Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტის თანამშრომელთა მიერ ქართული ენის ცოდნის შემოწმება არაერთგვაროვან რეაქციას იწვევს


თებერვალში საქართველოს პარლამენტი აპარატის თანამშრომელთა ტესტირებას გეგმავს. საატესტაციო საგანთა ნუსხაში ჩამოთვლილია კომპიუტერის, უცხო ენებისა და

საკანონმდებლო აქტების ცოდნა.
პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელს კონკურსში მონაწილეობის მსურველთა ნაწილის მიერ მშობლიური ენის სათანადოდ ცოდნაში ეჭვი ეპარება და საატესტაციო ნუსხაში ქართული ენის დამატებას ითხოვს.
მოგითხრობთ ამ ინიციატივისა და მისდამი დეპუტატების დამოკიდებულების შესახებ:

საქართველოს პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელი გოჩა მარტინენკო პრაქტიკულად ერთადერთი სახელმწიფო მოხელეა, რომელიც, ლამის დევიზად ქცეული ინგლისურისა და კომპიუტერის გარდა, საკუთარი თანამშრომლებისგან ქართული ენის სათანადოდ ცოდნასაც ითხოვს.
თებერვალში სპეციალურმა საატესტაციო კომისიამ პარლამენტში სამუშაოდ ადამიანები საკანონმდებლო აქტების, უცხო ენისა და კომპიუტერის ცოდნის დონის მიხედვით უნდა შეარჩიოს. გოჩა მარტინენკო საატესტაციო ნუსხაში ქართული ენის ჩართვას ითხოვს და საამისო არგუმენტიც აქვს. პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელი ჩივის, რომ უნახავს არაერთი განცხადება, რომელიც ისეთ შეცდომებს შეიცავს, ქართულის მცოდნემ რომ არ უნდა დაუშვას. გოჩა მარტინენკო კომისიის წევრად ენისა და ლიტერატურის სპეციალისტის მიწვევას ითხოვს, რასაც დეპუტატთა მხოლოდ მცირე ნაწილი ეთანხმება. მათ შორისაა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ვასილ მაღლაფერიძე:

[ვასილ მაღლაფერიძის ხმა] ,,სახელმწიფო ენის ცოდნა გულისხმობს, რომ იგივე სახელმწიფო აპარატი უნდა გამართულად მეტყველებდეს და წერდეს. რა არის ცუდი მაგაში?”

გამართული ქართულით საუბრის აუცილებლობა სადავო არ არის საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლის ზურაბ ტყემალაძისთვის, რომელსაც მხოლოდ ის არ მოსწონს, რომ ატესტაციის მონაწილენი ენისა და ლიტერატურის სპეციალისტმა უნდა შეამოწმოს:

[ზურაბ ტყემალაძის ხმა] ,,ის, რომ ნამდვილად ქართულ ენას გამართულად უნდა ფლობდეს ნებისმიერი საჯარო მოხელე, ამაში ორი აზრი არ არსებობს. მაგრამ ის, რომ ამისათვის უნივერსიტეტის პროფესორმა ჩაატაროს გამოცდა ქართულ ენაში საჯარო მოხელისათვის, ეს ნამდვილად არ მიმაჩნია სწორად.” (სტილი დაცულია)

პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელი გოჩა მარტინენკო ითხოვს, რომ მის თანამშრომლებს აზრის გრამატიკულად უშეცდომოდ ჩამოყალიბება შეეძლოთ და ამაში საგანგაშოს ვერაფერს ხედავს.
დეპუტატი ვასილ მაღლაფერიძე ამბობს, რომ კონკურსის მონაწილეთა მიერ მშობლიური ენის ცოდნა სწორედ ქართულის კარგად მცოდნემ უნდა შეამოწმოს:

[ვასილ მაღლაფერიძის ხმა] ,,მე ვიცი, რომ ცოდნა არის კარგი და უცოდინრობა - ცუდი. თუ ეგეთი ვითარებაა, რომ ხალხი განცხადებას ვერ წერს, უნდა შეირჩეს ის ხალხი, ვინც წერს განცხადებას. მარტივია ხომ?! ამას არც მოწინააღმდეგე უნდა, არც მომხრე.”

როგორი თანამშრომლები სჭირდება საქართველოს პარლამენტს? დეპუტატ ზურაბ ტყემალაძეს კონკურსის შინაარსი ამგვარად ესმის:

[ზურაბ ტყემალაძის ხმა] ,,ნებისმიერი ტესტირება, ნებისმიერი ატესტაცია უნდა იყოს უნარ-ჩვევებზე გათვალისწინებული, მახვილგონიერებაზე, ოპერატიულ აზროვნებაზე თანამშრომლის და, თავისთავად, რა თქმა უნდა, ქართულ ენას უნდა ფლობდეს, ბუნებრივია, იმიტომ რომ ჩვენთან სახელმწიფო ენა ქართული არის. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი ის კომისია, რომელიც შეიქმნება, იმაში სპეციალურად ფილოლოგის შეყვანა საჭირო არ არის. თვითონ კომისიაც უნდა ფლობდეს იმდენ ქართულ ენას, რომ შეძლოს შეფასება თანამშრომელი რამდენად ფლობს ან არ ფლობს სახელმწიფო ენას.” (სტილი დაცულია)

არსებობს ინფორმაცია, რომ პარლამენტის აპარატის თანამშრომლები ქართული ენის ტესტის ჩაბარებაზე უარს ამბობენ, სანამ ანალოგიური ტესტის შეკითხვებს თავად დეპუტატები არ უპასუხებენ. ამგვარ მოთხოვნას პარლამენტის თავმჯდომარე უსამართლობას უწოდებს და აპარატის თანამშრომლებს ურჩევს, თუ დეპუტატთა დონე არ აკმაყოფილებთ, სხვა სამსახური მოძებნონ.
ფილოლოგი ვასილ მაღლაფერიძე პარლამენტის წევრთა იმ მცირერიცხოვან კატეგორიაშია, რომელიც მშობლიურ ენაში ტესტირებას პრობლემად არ მიიჩნევს:

[ვასილ მაღლაფერიძის ხმა] ,,მზადა ვარ ჩავაბარო, თუ ასე აინტერესებთ. ქართული გრამატიკის გინდათ, ლიტერატურის გინდათ, რომელსაც გინდათ, ტესტს ჩავაბარებ.” (სტილი დაცულია)
საერთოდ კი, იმის დადგენა, თუ როგორ იციან საქართველოს პარლამენტში ქართული, საკმაოდ მარტივად - დამტკიცებული კანონების წაკითხვით -შეიძლება.
  • 16x9 Image

    ნინო როდონაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან.

XS
SM
MD
LG