Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცუნამით გამოწვეულმა კატასტროფამ ბიძგი მისცა სამშვიდობო პროცესს შრი ლანკასა და ინდონეზიაში


ცუნამით ყველაზე მეტად დაზარალებულ შრი ლანკასა და ინდონეზიის აჩეს პროვინციას დიდი ხანია სამოქალაქო კონფლიქტები აწუხებს. სტიქიური უბედურების შედეგების

ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისას კონფლიქტები ოდნავ განელდა და შესამჩნევი გახდა ხელისუფლებებსა და მეამბოხეებს შორის თანამშრომლობა. ამის გამო გაერომ და შეერთებულმა შტატებმა იმედი გამოთქვეს, რომ სამოქალაქო კონფლიქტების მშვიდობიანი გზებით მოგვარება მოხერხდება. ვარაუდობენ, რომ ეგრეთ წოდებულმა ”კატასტროფის დიპლომატიამ”, შესაძლებელია, დაპირისპირებულ მხარეთა შორის ხანგრძლივი თანხმობა მოიტანოს.

ინდონეზიაში ხელისუფლების მოწინააღმდეგე შეიარაღებულმა ფორმირებებმა, რომლებიც უკვე 30 წელია არ თმობენ პოზიციებს, აჩეს პროვინციისკენ მიმავალი სატრანსპორტო მაგისტრალების ბლოკირება გააუქმეს. ამან საშუალება მისცა ჰუმანიტარულ სააგენტოებს სხვადასხვა დახმარება შეიტანონ ცუნამით ყველაზე მეტად დაზარალებულ აჩეს პროვინციაში.
შრი ლანკას ხელისუფლებამ კი სეპარატისტული ორგანიზაციის - თამილ ილამის განმათავისუფლებელი “ვეფხვების” - ლიდერები კონსულტაციებზე მიიწვია, რათა საერთაშორისო დახმარება ეფექტურად იქნეს განაწილებული.

გაეროს ჰუმანიტარული დახმარებების კოორდინატორმა იან ეგელენმა განაცხადა, რომ საერთაშორისო დახმარების განაწილებისას მხარეთა ურთიერთდათმობებმა შეიძლება დასაბამი მისცეს თანხმობის პროცესის დაწყებას.
(იან ეგელენის ხმა)
”თანადგომისა და სოლიდარობის უპრეცედენტო შემთხვევები, ნაციონალური და ინტერნაციონალური, არის ურთიერთნდობის დამყარების საშუალება, რომელიც ახლა გამოყენებული უნდა იქნეს მშვიდობის მისაღწევად, გრძელვადიანი მშვიდობისა ყველა ამ საზოგადოებაში.”

მაგრამ ამ კვირაში განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ სიცოცხლისუნარიანი მშვიდობის დამყარება იოლი არ იქნება. ეს იმიტომ, რომ დაპირისპირებულ მხარეებს შორის მაინც გაისმის ურთიერთპრეტენზიები. ასე მაგალითად, შრი ლანკის თამილთა რეგიონებმა საყვედური გამოთქვეს, რომ ხელისუფლება უფრო მეტად სინჰალელთა დასახლებებს ეხმარება.
ინდონეზიაში აჩეს ამბოხებულებმა კი ხელისუფლება იმაში დაადანაშაულეს, რომ ცუნამის შემდეგ შეიარაღებულმა ძალებმა სამი ოპერაცია განახორციელეს.

თუმცა ამერიკელ პოლიტოლოგ დევიდ ფილიპსს, რომელიც ინდონეზიის კონფლიქტის გადაწყვეტის პროექტზე მუშაობს, მიაჩნია, რომ კატასტროფის მასშტაბებს აჩეს რეგიონში ორი დაპირისპირებული მხარის ერთმანეთთან დაახლოება შეუძლია. ამასვე ფიქრობს კიდევ ერთი ექსპერტი, პროფესორი ჯესვოლ სალაქიუზი, და აცხადებს, რომ ამ შანსის დროულად გამოყენებაა საჭირო:

(ჯესვოლ სალაქიუზის ხმა)
”ეს იძლევა მომენტალურ შესაძლებლობას. ეს ჰგავს ღია ფანჯარას, რომელიც დიდხანს გაღებული არ რჩება, თუ მხარეები მას თავიანთი ინტერესებისთვის გამოიყენებენ. ვფიქრობ, რომ ეს ხშირად გაელვების მსგავსი შანსია. შემდეგ, როგორც კი დახმარება შეწყდება ან ხალხი ამას შეეჩვევა, შემდეგ, სამწუხაროდ, ძველი უთანხმოება სხვა ყველაფერს დაჩრდილავს.”

როგორ გამოიყენებენ ინდონეზიასა და შრი ლანკაში ერთმანეთთან დაპირისპირებული მხარეები მშვიდობის მიღწევის შანსს, ამას მომავალი გვიჩვენებს. შეგახსენებთ, რომ, ცუნამის შედეგად, ინდონეზიის აჩეს რეგიონში დაახლოებით 90 ათასი ადამიანი დაიღუპა, ხოლო შრი ლანკაში - დაახლოებით 30 ათასი.
XS
SM
MD
LG