Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილეს პროკურატურამ ბრალი ვერ დაუდასტურა


ალექსანდრე ელისაშვილი, თბილისი სამშაბათს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ უარი თქვა პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილის ლაშა ჭიჭინაძისთვის სამი თვით წინასწარი პატიმრობის

შეფარდებაზე და იგი პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ გაათავისუფლა. გენერალურმა პროკურატურამ და ფინანსურმა პოლიციამ ჭიჭინაძისთვის წაყენებული თაღლითობის ბრალდება ვერ დაადასტურეს. პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილე პოლიტიკურ ზეწოლაზე საუბრობს და აპირებს საკუთარი ღირსების აღდგენისთვის იბრძოლოს. სამართალდამცველებს კი მოსამართლის გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის ორდღიანი ვადა აქვთ.



[მოსამართლის ხმა და ტაში ] “საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის გამომძიებლის, ფხაკაძის, შუამდგომლობა ბრალდებულ ჭიჭინაძისთვის პატიმრობის შეფარდების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.”

ასე შეეგებნენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის იური ტაბუცაძის გადაწყვეტილებას სასამართლოს დარბაზში შეკრებილი პროფკავშირების წევრები და ლაშა ჭიჭინაძის ახლობლები. ოთხსაათიანი დახურული სხდომის ბოლოს მოსამართლემ ბრალდების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არადამაჯერებლად ჩათვალა და ლაშა ჭიჭინაძისთვის სამი თვით წინასწარი პატიმრობა ზედმეტად მიიჩნია. გენერალური პროკურატურის პროკურორმა ნინო ჟღენტმა მოსამართლის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით საკმაოდ თავშეკავებული კომენტარი გააკეთა:

[ნინო ჟღენტის ხმა] “ჩვენ ვითხოვდით დაპატიმრებას. მოსამართლემ საჭიროდ ჩათვალა აღმკვეთი ღონისძიების სხვა სახის გამოყენება, ანუ აღმკვეთი ღონისძიების გამოყენებაზე მთლად უარი არ გვითხრა, პრინციპში, მაგრამ სხვა სახე შეარჩია. დავფიქრდებით, გავასაჩივროთ თუ არა.”

პროკურორისგან განსხვავებით, პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილე ლაშა ჭიჭინაძე მოსამართლის გადაწყვეტილებით აშკარად კმაყოფილი იყო. მისდამი წაყენებულ ბრალდებას მან შეთითხნილი და პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა:

[ლაშა ჭიჭინაძის ხმა] “ველოდი ასეთ გადაწყვეტილებას, რადგან ეს იყო სუფთა, წმინდა წყლის პოლიტიკური დაპატიმრება. უფრო მეტს გეტყვით, იქ იქნა მიღებული გადაწყვეტილება ჩემი პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ გადაცემაზე. მე ვაპირებ ესეც გავასაჩივრო. რადგან მე ვთვლი, რომ მე ვარ აბსოლუტურად უდანაშაულო. მე ეს სამი დღე ვიყავი უკანონო პატიმარი და საკუთარ სიცოცხლეს დავდებ, რომ დავამტკიცო და აღვადგინო ჩემი სახელი, რომ თაღლითი არა ვარ.”(სტილი დაცულია)

სამი დღის წინ თბილისის ერთ-ერთ ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაკავებულ ლაშა ჭიჭინაძეს ფინანსური პოლიცია მისი ადვოკატური საქმიანობის დროს ჩადენილ ფინანსურ მაქინაციებს ედავება. მაშინ მას პროფესიული კავშირების გაერთიანებაში მაღალი თანამდებობა არ ეკავა. პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილედ იგი გასული წლის ნოემბერში დანიშნეს. ჭიჭინაძის ვარაუდით, ხელისუფლებას არ მოსწონს პროფკავშირების ბოლოდროინდელი გააქტიურება და მისი დაკავებით ორგანიზაციის დაშინებას შეეცადა. სამართალდამცველები ამ ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებენ, მათი მთავარი საფიქრალი ახლა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების მიზანშეწონილობაა.
XS
SM
MD
LG