Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“თბილწყალკანალი” გადაუდებელ რეფორმას საჭიროებს


ქუთაისში წყლის მიწოდებასთან დაკავშირებით შექმნილი ურთულესი მდგომარეობის ფონზე ლოგიკურად ისმის კითხვები: რა ვითარებაა ამ მხრივ საქართველოს სხვა ქალაქებში,

განსაკუთრებით კი თბილისში, სადაც ლამის ქვეყნის მოსახლეობის მესამედი ცხოვრობს? რამდენად გამართულად მუშაობს სასმელი წყლით მომარაგების ინფრასტრუქტურა დედაქალაქში? რა კეთდება იმისათვის, რომ მილიონ-ნახევრიანი ქალაქის წყლით უზრუნველყოფა არ შეფერხდეს და თბილისი კატასტროფის წინაშე არ აღმოჩნდეს?

თბილისის სასმელი წყლით მომარაგებას მუნიციპალური საწარმო “თბილწყალკანალი” უზრუნველყოფს. ოფიციალური მონაცემებით, ეს საბიუჯეტო ორგანიზაცია, რომელიც წლის განმავლობაში დედაქალაქის ხაზინიდან 13 მილიონი ლარით ფინანსდება, საჭირო დებეტის დაახლოებით 70 პროცენტს არაგვის ხეობის არტეზიული და ზედაპირული წყლებიდან იღებს, დანარჩენი 30 პროცენტი კი მდინარე ივრის წყლით ივსება. სულ თბილისელები წყურვილის მოსაკლავად, სამეურნეო და ჰიგიენური დანიშნულებით, ყოველწამიერად 21 ათას ლიტრ სასმელ წყალს მოიხმარენ. თუმცა ერთია წყლის მოცულობა და მეორე - მიწოდების რეჟიმი, რომელიც ხშირ შემთხვევაში თბილისელთა სამართლიან გულისწყრომას იწვევს.

[ქალბატონის ხმა] “12-დან 6 საათამდე არ გვაქვს წყალი ვაკის რაიონში. ვავსებთ რაღაც ჭურჭელს, ვიმარაგებთ იმდენს, რამდენიც დაგვჭირდება დღეში და ველოდებით წყლის მორიგ მოსვლას.”

[ქალბატონის ხმა] “წყლის მომარაგებით უკმაყოფილო არ ვარ. წყალი უგრაფიკოდ გვაქვს, მაგრამ წყლის ხარისხი ხშირად არადამაკმაყოფილებელია. მოჰყვება სილა და რაღაც სპეციფიკური სუნი.”

[ქალბატონის ხმა] “ნახალოვკაში” გადასასვლელ ხიდთან ვცხოვრობ. წყალი გვაქვს გრაფიკით. არ მოდის დილის 12-დან საღამოს 5-მდე.”

“თბილწყალკანალის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი გოჩა ჯელაძე ამბობს, რომ სასმელი წყალი, მთელი რიგი ობიექტური მიზეზების გამო, შეზღუდვით დედალაქის მოსახლეობის მხოლოდ მეხუთედს მიეწოდება. სამაგიეროდ, ეს ადამიანები ეგრეთ წოდებული შეღავათიანი ტარიფით სარგებლობენ, ანუ ერთ სულზე თვის განმავლობაში, ლარი და ოცის ნაცვლად, 90 თეთრს იხდიან.

[გოჩა ჯელაძის ხმა] “იმისათვის, რომ ელექტროენერგიის გაზრდილი - ოთხმაგი, ხუთმაგი - ხარჯი არ აისახოს ტარიფში, სწორედ ამიტომ შემოღებული არის თბილისში დენის გრაფიკი. ძირითადად, ეს არის ნუცუბიძის პლატო, ვაზისუბნისა და ვარკეთილის მხარე, ზემო ვაკე, კოჯორი, წყნეთი და კიკეთი - ქალაქის ის უბნები, რომლებიც ზღვის დონიდან შედარებით მაღლა მდებარეობენ.”

“თბილწყალკანალში” შექმნილი მძიმე ფინანსური მდგომარეობა შედარებით გამოასწორა შარშან ელექტროგამანაწილებელ კომპანია “თელასთან” დადებულმა შეთანხმებამ, რომლის საფუძველზეც მუნიციპალური საწარმო კერძო კომპანიის სერვის ცენტრებს იყენებს. ანუ მომხმარებელს საშუალება აქვს ერთ მისვლაზე ორი გადასახადი - წყლისა და დენის საფასური -გადაიხადოს. როგორც “თბილწყალკანალში” აცხადებენ, ნოვაციამ გაამართლა. გადახდის მაჩვენებელი, რომელიც წლების განმავლობაში 30-35 პროცენტს არ აღემატებოდა, თითქმის ორჯერ გაიზარდა. თუმცა თბილისის მერი ზურაბ ჭიაბერაშვილი შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალს წყლის ინდივიდუალური მრიცხველების დამონტაჟებაში ხედავს:

[ზურაბ ჭიაბერაშვილის ხმა] “იმის მიუხედავად, წყალკანალი ჩვენს საკუთრებაში დარჩება თუ გადაეცემა სამართავად კერძო კომპანიას მართვის უფლებით, გამრიცხველიანება არის აუცილებელი იმისათვის, რომ ყველა თბილისელმა გადაიხადოს ფასი მის მიერ მოხმარებული წყლის მიხედვით და არა ისე, როგორც ახლა არის, ანუ ფიქსირებული.”

მაგრამ მრიცხველების მასიური დამონტაჟება საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა, რისთვისაც მრავალმილიონიანი ინვესტიციის მოზიდვაა საჭირო. არადა, “თბილწყალკანალის” ათწლიან მართვაზე გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული ფრანგული კომპანია “ჯენერალ დეზო” ვალდებულებას იღებდა როგორც წყალმომარაგების, ასევე აღრიცხვის სისტემის სრულ მოწესრიგებაზე. თუმცა ხელისუფლებამ რატომღაც კონკურსის შედეგების ძალაში შესვლის ვადა გაურკვეველი დროით გადადო. სწორად მოიქცნენ თუ არა ქვეყნის მამები, ძნელი სათქმელია. ყოველ შემთხვევაში, დედაქალაქის ბიუჯეტს მათი სიდინჯე წელიწადში 13 მილიონი ლარის დოტაციად უჯდება, რომ არაფერი ვთქვათ ამორტიზებული სისტემის გამო ფუჭად დაღვრილ მილიონობით დეკალიტრ ხარისხიან სასმელ წყალზე.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG