Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეზღუდული შესაძლებლობის პირები უკმაყოფილონი არიან ახალი სოციალური პოლიტიკით


საქართველოს ხელისუფლებას ევროკავშირთან ინტეგრაცია მთავარ პრიორიტეტად აქვს გამოცხადებული. ამ მიზნის მისაღწევად ერთ-ერთ მთავარ ამოცანას შეზღუდული

შესაძლებლობის პირთა ”ინვალიდთა” საზოგადოებაში სრულფასოვანი ინტეგრირების ხელშეწყობა წარმოადგენს. ჯერჯერობით საქართველო ვერც ინვალიდებისათვის ადაპტირებული ტრანსპორტით დაიკვეხებს და ვერც სხვა ინფრასტრუქტურით. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერებს არც სოციალური პოლიტიკა მოსწონთ.

საქართველოში მცხოვრებმა შეზღუდული შესაძლებლობის პირებმა რამდენჯერმე თავად სცადეს საზოგადოებაში ინტეგრირების ხელშემწყობი პროგრამების განხორციელება იმ საგადასახადო შეღავათების წყალობით, რომელიც მათ წლების მანძილზე ჰქონდათ. ინვალიდთა გადაადგილებისთვის თბილისში ტროტუარებზე ასასვლელები დამონტაჟდა, შეძენილ იქნა ინვალიდების გადასაყვანად სპეციალური ავტობუსები და სხვ. თუმცა შეღავათების სისტემამ დიდხანს არ იმუშავა და სოციალური პროგრამებიც შეჩერდა. ახლა ინვალიდების საზოგადოებაში ინტეგრაციაზე სახელმწიფო ზრუნავს სპეციალური პროგრამით, მაგრამ იგი თავად ზრუნვის ობიექტებს არ მოსწონთ:

[გიორგი ძნელაძის ხმა] ”აფიშირება იმისი, რომ ქვეყანა თურმე აკეთებს ინტეგრაციის პროგრამას, ეს არის უზნეობა, თვალში ნაცრის შეყრა იმ შემთხვევაში, როცა ქალაქში ტრანსპორტი შემოდის და არც ერთი ტრანსპორტი ადაპტირებული არ არის; იმ დროს, როდესაც ქვეყანაში ხდება პრივატიზაცია და ერთი თეთრიც არ იდება ინვალიდთა ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის. მაგრამ პრივატიზაციიდან მიღებული ფული როგორც თქვენია, ისე ჩვენია.”

ეს არის გიორგი ძნელაძე, შეზღუდული შესაძლებლობის პირთა არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციის პროგრამების კოორდინატორი. მას არ მოსწონს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული პროგრამის იდეოლოგია, რომელიც, ძნელაძის აზრით, ინვალიდებს მხოლოდ ავადმყოფებად განიხილავს. პროგრამის ძირთადი ნაწილი, მართლაც, მხოლოდ გონებადაქვეითებულ და უნარშეზღუდულ პირთა ჰუმანიტარული მომსახურების საკითხს ეთმობა. ამაში, ძირითადად, ამ კატეგორიის პირების უფასო გამოკვება და სპეციალურ პანსიონებში მოთავსება იგულისხმება.
ასევე, პროგრამაში მთავარი ყურადღება აქვს დათმობილი საპროტეზო მომსახურებას და ერთადერთი, რაც ამ პროგრამაში ინვალიდთა კოალიციის წარმომადგენლებს მოსწონთ, ეს არის უსინათლოთა საინფორმაციო პროგრამა.

[გიორგი ძნელაძის ხმა] ”ჩვენი ქვეყნის მიერ საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და სტანდარტული წესების აღიარების მიუხედავად, არ ხდება ინვალიდობაზე სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრა. გარდა ამისა, ბიუჯეტის ზრდის მიუხედავად, შემცირდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინტეგრაციის პროგრამა.”

ამ აზრს არ ეთანხმება ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ვახტანგ მეგრელიშვილი. მისი განცხადებით, ინვალიდთა პროგრამების დაფინანსება 13 პროცენტით გაიზარდა. თუმცა მეგრელიშვილიც აღიარებს, რომ ჯერჯერობით საზოგადოებაში ინვალიდთა სრულფასოვანი ინტეგრაციისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის შესაქმენლად გაცილებით მეტი სახსრებია საჭირო.

[ვახტანგ მეგრელიშვილის ხმა] ”სახელმწიფომ თქვა, რომ ის დააფინანსებს ძირითად სერვისს და მასზე შეიძლება აშენდეს ნებისმიერი სერვისი, რომელსაც ეს ინვალიდების ორგანიზაციები ადრეც ახორციელებდნენ. მაგრამ პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ამ ორგანიზაციებს ჰქონდათ წინა წლებში დაფინანსება სახელმწიფოსგან, მაგრამ ეს თანხები არ იყო გამიზნული ძირითადი სერვისისათვის.”

ვახტანგ მეგრელიშვილის თქმით, საბიუჯეტო თანხები, სპორტული და კულტურული ღონისძიებების ნაცვლად, ინვალიდის ეტლებზე, პროტეზებსა და სასმენ აპარატებზე დაიხარჯება. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კოალიციაში კი ფიქრობენ, რომ სანამ ხელისუფლება ამ ნივთებს შეიძენს, მანამდე კარგი იქნება, თუ 200 ათასამდე ინვალიდის უფლებებს და მოთხოვნებს სერიოზულად გააცნობიერებს.
XS
SM
MD
LG