Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა იციან ქართველმა მოსწავლეებმა ოსვენციმისა და ფაშიზმის შესახებ?


ზუსტად სამოცი წლის წინ კაცობრიობა მიწისზედა ჯოჯოხეთის – ოსვენციმის - საკონცენტრაციო ბანაკის ამსახველმა კადრებმა შეძრა.


ადამიანთა ნაშთების, გაზის კამერების, კრემატორიუმებისა და ლანდად ქცეული ადამიანების ხილვისთანავე
ოსვენციმი წარმოუდგენელი მასშტაბის ბოროტების მეტაფორად იქცა.

თუმცა, როგორც ჩანს, დროს ყველაზე მტკივნეული და მძაფრი
შთაბეჭდილების გახუნებაც კი შეუძლია. ხომ არ ივიწყებს
საზოგადოება სამოცი წლის წინათ მომხდარ უდიდეს ტრაგედიას, რომელმაც ათეულობით მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა? რა იციან 21-ე საუკუნეში მცხოვრებმა ქართველმა მოზარდებმა ფაშიზმის შესახებ და რას აკეთებს ქართული სახელმწიფო საიმისოდ, რომ კაცობრიობის სავალალო გამოცდილება დავიწყებას არ მიეცეს? ამ კითხვებზე პასუხის მისაღებად ერთ-ერთ საშუალო სკოლას ვეწვიე.

მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან თითქმის სამოცი წელი გავიდა. 21-ე საუკუნეში მცხოვრები ქართველი ახალგაზრდები ფაშისტების მიერ საკონცენტრაციო ბანაკებში ჩადენილ მხეცობათა შესახებ, ძირითადად, მშობლების მონაყოლისა და მხატვრული ნაწარმოებების – როგორც წესი, კინოფილმების - საშუალებით არიან ინფორმირებულნი. იშვიათი გამონაკლისის გარდა, მათი ცოდნა, გასაგები მიზეზების გამო, საკმაოდ ზერელე და ზედაპირულია.

[გოგონას ხმა] “პირველ რიგში, სდევნიდნენ ებრაელებს და ცდილობდნენ მათი შთამომავლებიც მოესპოთ, ბავშვებსაც არ ინდობდნენ.
-თუ გსმენია რამე საკონცენტრაციო ბანაკების შესახებ?
-კი, როგორ არა. ერთად ბევრ ადამიანს ყრიდნენ, ართმევდნენ, თუ რამე ქონება ჰქონდათ, და შემდეგ წვავდნენ, სასტიკად სჯიდნენ.
-ოსვენციმზე თუ გსმენიათ?
-არა, არაფერი!”

ცხადია, რაც უფრო მეტი დრო გადის, ფაშისტურ საშინელებათა ცოცხალი მოწმეების რიცხვი სულ უფრო მცირდება, ხოლო ტრაგედიის აღქმის სიმძაფრე იკლებს. იქმნება შთაბეჭდილება, რომ კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი უბედურება, უკეთეს შემთხვევაში, რიგით, მშრალ ისტორიულ ქრონიკად იქცა, უარეს შემთხვეაში კი, ახალი თაობების თვალსაწიერს მიღმა დარჩა.

[ყმაწვილის ხმა] “ფაშისტებს ჰყავდათ უამრავი მძევალი, ტყვე, რომლებსაც ამუშავებდნენ ძალიან მძიმე ვითარებაში. ასევე ფილმებიდან ვიცი წამების ფაქტები.”

[გოგონას ხმა] “ისინი საკუთარ თავს სხვებზე უკეთესებად თვლიდნენ. სხვები მეორეხარისხოვან ადამიანებად მიაჩნდათ.”

[ყმაწვილის ხმა] “რა ვიცი, აბა! არასწორი წყობილება იყო, მე ასე მგონია!”

ხომ არ ივიწყებენ ადამიანები იმას, რაც გასული სუკუნის 40-იან წებში მოხდა და რამაც მილიონობით უდუნაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეიწირა? რას აკეთებს ქართული საზოგადოება იმისათვის, რომ სავალალო გამოცდილება დავიწყებას არ მიეცეს? ირკვევა, რომ ქართულ საშუალო სკოლებში ფაშიზმის თემას სულ რაღაც ხუთი აკადემიური საათი ეთმობა. ისტორიის მასწავლებელი მამუკა ხამხაძე ამბობს, რომ მეცხრეკლასელი მოზარდების ფაშიზმის არსში გასარკვევად პედაგოგს, საკუთარი ინიციატივით, დამატებითი გაკვეთილების ჩატარება უწევს.

[მამუკა ხამხაძის ხმა] “ფაშიზმზე - რა იდეოლოგია იყო ეს, რას ითვალისწინებდა, რა საფრთხეს უქმნიდა კაცობრიობას, - ეს ყველაფერი საერთოდ არ არის ნახსენები. არის, უბრალოდ, მშრალად მოყვანილი ფაქტები… რატომ ჰქონდათ ებრაელებთან განსაკუთრებული მიდგომა, არც ამაზე წერია რამე. ეს ყველაფერი მასწავლებელზეა მინდობილი. იტყვის თუ არ იტყვის.” (სტილი დაცულია)

სამწუხაროდ, ცოდნის შევსებას ბავშვები ვერც სასკოლო ბიბლიოთეკებში ახერხებენ. თუმცა, როგორც ბიბლიოთეკარი ზანდა თაბუკაშვილი განმარტავს, მოსწავლეები კლასგარეშე საკითხავი ისტორიული ლიტერატურით იშვიათად ინტერესდებიან:

[ზანდა თაბუკაშვილის ხმა] “მეორე მსოფლიო ომსა და ფაშიზმზე წიგნები საერთოდ არ გვაქვს. ძველი წიგნები ამოღებულია ბიბლიოთეკის ფონდიდან, ახლით არ არის შევსებული. მოთხოვნაც არ არის ისტორიული ტიპის ლიტერატურაზე.”

ერთი სიტყვით, შექმნილია საკმაოდ ნოყიერი ნიადაგი იმისათვის, რომ წლების წინ მომხდარი საშინელი ტრაგედია დავიწყებას მიეცეს. ფსიქოლოგი თეონა ქემაშვილი მიიჩნევს, რომ კაცობრიობამ - მათ შორის, ქართველებმაც - საკუთარ თავს ამ ტიპის გამოცდილების დავიწყების უფლება არ უნდა მისცეს:

[თეონა ქემაშვილის ხმა] “თუ ჩვენ გვინდა, რომ არ მოხდეს მსგავსი რამ, ნაკლები ტერორისტი, ნაკლები მკვლელი გაგვეზარდოს, უნდა მივცეთ ბევრი ინფორმაცია. ინფორმაციას ისინი კარგად ფილტრავენ. როცა ინფორმაცია აქვთ, ისინი მსჯელობენ, საუბრობენ ამ ინფორმაციაზე და ამ საუბრებში ყოველთვის საღი აზრი იმარჯვებს.”

ჩემი რესპონდენტი დარწმუნებულია, რომ საღი აზრის გამარჯვება უკვე ნიშნავს ფაშიზმისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საყრდენის გამოცლას. მისი თქმით, ახალმა თაობამ უნდა იცოდეს, რა იყო საკონცენტრაციო ბანაკი, რათა, თუნდაც შემთხვევით, გაცილებით მცირე მასშტაბის ოსვენციმი არ ააშენოს.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG