Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო უკრაინასთან პოლიტიკური მეგობრობის ეკონომიკურ თანამშრომლობაში გადაზრდას ცდილობს


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი ზურაბ ნოღაიდელი პრემიერ-მინისტრის რანგში თავის პირველ უცხოურ ტურნეს უკრაინაში მართავს. ”ნარინჯისფერი რევოლუციის” შემდეგ საქართველო-უკრაინის ურთიერთობებმა განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა.

საქართველოს ხელისუფლება ცდილობს პოლიტიკურ სიბრტყეში ჩამოყალიბებული მეგობრობა ეკონომიკურ თანამშრომლობაშიც გადაზარდოს, რისთვისაც, ქართული პროდუქციის უკრაინაში გამოფენის გარდა, წელს რამდენიმე ღონისძიებასაც გეგმავს. როგორია საქართველო-უკრაინის ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივა?

საქართველოსა და უკრაინის პრემიერ-მინისტრების, ასევე საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ინიციატივით, კიევში ქართული პროდუქციის პრეზენტაცია მოეწყო.
პრეზენტაციას, რომელიც "უკრაინულ სახლში" გაიმართა, უკრაინის ასამდე ცნობილი კომპანიის წარმომადგენელი დაესწრო.თავად გამოფენაში 50-ზე მეტი ქართული კომპანია მონაწილეობს. მათ შორის არიან ის კომპანიები, რომლებიც საკუთარი პროდუქციის უკრაინაში იმპორტით არიან დაინტერესებულნი. სავაჭრო-სამრეწველო პალატის თამვჯდომარე ჯემალ ინაიშვილი გამოფენის შედეგებით კმაყოფილია:
[ჯემალ ინაიშვილის ხმა] ”ჩავუყარეთ საფუძველი ამ ურთიერთობებს. ძალიან დიდი შეფასება მივიღეთ უკრაინისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრებისაგან. ეს არის პირველი ღონისძიება, რომელიც მოეწყო უკრაინაში სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ. გარკვეული შედეგებიც არის – რამდენიმე კომპანიამ გააფორმა ხელშეკრულება, მაგრამ ძირითადი სამუშაო, რა თქმა უნდა, ჩვენ გველის წინ.”
საინტერესოა, რომ პოლიტიკურ სიბრტყეში ჩამოყალიბებული მეგობრობის მიუხედავად, გასულ წელს უკრაინამ საქართველოს ძირითად სავაჭრო პარტნიორებს შორის მეხუთედან მეშვიდე ადგილზე გადაინაცვლა, თუმცა, სტატისტიკის დეპარტამენტის ინფორმაციით, 2004 წელს საქართველო-უკრაინას შორის სავაჭრო ბრუნვამ 42.7%-ით გადააჭარბა 2003 წლის შესაბამის მაჩვენებელს. ამავე დროს, 2004 წელს ამ ორ ქვეყანას შორის იმპორტის მოცულობა თითქმის 9-ჯერ აღემატებოდა ექსპორტს. ანუ საქართველოში უკრაინიდან განუზომლად მეტი პროდუქცია შემოდის, ვიდრე გადის.

კერძოდ, 2004 წელს იმპორტის საერთო მოცულობამ 142.4 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 77.4%-ით მეტია 2003 წლის შესაბამის მაჩვენებელზე. 2004 წლის იმპორტის მოცულობაში, სასაქონლო ნიშნის მიხედვით, პირველ ადგილზეა თამბაქოს ნაწარმი; სამაგიეროდ, 53.8%-ით შემცირებულია ლერწმისა და ჭარხლის შაქრის იმპორტი.

გაცილებით მოკრძალებულია ქართული ექსპორტი უკრაინაში და იგი 15 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. სასაქონლო ჯგუფში პირველ ადგილზე, ტრადიციულად, ყურძნის ნატურალური ღვინოებია, თუმცა მისი მოცულობა 3.4%-ით ჩამორჩება წინა წლის საექსპორტო მაჩვენებლებს.
საინტერესოა, რომ უკრაინა საქართველოში ელექტროენერგიის ექსპორტითაც არის დაინტერესებული. ამის შესახებ ინტერესი უკრაინის პრემიერ-მინისტრმა იულია ტიმოშენკომ გამოხატა. უკრაინიდან საქართველოში ელექტროენერგიის მოწოდების თაობაზე წინასწარი შეთანხმება ჯერ კიდევ ყოფილ პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას უკრაინაში ვიზიტისას იქნა მიღწეული. თავის მხრივ, ნოღაიდელი უკრაინულ მხარეს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებისას მხარდაჭერას დაჰპირდა.
XS
SM
MD
LG