Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა შემთხვევებში და როგორ იწვევს გაზით მოწამვლა სიკვდილს?


საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ქვემო ქართლის რწმუნებულის მოადგილის სიკვდილის მიზეზად ბუნებრივი აირის არასრული წვის შედეგი - ცე-ო (CO) დასახელდა.

მართალია, ადამიანების ამგვარად გაგუდვის ფაქტები ბოლო პერიოდის თბილისში თითქმის აღარავის უკვირს, მაგრამ დღევანდელი ფაქტის ფონზე განსაკუთრებით აქტუალური გახდა კითხვა: რა შემთხვევებში და როგორ იწვევს სიკვდილს ცე-ო? პარალელურად თავს იჩენს კიდევ ერთი არანაკლებ საინტერესო კითხვა: რატომ არ მიიწვიეს
პრემიერ-მინისტრის გვამის ექსპერტიზაზე ერთადერთი დამოუკიდებელი ექსპერტი?

ის უსუნო, მძიმე მხუთავი გაზია, რომელიც დახურული სივრცის - ვთქვათ, ბინის - ქვედა შრეებში გროვდება. - პოპულარული ენით ასე ახასიათებენ ქიმიკოსები ბუნებრივი აირის არასრული წვის შედეგად წარმოქმნილ ნახშირჟანგს - ცე-ოს, რომელმაც ბოლო პერიოდის თბილისში არაერთი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ქალაქის ჯანდაცვის სამსახურის უფროსის ზაზა გოროზიას მიერ დასახელებული ციფრები, მართლაც, შემაშფოთებელია:

(ზაზა გოროზიას ხმა) ”ბოლო სამ თვეში: 122 - გაზით მოწამვლა და 8 დამთავრდა ლეტალობით.” (სტილი დაცულია)

როგორც მედიკოსები ამბობენ, ლეტალური, სასიკვდილო შედეგი დახურულ სივრცეში ცე-ოს შემცველობაზე, ანუ შესუნთქული გაზის დოზაზეა დამოკიდებული. ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის კლინიკის ტოქსიკოლოგიური განყოფილების გამგე სოსო კუტუბიძე ცე-ოს ზემოქმედებაზე საუბრობს:

(სოსო კუტუბიძის ხმა) ”ესე იგი, ჟანგბადის ტრანსპორტირება სისხლში აღარ ხდება და ავადმყოფი იღუპება ჰიპოქსიით - ჟანგბადის შიმშილით.” (სტილი დაცულია)

ბუნებრივად იბადება კითხვა: გრძნობენ თუ არა ადამიანები საფრთხის მოახლოებას და რა სიმპტომები ახასიათებს ნახშირჟანგით მოწამვლას?

(სოსო კუტუბიძის ხმა) ”პაციენტი პრაქტიკულად ვერ გრძნობს როგორ იწამლება. შეიძლება იყოს მსუბუქი თავბრუსხვევა, მაგრამ ხშირად მიაწერენ - აი, გადაღლილი ვარ და რაღაც ასეთი... აი, გრძნობს - თითქოს ეძინება და, პრაქტიკულად, ძილის მდგომარეობაში გადადის და შემდგომ უკვე, სამწუხაროდ, იღუპება.” (სტილი დაცულია)

ერთი სიტყვით, ყველაფერი შეუმჩნევლად ხდება და ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, მიუსწრებენ თუ არა გონებადაკარგულ მოწამლულს მანამ, ვიდრე მისი ტვინი მოკვდება.

ვერაგი გაზის - ცე-ოს შესახებ საქართველოში ყოველთვის ბევრს საუბრობდნენ, მაგრამ ეს თემა პრემიერ-მინისტრისა და ქვემო ქართლის რწმუნებულის მოადგილის სიკვდილის შემდეგ განსაკუთრებით გამძაფრდა. ექსპერტიზა, რომელმაც ნახშირჟანგის ზემოქმედება უკვე დაამტკიცა, დასრულებულია, თუმცა საბოლოო შედეგები 4 თებერვალს 3 საათზე გახდება ცნობილი.

ექსპერტიზის დეტალების შესახებ ვერაფერს ამბობს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი არასახელმწიფო სექტორიდან, მაია ნიკოლეიშვილი, რადგანაც ის არავის მიუწვევია. მას ეს ფაქტი უკვირს:

(მაია ნიკოლეიშვილის ხმა) ”როდესაც არ ხდებოდა ჩართვა, ანდა ხელის შეშლა ხდებოდა, საზოგადოების ნაწილს რჩებოდა კითხვა - რატომ? ალბათ, იქ დასამალი იყო რამე? ბოლოს უკვე, შევარდნაძის ხელისუფლებამ ეს მომენტი სწორად შეაფასა და პრაქტიკულად ყოველთვის ცდილობდნენ ხოლმე, რომ ეს კითხვა არ დარჩენილიყო, მიუხედავად იმისა, რომ ბევრჯერ საკმაოდ სერიოზული დისონანსი შემიტანია. თუ დროზე დამიძახებდნენ ხოლმე, მაშინ ვფიქრობდი: ა, გასაგებია, აქ დასამალი არაფერი არ არის... მაგრამ ახლა რატომ მოხდა ასე, ხომ გეუბნებით, ვერაფრით ვერ გავიგე. უბრალოდ, მე თვითონაც მიკვირს.” (სტილი დაცულია)

გაკვირვებულ ნიკოლეიშვილს აღელვებს ისიც, რომ ექსპერტიზის ერთი შეხედვით უდავო დასკვნის უფრო ღრმად გამოსაკვლევი საშუალებები საქართველოში არ არსებობს:

(მაია ნიკოლეიშვილის ხმა) ”მოკლე დახედვით, - დავუშვათ, გამოკვლევით, -პირველადი დასკვნის გაკეთება საკმაო კატეგორიულობით შეიძლება. ოღონდ მერე, რა თქმა უნდა, კვლევაში უნდა წახვიდე, რომ არ იყოს აქ ეგრეთ წოდებული სისხლის სხვა შხამი. სამწუხაროდ, ვიცი რა შესაძლებლობები, ცოტა პესიმისტურად ვარ განწყობილი. არ არსებობს ამის ტექნიკური ბაზა, სამწუხაროდ.” (სტილი დაცულია)

თუმცა, როგორც ჩანს, საქართველოს ხელისუფლება ადგილობრივი ტექნიკური ბაზის იმედად დარჩენას არ აპირებს. გავრცელებული ცნობით, პრემიერ-მინისტრის სიკვდილთან დაკავშირებით უფრო ღრმა და საფუძვლიან კვლევას შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიურო ჩაატარებს.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG