Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში სამშობლოს ღალატის გამო ბრალდებული ყოფილი გენერლის სასამართლო პროცესი იწყება


საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ბათუმის 25-ე მოტომსროლელი ბრიგადის ყოფილი მეთაურის რომან დუმბაძის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის

გამოძიება დაასრულა და განსახილველად უზენაეს სასამართლოს გადასცა.
გასული წლის მაისში დაპატიმრებულ ყოფილ გენერალს სამშობლოს ღალატში, უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნასა და უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებენ.

გასული წლის აპრილის ბოლოს საქართველოს რეგიონებში გამოიკრა ფოტოები, წარწერით: ,,იძებნება სამშობლოს ღალატით.”
ხელისუფლება ბათუმის 25-ე მოტომსროლელი ბრიგადის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ რომან დუმბაძეს ეძებდა.
2004 წლის 19 აპრილს, როდესაც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისა და აჭარის ავტონომიის მაშინდელი მეთაურის ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბა, გენერალმა დუმბაძემ ქვეყნის უმაღლეს მთავარსარდალს, პრეზიდენტ სააკაშვილს დაუმორჩილებლობა გამოუცხადა.
მეორე დღეს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ რომან დუმბაძის დაპატიმრების ბრძანება გასცა და მეამბოხე გენერალი ძებნილად გამოაცხადა.

[გიგი უგულავას ხმა] ,,დღეს ბათუმის 25-ე ბრიგადაში დარჩენილია თვითმარქვია გენერალი დუმბაძე და მხოლოდ რამდენიმე ოფიცერი, რომელთა განწყობაც, ჩვენი ინფორმაციით, არის ცალსახა და სულ მალე თვითმარქვია გენერალი დარჩება მარტო ასლან აბაშიძის ამარა.”

უშიშროების მინისტრის იმჟამინდელი მოადგილის გიგი უგულავას მიერ 21 აპრილს გამართულ ამ პრესკონფერენციამდე დაუმორჩილებლობა თავად რომან დუმბაძესაც გამოუცხადეს. ბათუმის 25-ე მოტომსროლელი ბრიგადის ოფიცერთა ნაწილმა ბათუმი დატოვა და პრეზიდენტისადმი ერთგულების დასამტკიცებლად თბილისში ჩამოვიდა. თავად მიხეილ სააკაშვილმა რომან დუმბაძე მოღალატედ გამოაცხადა და მას უმკაცრესი სასჯელით დაემუქრა.
ოფიციალური ვერსიით, ბათუმის 25-ე ბრიგადის ყოფილი მეთაური გასული წლის 5 მაისს აჭარაში სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა დააკავეს და თბილისში ჩამოიყვანეს. ამ ვერსიას კატეგორიულად უარყოფს რომან დუმბაძის მეუღლე ცისანა აბაშიძე. ის იხსენებს, რომ 5 მაისს, ღამის 12 საათისთვის, რომან დუმბაძე ბათუმიდან თბილისში საკუთარი ნებით გამოემგზავრა:

[ცისანა აბაშიძის ხმა] ,,რომანი ისე წამოვიდა ბათუმიდან, რომ .... რა ვიცი, გარანტიით წამოვიდა. ჩემთან ოჯახში მოვიდნენ კობა კობალაძე, სარდალი, რომანი და უნდა წამოხვიდეთო. მე, ქალიშვილს სიცხე ჰქონდა, ვერ წამოვედი და ბიჭი, 14 წლის, გამოჰყვა რომანს და წამოვიდნენ.” (სტილი დაცულია)

რომან დუმბაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრულია 9 მუხლით, რომელთაგან უმძიმესი, სამშობლოს ღალატი, სამუდამო პატიმრობით ისჯება. ყველაზე მძიმედ ყოფილი გენერლის ოჯახზე სწორედ რომან დუმბაძის მოღალატედ გამოცხადება მოქმედებს:

[ცისანა აბაშიძის ხმა] ,,რომანის სიტყვები ყოველთვის ეს იყო: ჩემი მისია მე შევასრულე, აჭარაში სისხლი არ დაიღვარაო. ამას ეუბნებოდა ყველას და ბოლოს რომ უთხრეს, შენ რატომ არ წახვედიო, მე არ ვარ არსად წამსვლელი, მე არ ვარ სამშობლოს მოღალატეო. - ეს რომანის სიტყვებია და ასე იოლად არ არის სამშობლოს ღალატში დადანაშაულება.” (სტილი დაცულია)

რომან დუმბაძის დედამ, რომელიც აცხადებდა, რომ მის ვაჟს ცენტრალური ხელისუფლებისადმი დაუმორჩილებლობას აბაშიძის მმართველობა აიძულებდა, საქართველოს პრეზიდენტს შვილის შეწყალების თხოვნით მაისში მიმართა და უარი მიიღო. ყოფილი გენერალი ამჟამად მეხუთე საპყრობილეში იმყოფება და, როგორც მისი მეუღლე ცისანა აბაშიძე ამბობს, თავს ნორმალურად გრძნობს:

[ცისანა აბაშიძის ხმა] ,,გული მწყდება ძალიან,რომ იმხელა აჭარის მოვლენებიდან კორუმპირებულებიც წავიდნენ, ყველა ისეთი, ვინც იმუქრებოდა, ისიც წავიდა, ვინც ცუდს აკეთებდა, ისინიც გაუშვეს და ყველაზე პატიოსანს და ყველაზე ალალს რომ ასე გაუკეთეს.” (სტილი დაცულია)

რომან დუმბაძის ოჯახს იმედი აქვს, რომ სასამართლო პროცესზე სიმართლეს იპოვის.
ყოფილი გენერლის საქმის განხილვის დაწყების თარიღს უზენაესი სასამართლო უახლოეს ხანში დაასახელებს. პროცესზე რომან დუმბაძის ინტერესებს ორი ადვოკატი დაიცავს.
  • 16x9 Image

    ნინო როდონაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან.

XS
SM
MD
LG