Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვინ ზარალდება ”იუკოსის” გაკოტრების პროცესის დაწყებით


რუსეთის ნავთობ-კონცერნ ”იუკოსის” მიერ ჰიუსტონის სასამართლოში წამოწყებულმა სასამართლო პროცესმა და ამავე კონცერნის შვილობილი კომპანია ”იუგან-ნეფტე-გაზის”

გაყიდვამ რამდენიმე მსხვილი საკრედიტო ინსტიტუტი სერიოზულად შეაშფოთა. მათ შორის არიან ისეთი ცნობილი ბანკები, როგორიცაა: ”დოიჩე ბანკი”, ”სიტიბანკი”, ”კომერცბანკი” და სხვ. ამ ბანკებისგან ”იუკოსს” მიღებული აქვს დაახლოებით 5 მილიარდი დოლარის კრედიტი, რომლის მომსახურება სერიოზული კითხვის ქვეშ დგას. რატომ?

”იუკოსის” ყოფილი ხელმძღვანელი მიხაილ ხოდორკოვსკი, როგორც ”ვედემოსტიში” გამოქვეყნებული სტატიიდან ჩანს, უკვე შეეგუა 15 მილიარდიანი ქონების დაკარგვას. აი, ”იუკოსის” კრედიტორები კი არ აპირებენ ხოდორკოვსკის მსგავსად მოიქცნენ. საქმე ისაა, რომ 2004 წლის სექტემბერში ”იუკოსმა” რამდენიმე დასავლური ბანკისაგან ორი კრედიტი აიღო, საერთო მოცულობით, 3,5 მილიარდი აშშ დოლარი, რომლის გარანტად შვილობილი კომპანია ”იუგან-ნეფტე-გაზი” გამოდიოდა. კიდევ ერთი, 1,6 აშშ დოლარის, კრედიტის გარანტი ”იუკოსის” მსხვილი აქციონერი ”მენატეეპი” იყო.

მას შემდეგ, რაც რუსეთის ხელისუფლებამ გაყიდა ”იუგან-ნეფტე-გაზი”, რომელიც რუსული ნავთობის 20 პროცენტის მომპოვებელი საწარმოა, “იუკოსის” ზარალმა 20 მილიარდი ამერიკული დოლარი შეადგინა. ამასთან ერთად, ”იუკოსი” შემოსავლების ძირითადი წყაროს გარეშე დარჩა და, შესაბამისად, 27 დეკემბერს ვერ განახორციელა ყოველთვიური გადარიცხვები კრედიტორი ბანკების ანგარიშებზე. ამის შემდეგ ავტორიტეტულმა სარეიტინგო სააგენტომ “იუკოსის” კორპორაციული რეიტინგი დააქვეითა და მას ”დეფოლტის” შესაბამისი რეიტინგი მიანიჭა.
”იუკოსი” ფარ-ხმალს არ ყრის და დაკარგული ქონების კომპენსირებას სასამართლოს გზით ეცდება. ცნობილი გახდა, რომ 30 დეკემბრისთვის ”ნიუ-იორკ ტაიმსში”, ”ფაინეშელ ტაიმსსა” და სხვა ცნობილ გამოცემებში გამოქვეყნდება “იუკოსის” განცხადება. ამ განცხადებით “იუკოსი” ოფიციალურად გააფრთხილებს ყველას, რომ სასამართლოში უჩივლებს, ვინც მონაწილეობას მიიღებს “იუგან-ნეფტე-გაზის” გაყიდვასთან დაკავშირებულ ოპერაციებში.

ანალოგიური საფრთხის გამო ბევრმა საერთაშორისო საბანკო დაწესებულებამ მონაწილეობა ვერ მიიღო ”იუგან-ნეფტე-გაზის” გაყიდვაზე გამოცხადებულ აუქციონში. მათ შორის იყო ”დოიჩე ბანკიც”, რომელმაც 5 მილიარდი დოლარის კრედიტის უზრუნველყოფა შეძლო ”გაზპრომისთვის”, რათა ამ უკანასკნელს ”იუკოსის” შვილობილი კომპანია ეყიდა. თუმცა “იუკოსის” მიერ ჰიუსტონის სასამართლოში კომპანიის გაკოტრების პროცესის დაწყების გამო “დოიჩე ბანკი” იძულებული გახდა უარი ეთქვა “იუგანსკის” შესყიდვის პროცესში მონაწილეობაზე.

29 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ ”დოიჩე ბანკის” ადვოკატებმა ჰიუსტონის სასამართლოს სარჩელით მიმართეს და “იუკოსის” გაკოტრების პროცესის შეჩერება მოითხოვეს. ადვოკატების მტკიცებით, “იუკოსი” ჰიუსტონში ბიზნესს არ აწარმოებს და, შესაბამისად, მასზე ჰიუსტონის სასამართლოს იურისდიქცია არ ვრცელდება.

როგორც ჩანს, ეს სარჩელი დასაბამს მისცემს სასამართლო პროცესების სერიას ”იუკოსისთვის” ჩამორთმეული ქონებიდან კუთვნილი წილის მისაღებად.
XS
SM
MD
LG