Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კადეტები მთავრობის გადაწყვეტილებასაც აპროტესტებენ


კადეტებისა და მათი პედაგოგების ერთკვირიანმა საპროტესტო აქციამ, როგორც ჩანს, შედეგი გამოიღო. მთავრობის გადაწყვეტილებით, ხელისუფლება კადეტთა

კორპუსს მიმდინარე სასწავლო წლის დასასრულებლად შესაბამის თანხას გამოუყოფს. ნიშნავს თუ არა ეს პრობლემის გადაწყვეტას და როგორ შეხვდნენ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას აქციის მონაწილენი?

კადეტთა კორპუსს მიმდინარე სასწავლო წლის ბოლომდე დააფინანსებენ. ამის შესახებ გადაწყვეტილება მინისტრთა კაბინეტმა მთავრობის სხდომაზე მიიღო. ქვეყნის პრემიერმა ფინანსთა და განათლების მინისტრებს შესაბამისი თანხის მოძიება დაავალა, თუმცა ზურაბ ჟვანიამ იქვე განმარტა, რომ სასწავლებლის ბედი საბოლოოდ გარკვეული არ არის. პრემიერ-მინისტრის თქმით, ხელისუფლებამ რაც შეიძლება სწრაფად უნდა გადაწყვიტოს, სჭირდება თუ არა სახელმწიფოს არსებული ფორმით კადეტთა კორპუსის ფუნქციონირება. მთავრობის მეთაურის ამ განცხადებამ აქციის მონაწილეთა უკმაყოფილება გამოიწვია:

[მამაკაცის ხმა] “არა, არა! რა თქმა უნდა, სრულიად მიუღებელია მხოლოდ სასწავლო წლის დასრულება. ჩვენ გვინდა, რომ სასწავლებელი არსებობდეს მისი პროფილით და ეს არის ჩვენი უპირობო მოთხოვნა.”

[მამაკაცის ხმა] “აბსურდულს ვუწოდებ მე ამ გადაწყვეტილებას. ეს არის ბავშვების სულის გატეხა. ეს არის, ფაქტობრივად, ამ სკოლის დახურვის დასაწყისი… დასაწყისი კი არა, ეს არის ამ სკოლის დახურვა!”

ეს ადამიანები ფიქრობენ, რომ ხელისუფლება აღნიშნული გადაწყვეტილებით პროცესის დროში გაწელვასა და, შესაბამისად, მომიტინგეთა საპროტესტო მუხტის განელებას ცდილობს. ამ აზრს ექსპერტთა უმეტესობაც იზიარებს. მათი თქმით, პრობლემის გადაწყვეტის ყველაზე მოკლე გზა თავდაცვის უწყებაზე გადის და არა განათლების ან ფინანსთა სამინისტროებზე. მით უმეტეს, კადეტთა კორპუსის ყოფნა-არყოფნის საკითხი არ წყდება ეროვნული უშიშროების საბჭოში, როგორც აქციის მონაწილეებს ხელისუფლების წარმომადგენლები არწმუნებდნენ.

[მამაკაცის ხმა] “საერთოდ, უშიშროების საბჭო ამ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს. უშიშროების საბჭო სხვა სპეციფიკას ითვალისწინებს. სასწავლებლის გაუქმება- არგაუქმებაზე გადაწყვეტილება უშიშროების საბჭოში არ მიიღება. ეს არის თავდაცვის მინისტრის კომპეტენცია და მან გადაწყვიტა.”

მაგრამ თავდაცვის მინისტრი დუმს. კადეტთა სასწავლებლის ბუნდოვანი მომავალი კი, როგორც ჩანს, მხოლოდ კურსანტთა მშობლებსა და პედაგოგებს აწუხებთ. მათი თქმით, სასწავლებლის ხელყოფა კანონის უხეში დარღვევით ხორციელდება:

[მამაკაცის ხმა] “განათლების კანონი, რომელსაც უფრო ყურადღებით უნდა კითხულობდნენ, ვიდრე კითხულობენ, პირდაპირ ამბობს, რომ თუ მოხდა სკოლის ლიკვიდაცია, უნდა მოხდეს მოსწავლეთა გადანაწილება მსგავს სასწავლებლებში. მსგავსი სასწავლებელი რესპუბლიკაში არ არის, ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ბავშვებს ავტომატურად არჩევანის საშუალებას უსპობენ.”

აქციაში მონაწილე კადეტთა მშობლები ირწმუნებიან, რომ სასწავლებლის შენარჩუნებისათვის ბრძოლას მანამდე არ შეწყვეტენ, ვიდრე ხელისუფლებას კადეტთა კორპუსის დახურვის განზრახვაზე ხელს ერთხელ და სამუდამოდ არ ააღებინებენ:

[მამაკაცის ხმა] “იმავე აქციებს გავაგრძელებთ, ავიყოლიებთ მთელ საზოგადოებას. ჩვენ არ გვექნება პოლიტიკური მოთხოვნები, ჩვენ გვინდა სკოლის შენარჩუნება. ეს არის ერთადერთი მოთხოვნა, მეტი არაფერი!..”
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG