Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხელისუფლება “ენერგოწყვდიადში” რუსულ კვალს ეძებს


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი გასულ კვირას მთავრობა, ძირითადად, ენერგოპრობლემებით იყო დაკავებული, თუმცა ეს ქვეყნის ენერგომომარაგებას იოტისოდენადაც არ დასტყობია და საქართველო

კვლავ “წყვდიადში” იმყოფება. ის, რომ ხელისუფლება მდგომარეობის გამოსწორებაზე ბევრს საუბრობს, ვერაფერი შეღავათია ვერც მოსახლეობისა და ვერც იმ სამეურნეო სუბიექტებისათვის, რომელთაც ენერგოკრიზისი აუნაზღაურებელ ზარალს აყენებს. თუმცა, წინა ხელისუფლებისაგან განსხვავებით, დღევანდელი მთავრობა ზედმეტი ილუზიებით აღარ გვკვებავს და ენერგოდეფიციტის დაბალანსებას ვერც უახლოეს თვეებში გვპირდება.

ენერგეტიკის მინისტრის ნიკა გილაურის განცხადებით, ენერგოკრიზისი რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტის შეწყვეტამ გააღრმავა, ვინაიდან, სისტემაში ენერგიის დეფიციტის გამო, მაქსიმალურად დაიტვირთა ჰიდროელექტროსადგურები, რის გამოც წყალსაცავებში წყლის დონე კრიტიკულ ზღვრამდე შემცირდა.

პოლიტიკოსები ცდილობენ ენერგეტიკაში ამჟამად შექმნილი მდგომარეობა რუსეთს გადააბრალონ და თბილისისა და რეგიონების ერთბაშად გათიშვას რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანის მოთხოვნას უკავშირებენ. თუმცა ეს ისევ მოსახლეობის დაშოშმინების მცდელობად შეიძლება მივიჩნიოთ, რადგან ის, რომ მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზზე წლის ამ პერიოდში ზვავსაშიშროება ჩვეულებრივი მოვლენაა, ხელისუფლებისთვის მაინცდამაინც დღეს არ უნდა გამხდარიყო ცნობილი. ამასთან, დღეს ენერგეტიკა, ძირითადად, სომხეთიდან იმპორტირებულ ენერგიაზეა დამოკიდებული, სომხეთში კი ენერგობაზარს ჩვენთვის კარგად ცნობილი რუსული “რაო” აკონტროლებს, რომლისთვისაც ამ სასიცოცხლო “ენერგოარტერიის” გადაკეტვა, სურვილის შემთხვევაში, ნამდვილად არ იქნებოდა პრობლემა.
ის, რომ, ენერგეტიკული თვალსაზრისით, მძიმე გაზაფხული გველოდა, ჯერ კიდევ ერთი თვის წინ საქართველოს პრეზიდენტმა მთავრობის საგანგებო სხდომაზე “გაგვიმხილა” და მოსახლეობას 2006 წლის ბოლომდე მოთმენებისაკენ მოუწოდა.

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] “ჯერ ერთი, უნდა ვუთხრათ სიმართლე, რომ უახლოეს კვირებში არათუ არ იქნება გაუმჯობესება, არამედ იმით, რაც თქვენ წარმოადგინეთ, იქნება გაუარესება, იმიტომ რომ ჩვენ ვთიშავთ ენგურს და ხალხმა უნდა იცოდეს, რა ხდება. ხდება ის, რომ რეალურად ჩვენ, მთავრობამ და ყველამ, ვერ უზრუნველვყავით ის, რომ, მაგალითად, მარტის მეორე ნახევარში და აპრილის დასაწყისში არ იყოს, დენის მიწოდების თვალსაზრისით, გაუარესება. და ეს წინასწარ უნდა იცოდნენ და არა ის, რომ ნათურა გამოირთვება ან რაღაც ჩაირთვება ერთ მშვენიერ დღეს. ამიტომ ზუსტად უნდა იცოდნენ - რატომ ხდება ეს, რას გვაძლევს ეს და ის, რომ ამის შედეგად უკვე ამ შემოდგომაზე შეიძლება მივიღოთ გაუმჯობესება და რა სახის გაუმჯობესება. მთავრობამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და თუ ეს გაუმჯობესება არ იქნა, მაშინ კონკრეტულმა ადამიანებმა უნდა თქვან, რომ ჩვენ ვიღებთ ამაზე პასუხისმგებლობას და ეს ადამიანები ვართ ყველანი ჩვენ.” (სტილი დაცულია)

გასაგებია, რომ მოსახლეობას სანუგეშოს ვერაფერს ვეუბნებით და “თმენა გვმართებს კრიზისისა”, თუმცა გაუგებარია, რატომ ვერ მოხერხდა ენერგოიმპორტის ალტერნატიული გზების გამონახვა, მაშინ როდესაც ჯერ კიდევ მარტის დასაწყისში პრემიერი ნოღაიდელი გვარწმუნებდა, რომ მან აზერბაიჯანთან და თურქეთთან ელექტროენერგიის იმპორტზე შეთანხმებას მიაღწია. დღეს მთავრობა ამ ალტერნატივის განუხორციელებლობას საქართველოს ამ ქვეყნების მიმართ დავალიანებით ხსნის. მაგრამ ის, რომ საქართველოს 1999-2001 წლებში აზერბაიჯანიდან მიღებული ენერგიის საფასური მართებს, მაინცდამაინც “კავკასიონზე” მომხდარი ავარიის შემდეგ რატომ ხდება ცნობილი ნოღაიდელისათვის? ამასთან, ირკვევა, რომ იმ პერიოდში, ანუ 1999-2001 წლებში, მეზობელი აზერბაიჯანი თურმე იმპორტს სატელეფონო მოლაპარაკებითაც კი ახორციელებდა, მაშინ როდესაც დღეს ის ვალის გადახდამდე პრემიერის ოფიციალური ვიზისტის დროს მიღწეული შეთანხმების შესრულებაზე ამბობს უარს.

საერთოდ, ქართულ ენერგეტიკაში ბევრი რამ გაუგებარია. გასაგებია მხოლოდ ის, რომ, წინა ხელისუფლებისაგან განსხვავებით, დღევანდელი “ენერგომამები” ჯერჯერობით კორუფციაში არ არიან შემჩნეულნი და არც მწარე სიმართლეს გვიმალავენ, მაგრამ ეს, ვიმეორებთ, არანაირი შვება არ არის 21-ე საუკუნის საქართველოში ენერგოწყვდიადში მყოფი მოსახლეობისათვის. ხელისუფლება ენერგოდეფიციტის “დასამარებას” 2006 წლის ბოლოს გვპირდება. ამ დაპირების მიხედვით, ეს მას შემდეგ მოხდება, როდესაც ქვეყანა სახელმწიფო ქონების პრივატიზებიდან შემოსული თანხების ნაწილს ამ სფეროში დააბანდებს და აგრეთვე ენერგოობიექტებს გაყიდის. თუმცა, როგორც ჩანს, უშუქობით აღშფოთებული და ქუჩაში გამოსული მოსახლეობისათვის ერთი წლის შემდეგ “ენერგეტიკული სამოთხის” დაპირება უკვე ვეღარ გამოდგება ეფექტურ სატყუარად.
XS
SM
MD
LG