Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთს გენოციდში დარწმუნება ზედმეტად მიაჩნია


ოთხშაბათს, 13 აპრილს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბდულა გულმა სომხებს ისტორიკოსთა

ერთობლივი კომისიის შექმნისკენ მოუწოდა. ამ კომისიის ამოცანა, გულის თანახმად, პირველი მსოფლიო ომის დროს სომხების მასობრივი ხოცვისა და დეპორტაციის ფაქტების შესწავლა უნდა იყოს, რომ საბოლოოდ დადგინდეს 1915-17 წლებში მომხდარი სომეხთა გენოციდი იყო, თუ - არა. სომხებს ამაში დარწმუნება არ სჭირდებათ. სომხეთის ხელისუფლება საერთაშორისო საზოგადოებრიობას კვლავაც გენოციდის აღიარებისკენ მოუწოდებს.

ოთხშაბათს თურქეთის პარლამენტში გამოსვლისას ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბდულა გულმა სომხეთს პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ფაქტების დამდგენი ერთობლივი კომისიის შექმნისკენ მოუწოდა. გულის თანახმად, თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯეფ თაიფ ერდოანმა სომხეთის პრეზიდენტ რობერტ ქოჩარიანს ამ წინადადებით წერილობით უკვე მიმართა.

რადიო თავისუფლების სომხურენოვან სამსახურთან საუბრისას ქოჩარიანის პრეს-სპიკერმა ვიკტორ სოღომიანმა განაცხადა, რომ ერევანს თურქეთის ხელისუფლების წინადადების შესახებ ოფიციალური შეტყობინება არ მიუღია.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მიაჩნია, რომ სომხეთის ხელისუფლების თანხმობა დიდად შეუწყობდა ხელს ანკარასა და ერევანს შორის ურთიერთობის გაუმჯობესებას. ეს ურთიერთობა კი განსაკუთრებით გაუარესდა ბოლო 12 წლის მანძილზე, მთიანი-ყარაბაღის კონფლიქტის გაღვივებიდან მოყოლებული დღემდე.

დასავლეთის ისტორიკოსთა დიდი ნაწილი ვარაუდობს, რომ ოტომანის იმპერიის არსებობის ბოლო წლებში სულ ცოტა – მილიონი სომეხი დახოცეს. ისტორიკოსთა ამ ჯგუფის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტა, აქ 200 ათასი ბერძნის დახოცვასაც გულისხმობენ, სწორედაც, რომ "კავშირისა და პროგრესის საბჭოს" წინასწარგანზრახული პოლიტიკის ხორცშესახმა იყო. ეს გაერთიანება, რომლის წევრებსაც "ახალგაზრდა თურქებსაც" უწოდებდნენ ოტომანის იმპერიას 1912 წლიდან დაწყებული პირველი მსოფლიო ომის დასრულებამდე მართავდა. საბჭოს ლიდერები, რომლებიც 1915-17 წლებში სომეხთა ხოცვის ორგანიზატორებად იყვნენ მიჩნეული, მოგვიანებით სომეხმა მეამბოხეებმა მოკლეს. მიუხედავად იმისა, რომ საბჭოს ზოგიერთი წევრი მასობრივი მკვლელობების მოწყობისათვი თურქეთში გასამართლდა კიდეც, გენოციდის თემას დღესაც ტაბუ ადევს თურქეთში.


აბდულა გულის 13 აპრილის გამოსვლამდე სულ ცოტა ხნით ადრე სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვარდან ოსკანიანმა განაცხადა, რომ სომხეთის მთავრობა განაგრძობს საერთაშორისო საზოგადოებრიობის, მათ შორის თურქეთის ხელისუფლების დარწმუნებას გენოციდის აღიარების აუცილებლობაში:

[ოსკანიანის ხმა]
"ადამიანის უფლებათა დაცვის პრიორიტეტულობის გათვალისწინებით, ჩვენ გვაქვს მორალური უფლება და ვალდებულება ვიყოთ მოწინავეთა რიგებში. მსოფლიო მოელის ჩვენგან ადეკვატურ ნაბიჯებს. ჩვენ უნდა ვიყოთ წინა ხაზზე, ვიბრძოლოთ გენოციდის აღიარებისათვის, რადგან ჩვენ ვართ ხალხი, ვინც ეს საკუთარ თავზე იწვნია. ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ გენოციდის თავიდან აცილების გზებზე".

გასულ კვირაში აბდულა გულმა განმარტა, რომ 24 აპრილისთვის გენოციდის 90 წლისთავისთვის სომხების მზადების პარალელურად თურქეთმა უნდა შეიმუშაოს ამის საპირისპირო სტრატეგია.

დღემდე სომხების გენოციდის ფაქტი რამდენიმე ქვეყნის ხელისუფლებამ და საერთაშორისო ორგანიზაციამ სცნო, მათ შორის – საფრანგეთმა, რუსეთმა, ლიბანმა, ურუგვაიმ და შვეიცარიამ.

თურქეთს ძალიან აშფოთებს ის, რომ თურქეთის ხელისუფლების მიერ სომხების გენოციდი შეიძლება სულ მალე შეერთებულმა შტატებმაც აღიაროს. ამ ფონზე ანკარა აფასებს ამერიკელი ისტორიკოსის ჯასტინ მაკკარტის მხარდაჭერას. 24 მარტს თურქი დეპუტატების წინაშე გამოსვლისას მაკკარტიმ აღნიშნა, რომ სომხების მასობრივი ხოცვა საომარი ოპერაციების შედეგი იყო და არა თურქეთის ხელისუფლების წინასწარგანზრახული პოლიტიკის შედეგი. სააგენტო "რეიტერი" იმასაც იუწყებოდა, რომ მაკკარტი მსოფლიო საზოგადოებრიობას გენოციდის თემას ევროკავშირში თურქეთის გაწევრიანების შესაფერხებლად იყენებს.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კი სომხებსა და სომხურ დიასპორას თურქეთის ავტორიტეტის განზრახ შელახვის მცდელობაში სდებს ბრალს:

[გულის ხმა]
"ჩვენ გვიპირისპირებენ ძალიან კარგად ორგანიზებულ კამპანიას, რომლის დროსაც იყენებენ ყველა შესაძლებლობას თურქეთის დისკრედიტაციისთვის. ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული ეს კარგად ორგანიზებული კამპანია ემყარება მიკერძოებულ, ცრუ, გაზვიადებულ და დამახინჯებულ ფაქტებს, რომლებიც დაახლოებით ერთი საუკუნის წინ არის შეთითხნილი".

თურქეთის პრემიერ-მინისტრ ერდოანს მიაჩნია, რომ თურქებს არ ეშინიათ თავიანთი ისტორიის. თურქეთში ოფიციალურად მიღებულია, რომ პირველი მსოფლიო ომის დროს სომხებისა და ბერძნების გარდა ძალიან ბევრი მუსულმანი დაიხოცა და რომ ეს ყველაფერი ან საომარი ოპერაციების, ან ეროვნებათაშორისი კონფლიქტის შედეგი იყო. ყველას, ვინც დღეს თურქეთში ისტორიის ოფიციალურ ვერსიას შეეწინააღმდეგება, როგორც წესი, პრობლემები ექმნება ხოლმე.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG