Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში საზოგადოებრივი ორგანიზაციების პირველი გამოფენა-ფორუმი გაიმართა


კვირას საგამოფენო ცენტრ "ექსპო-ჯორჯიაში" საქართველოში არსებული საზოგადოებრივი ორგანიზაციების ორდღიანი გამოფენა-ფორუმი დასრულდა.

მისი მიზანი იყო ქვეყანაში მოქმედი არასამთავრობო სექტორის საქმიანობის საზოგადოებისთვის გაცნობა და ამ საქმიანობისადმი ინტერესის გაძლიერება საჯარო დისკუსიებითა და პრეზენტაციებით.

გამოფენა-ფორუმის ინიციატორები იყვნენ ფედერაცია "გადავარჩინოთ ბავშვები" და "საქართველოს გაეროს ასოციაცია", რომლებსაც ფინანსური დახმარება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ გაუწია.
რატომ გახდა საჭირო ამ ფორუმის ჩატარება და ვინ დასახელდა სამოქალაქო საზოგადოების მეგობრად?

საზოგადოებრივი ორგანიზაციების პირველი გამოფენა-ფორუმის ეგიდით, საქართველოში არსებული 56 ორგანიზაციის წარმომადგენლები ყველა დაინტერესებულ ადამიანს ორი დღის განმავლობაში აცნობდნენ საკუთარ პროდუქციას, საქმიანობას, მიზნებს და განუმარტავდნენ იმას, თუ რატომაა აუცილებელი საზოგადოების სულ უფრო დიდი ნაწილის გააქტიურება. თემატიკა საკმაოდ მრავალფეროვანი იყო, ადამიანის უფლებებისა და ბიზნესის დაცვიდან ბიოპროდუქტების განვითარებამდე. ოცამდე სხვადასხვა სფეროში წლების განმავლობაში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები გამოფენა-ფორუმის უმთავრეს მიზნად მათსა და დანარჩენ საზოგადოებას შორის არსებული მანძილის შემცირებას ასახელებდნენ:

[სოფიკო შუბლაძის ხმა] "ეს არის სწორედ საზოგადოებისკენ, მოსახლეობის ფართო ფენებისკენ მიმართული აქცია, თუ შეიძლება ასე ეწოდოს, სადაც თითოეული ორგანიზაციის წარმომადგენელი მზად არის დაუსხდეს ნებისმიერ ადამიანს და აუხსნას, თუ რას აკეთებს, როგორ აკეთებს, ვისთვის აკეთებს და რა შეიძლება იყოს ამ ჩვეულებრივი მოქალაქისათვის სარგებელი ამა თუ იმ ორგანიზაციის საქმიანობიდან." (სტილი დაცულია)

ორგანიზაცია ,,პარტნიორები საქართველოს” დირექტორის სოფიკო შუბლაძის მსგავსად, საზოგადოების წარმომადგენელთა მეტად ინფორმირებას და არასამთავრობო სექტორის მუშაობაში აქტიურად ჩართვას აუცილებლად მიიჩნევს ,,საქართველოს გაეროს ასოციაციის” აღმასრულებელი დირექტორი რამაზ აფციაური:

[რამაზ აფციაურის ხმა] "ძალიან რთულია ჩვეულებრივი ადამიანისთვის გაიგოს, რას აკეთებს ის ორგანიზაცია, რომელიც ადგილობრივ მმართველობაზე მუშაობს, რატომ ვიღებთ მონაწილეობას მერიის რესტრუქტურიზაციის პროგრამაში, რატომ ვეხმარებით მთავრობას, რატომ ვმუშაობთ სოციალურ და ჯანდაცვის სფეროებში, რა სახით, რა სისტემით და, რაც მთავარია, როგორ შეუძლია თითოეულ მოქალაქეს ჩართული იყოს ენჯეოების მუშაობაში." (სტილი დაცულია)

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამოფენა-ფორუმის მსვლელობისას "ექსპო-ჯორჯიის" ოთხ დარბაზში ერთდროულად, ორი დღის განმავლობაში, მიმდინარეობდა პრეს-კონფერენციები და დისკუსიები, რომელშიც ნებისმიერი მსურველი მონაწილეობდა.

არასამთავრობო სექტორი საქართველოში ბოლო 12 წლის განმავლობაში იზრდებოდა და მისდამი ნდობის გარკვეული ფაქტორი უკვე არსებობს - ამბობს ,,სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის” გამგეობის თავმჯდომარე ვაჟა სალამაძე, რომელიც პირველი გამოფენა-ფორუმის ერთ-ერთ მიზნად არასამთავრობო სექტორისადმი საზოგადოების ნდობის განმტკიცებას ასახელებს:

[ვაჟა სალამაძის ხმა] "საზოგადოების რაღაც ნაწილს შეიძლება ჰქონდეს ერთი ორგანიზაციის ნდობა, მეორეს - მეორესი, მესამეს და მეოთხეს - ყველასი ერთად. მაგალითად, თუ თქვენ იურიდიული პრობლემა გაქვთ, მიდიხართ იურისტთა ასოციაციაში, ან თუ რაღაც ლოკალური პრობლემა გაწუხებთ, მიდიხართ სათემო ორგანიზაციაში დახმარებისათვის. ანუ, რაღაც იმედის კომპონენტი, რა თქმა უნდა, არსებობს." (სტილი დაცულია)

არასამთავრობო ორგანიზაციებს ქართული სამოქალაქო საზოგადოების ყველაზე ძლიერ სექტორს უწოდებს პარლამენტის ყოფილი წევრი, იურისტი ზაქარია ქუცნაშვილი:

[ზაქარია ქუცნაშვილის ხმა] "სტერეოტიპი, რომელსაც ცდილობენ დაამკვიდრონ, რომ არასამთავრობო სექტორი დასუსტდა, რახან რამდენიმე ანგაჟირებული პიროვნება გადავიდა პოლიტიკაში, ეს მცდარი სტერეოტიპია და ემსახურება ერთ მიზანს, რომ წარმოადგინონ საზოგადოება მათი მონაწილეობით - სავსედ, ხოლო მათი მონაწილეობის გარეშე - ცარიელად." (სტილი დაცულია)

საზოგადოებრივი ორგანიზაციების პირველი გამოფენა-ფორუმის მონაწილენი ერთ-ერთ ამოცანად საკუთარი ერთიანობის დემონსტრირებასაც ასახელებდნენ. რაც შეეხება მთავარ მიზანს, მოქალაქეთა მუდმივ აქტიურობას, ორგანიზაცია ,,პარტნიორები საქართველოს” დირექტორი სოფიკო შუბლაძე მიიჩნევს, რომ ამის სურვილი თავად საზოგადოების წარმომადგენლებს უნდა გაუჩნდეთ:

[სოფიკო შუბლაძის ხმა] "მოქალაქის გააქტიურებაზე თუ ვსაუბრობთ, ეს რთული, ხანგრძლივი პროცესია და მე ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრჯერ საქართველოს მოქალაქეებმა აჩვენეს, რომ საკმაოდ აქტიურები არიან. რა თქმა უნდა, არის ძალიან ბევრი სფერო, სადაც სამუშაო ბევრია და საქმე საკეთებელი არასამთავრობო სექტორისათვის უამრავია.” (სტილი დაცულია)

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამოფენა-ფორუმმა, რომელიც მომავალ წელსაც გაიმართება, მუშაობა ,,სამოქალაქო საზოგადოების მეგობრების” დასახელების ცერემონიით დაასრულა. წელს ეს წოდება გარდაცვალების შემდეგ მიენიჭა საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს ზურაბ ჟვანიას.

სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებისა და განვითარებისადმი განსაკუთრებული მხარდაჭერისთვის სამოქალაქო საზოგადოების მეგობრებად გამოცხადდნენ იურისტი დავით უსუფაშვილი და პოლიტოლოგი გია ნოდია.
  • 16x9 Image

    ნინო როდონაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან.

XS
SM
MD
LG