Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოტყუებული მეანაბრეები სამათლიანობის აღდგენას ითხოვენ


პრობლემა, რომელსაც ჩვენი სიუჟეტი ეძღვნება, საზოგადოების ყურადღებას 2005 წლის განმავლობაში კიდევ არაერთხელ მიიპყრობს. ლაპარაკია მოტყუებული

მეანაბრეებისათვის მათი კუთვნილი თანხების დაბრუნების მექანიზმზე, უფრო სწორად კი, ამ მექანიზმის უქონლობაზე.
აპირებს თუ არა ხელისუფლება სამართლიანობის აღდგენას და გაძარცული ადამიანებისათვის ანაბრების ნაწილობრივ დაბრუნებას მაინც? რას ფიქრობენ თავად მოტყუებული მეანაბრეები აღნიშნული პრობლემის თაობაზე?

გასული საუკუნის ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისში, საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების მიერ წარმოებული ლიბერალური ფულად-საკრედიტო პოლიტიკის წყალობით, შემნახველი სალაროებიდან ასობით მილიარდი საბჭოთა მანეთი იქნა გატანილი და მიტაცებული. 1992 წლიდან მოყოლებული, მეანაბრეები უშედეგოდ ითხოვენ კუთვნილი თანხების დაბრუნებას. ერთი პერიოდი, წინა ხელისუფლებამ იმის დასადგენად, თუ რა კურსით უნდა მომხდარიყო ანაბრების დაბრუნება, სპეციალური კომისიაც კი შექმნა, თუმცა კომისიის მუშაობამ მეანაბრეებს, მორალურის გარდა, სხვა სახის სარგებელი ვერ მოუტანა. მოქმედმა ხელისუფლებამ კი, როგორც ჩანს, მოტყუებული მეანაბრეების ფუჭი ილუზიების ტყვეობიდან დახსნა განიზრახა. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მაია ნადირაძე ასიათასობით ადამიანს კუთვნილი თანხის დაბრუნების ძალიან მცირე იმედს უტოვებს:

[მაია ნადირაძის ხმა] “ეს საკითხი ოდესმე ძალიან მდიდარმა და წელში გამართულმა, მაღალ დონეზე მყოფმა საქართველომ განიხილოს, როგორც საჩუქარი, საკუთარ ხალხს დაუბრუნოს, ოღონდ ათი წლის წინ ხელისუფლების მიერ ჩადენილ დანაშაულზე დღეს, როცა ქვეყანას ძალიან სერიოზული ამოცანები აქვს, დემაგოგიურ საუბარს არ გირჩევთ.”

საპარლამენტო უმრავლესობა ანაბრების მითვისებასთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას, ანუ დამნაშავეთა მხილებასაც, არ აპირებს. ამ ფაქტს ეკონომისტი ნიკო ორველაშვილი შემდეგი მოსაზრებით ხსნის:

[ნიკო ორველაშვილის ხმა] “შევარდნაძეს შეიძლება ბევრი რამ დააბრალო, მაგრამ ყველაფერს ვერ დააბრალებ. მაშინ ეგ პოლიტიკა შევარდნაძის მიერ მიღებული და გაზიარებული კი იყო, მაგრამ, კარგად მახსოვს, არ მოდიოდა მთლად შევარდნაძის ფანტაზიიდან. აშკარად, ჟვანიას გუნდის მიერ ინსპირირებული იყო და მაგიტომაც არ მჯერა, რომ საკუთარ თავს დაისჯის ვინმე.”

ხელისუფლებისგან განსხვავებით, დამნაშავეების დასჯას ითხოვენ ოპოზიციური პარტიები. ლეიბორისტები სამართალს წლების მანძილზე საკონსტიტუციო სასამართლოში ეძებენ; კობა დავითაშვილი და კონსერვატორები კი, საპარლამენტო კომისიის შექმნის მოთხოვნით, ხელმოწერებს აგროვებენ.

[კობა დავითაშვილის ხმა] “ჩვენ ამ საკითხის მოშვებას არ ვაპირებთ. მე შევეცდები შევაგროვო ხელმოწერები, რათა შედგეს საგამოძიებო კომისია და მეორე - თუ ვინმეს ჰგონია, რომ ამით ჩაიფარცხება, ძალიან ცდება.”

საქმის ჩაფარცხვას, როგორც ჩანს, არც ის მეანაბრეები დაუშვებენ, რომლებმაც, 92-93 წლებში არსებული განუკითხაობის შედეგად, სიმწრით ნაგროვები ფული დაკარგეს:

[მამაკაცის ხმა] “ხო უნდა დაბრუნდეს… დღეს და ხვალ თუ არ აქვს საშუალება, როდესღაც ხომ აუცილებლად უნდა დააბრუნოს! ოფლითა და შრომით მოპოვებული ფულია, ისე ხომ არ არის!”(სტილი დაცულია)

[ქალბატონის ხმა] “მესმის, რომ სახელმწიფოს არ შეუძლია გადაიხადოს ერთ ან ორ წელიწადში, მაგრამ იმედი ხომ უნდა ჰქონდეს ხალხს, რომ თვითონ თუ ვერ მიიღებს, მისი შვილი ან შვილიშვილი მიიღებს, ანუ არ დაიკარგება. ჩვენ წაგვართვა ისევ ჩვენმა ხალხმა, ქართველებმა, და მაინტერებს - ვინ და სად წაიღო.”

თუმცა ყველაფერი მაინც იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად თანმიმდევრულნი იქნებიან მეანაბრეები საკუთარი უფლებების დაცვის საქმეში. ხალხის სამართლიანი მოთხოვნის პასუხად, ხელისუფლებას ადრე თუ გვიან აუცილებლად მოუწევს სიმართლის თქმა და რიგითი ადამიანების დანაზოგით გამდიდრებული პოლიტიკოსების გვარების დასახელება.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG