ამ პერსპექტივაზე კიევში შეხვედრისას უკვე იმსჯელეს ჯერ უკრაინის პრეზიდენტმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, შემდეგ კი - მოლდოვეთისა და უკრაინის ლიდერებმა. სუუამი უნდა აღორძინდეს და პოსტსაბჭოთა სივრცეში დემოკრატიის განვითარება განსაზღვროს - მიაჩნიათ თბილისსა და კიევში, რომელთა პოზიციას უკვე კიშინიოვიც იზიარებს. ბოლოდროინდელმა მოვლენებმა ორგანიზაცია სუუამისადმი უარყოფითად განწყობილ რუსეთში ახალი ეჭვი წარმოშვა.
1997 წლის ოქტომბერში ევროპის საბჭოს სამიტზე საქართველომ, უკრაინამ, აზერბაიჯანმა და მოლდოვეთმა რეგიონული ორგანიზაცია სუამი შექმნეს, ორი წლის შემდეგ კი მათ უზბეკეთი შეუერთდა. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში სუუამის მიერ ახალი ფუნქციის შესრულება უკრაინის, მოლდოვეთისა და საქართველოს ხელისუფალთა მოლაპარაკების საგნად იქცა. ამ ფაქტმა მოსკოვში წარმოშვა ეჭვი იმის თაობაზე, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში იქმნება რუსული ზეგავლენისგან თავისუფალი ზონა, რომლის ლიდერი უკრაინის პრეზიდენტი იქნება. საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი ამბობს, რომ, სამწუხაროდ, რუსეთის პოლიტიკური ელიტა და მასმედია, როგორც წესი, შეთქმულების თეორიებს ემხრობა:
[ირაკლი მენაღარიშვილის ხმა] ,,მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტ იუშჩენკოს, მართლაც, შეუძლია პერსონალურად შეასრულოს საკმაოდ აქტიური როლი სუუამის გაძლიერებაში, მე ვფიქრობ, რომ აქ სრულიად ობიექტურ ფენომენთან გვაქვს საქმე. უკრაინა გახლავთ უდიდესი სახელმწიფო ამ დაჯგუფებაში. მისი, როგორც გეოპოლიტიკური, ასევე ეკონომიკური და უსაფრთხოების თვალსაზრისით მნიშვნელობა ძალიან დიდია. აქედან გამომდინარე, მისი როლი, რა თქმა უნდა, ძალიან სერიოზული იქნება.” (სტილი დაცულია)
ირაკლი მენაღარიშვილი მიიჩნევს, რომ სუუამს პერსპექტივა მხოლოდ თანასწორუფლებიანობის პრინციპის შენარჩუნების შემთხვევაში ექნება:
[ირაკლი მენაღარიშვილის ხმა] ,,დსთ-გან განსხვავებით, სადაც რუსეთს პრეტენზია აქვს და, შესაბამისად, დსთ-ს მთელი სტრუქტურა რუსეთის ლიდერობაზეა ორიენტირებული, სუუამი გახლავთ გაერთიანება, სადაც ყველა ქვეყანა თანაბარია და მას პერსპექტივა მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს, თუკი იგი, მართლაც, ასეთ ცივილიზებულ, თანასწორუფლებიან პრინციპს შეინარჩუნებს.” (სტილი დაცულია)
სუუამის მომავალზე საუბრისას საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი გელა ბეჟუაშვილი ყურადღებას ორგანიზაციის მოდელისა და ფუნქციების შეცვლაზე ამახვილებს:
[გელა ბეჟუაშვილის ხმა] ,,ვარდების რევოლუციის და ნარინჯისფერი რევოლუციების შემდეგ სუუამი უნდა გახდეს ორგანიზაცია, რომელიც განსაზღვრავს დემოკრატიის განვითარებას პოსტსაბჭოურ სივრცეში.” (სტილი დაცულია)
სუუამის განვითარების პარალელურად, საქართველოსა და უკრაინის კურსი დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაციაა. ბოლო პერიოდში ანალოგიური განცხადებები ისმის მოლდოვეთის კომუნისტი პრეზიდენტის, ვორონინისგან, რომელიც თავის დროზე სუუამითაც უკმაყოფილო იყო და რუსეთის აქტიურ მოკავშირედაც მოიაზრებოდა. მისი პოზიციის შეცვლას, ევროპულ ორიენტაციაზე საუბარს და რევოლუციონერ იუშჩენკოსა და სააკაშვილთან სასწრაფო კონსულტაციებს ექსპერტთა ნაწილი ვორონინის მიერ თავის გადარჩენის სურვილით ხსნის, თუმცა არც იმას გამორიცხავს, რომ მოლდოვეთის ინტერესები, მართლაც, შეიცვალა. ბოლოდროინდელ პროცესში ჯერჯერობით არ ჩანან სუუამის წევრები - აზერბაიჯანი და უზბეკეთი, რომელმაც სამი წლის წინ ორგანიზაციის ზოგიერთ პროექტში მონაწილეობა შეწყვიტა. რაც შეეხება აზერბაიჯანს, მისი პრეზიდენტი სუუამის ფარგლებში თანამშრომლობის განვითარებას ემხრობა. თუკი ამ ორი ქვეყნის დემოკრატიულობის ხარისხს გავითვალისწინებთ, პოსტსაბჭოთა სივრცეში სუუამის გადაქცევა დემოკრატიის განვითარების მოდელად ჯერჯერობით სათუოა.
სუუამის დაარსების დღიდან მის განვითარებას მხარს უჭერს აშშ, რომელსაც მიაჩნია, რომ ამ ორგანიზაციას საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს და დსთ-ზე გაცილებით მეტის გაკეთება შეუძლია.