად მომავალი წლის ბიუჯეტი 2 მილიარდ 237 მილიონი ლარამდეა გაზრდილი და მისი საშემოსავლო ნაწილი წლევანდელს 16,1 %-ით აღემატება. ამ ”არნახული” და ”ჯერ არგაგონილი” ბიუჯეტის კენჭისყრა უკვე მომავალ კვირას გაიმართება. საბოლოოდ, თუ იდეალურ კანონს არ მივიღებთ, წელს მთავრობა იმ მავნე ტრადიციას მაინც დაარღვევს, რომელიც ბოლო წლებში ჩამოყალიბდა და რომლის მიხედვითაც საქართველოს საკანონმდებლო ორგანო სახელმწიფო ბიუჯეტს უკევ საბიუჯეტო წლის განმავლობაში, დაგვიანებით, პოსტ ფაქტუმ იღებდა.
XS
SM
MD
LG