Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხელისუფლება, როგორც ჩანს, თავის თავს სამართალთან აიგივებს


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი ხელისუფლება ბიზნესთან დადებულ არაფორმალურ შეთანხმებას ცალმხრივად არღვევს და ზარ-ზეიმით მიღებულ ახალ საგადასახადო კოდექსში,მისი ამოქმედებიდან 4 თვეში,

იმ მუხლს აუქმებს, რომელსაც ჯერ კიდევ კოდექსის განხილვის ეტაპზე თავად აღიარებდა ყველაზე რევოლუციურ და პროგრესულ ნოვაციად. გასულ კვირაში საქართველოს პარლამენტმა საგადასახადო კოდექსში მეორე მოსმენით შეიტანა ცვლილება, რომლის თანახმადაც კერძო არბიტრაჟის ინსტიტუტის მოქმედება 2008 წლამდე უნდა შეჩერდეს.

ხელისუფლებამ კერძო არბიტრის ინსტიტუტში სახელმწიფო ბიუჯეტისათვის საფრთხე მას შემდეგ დაინახა, რაც დამოუკიდებელმა არბიტრებმა ორი კომპანიის სასარგებლოდ 10 მილიონ ლარზე მეტი თანხა მოუგეს საგადასახადო ინსპექციას. იმას, რომ არბიტრაჟის საკითხი კოდექსში წინასწარ დახვეწილი მექანიზმის გარეშე ჩაიდო, თავის დროზე ის ექსპერტები აღნიშნავდნენ, რომლებიც დღეს დამოუკიდებელ არბიტრებად მოგვევლინნენ და მთავრობას სერიოზული თავის ტკივილიც გაუჩინეს. მაშინ ხელისუფლებამ ექსპერტების რჩევები არ გაითვალისწინა და ”რევოლუციური” კოდექსი ნაუცბათევად დაამტკიცა. ამ კანონის ამოქმედებიდან 4 თვეში კი პრეზიდენტი მთავრობისგან კატეგორიულად ითხოვს შეცდომა გამოასწოროს:

[მიხელ სააკაშვილის ხმა] ”მთავრობამ თავის მიერ დაშვებული შეცდომა უნდა გამოასწოროს და შექმნას ისეთი სისტემა, რომელიც მთლიანად კი არ დაანგრევს იმას. ძალიან ადვილია ლაპარაკი, რომ, აი, ჩვენ, ბიზნესმენები... მაგრამ მეორე მხარეს ვინ დგას? - მეორე მხარეს დგას მთელი ქართული საზოგადოება: ბავშვები, მოხუცები, ჩვენი მძღოლები, რომლებიც ამ გზაზე დადიან. რა, აღარაფერი აღარ გვინდა? მარტო გვინდა, რომ ვიღაცამ აკეთოს მილიარდები? არ გამოვა ასე.”

იმ პათოსს, რომ ბიუჯეტმა დაგეგმილი და თუნდაც არასწორად დარიცხული შემოსავალი არ უნდა დაკარგოს, იზიარებს პრემიერ-მინისტრიც, რომელმაც გასულ კვირას ამ თემაზე რამდენიმე მკვეთრი განცხადება გააკეთა, რამაც საბოლოოდ გააღიზიანა ბიზნესის წარმომადგენლები. ზურაბ ნოღაიდელს მიაჩნია, რომ არბიტრები მიკერძოებული ადამიანები არიან და, რაც მთავარია, მათი პოლიტიკური მოტივაციაა გააკოტრონ ქვეყანა.

[ზურაბ ნოღაიდელის ხმა] ”ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებები, განსაკუთრებით არბიტრაჟის არბიტრების მხრიდან და ამასაც არ დავუშვებთ.”
თავი რომ დავანებოთ პრემიერის მიიერ ისეთი ფუძემდებლური იურიდიული პრინციპის დარღვევას, როგორიც უდანაშაულობის პრეზუმპციაა, ეს განცხადებები თავისი იმპერატიული ხასიათით, გამაღიზიანებელია არამარტო ექსპერტებისა და მეწარმეებისათვის. ერთ-ერთ, პრემიერის შეფასებით, ”პოლიტიკურად მოტივირებულ” არბიტრს, დავით უსუფაშვილს, ეს განცხადებები ისტორიულ ანალოგიებს აგონებს, როცა მავანი მმართველი, თუმცა, იმ შემთხვევაში, მონარქი, სახელმწიფოს მხოლოდ თავის თავთან აიგივებდა. ამ ანალოგიის მსგავსად, საქართველოს ხელისუფლებას, როგორც ჩანს, მიაჩნია, რომ სამართალი თავად არის და მისი გადასაწყვეტია, ვინ რამდენი უნდა გადაიხადოს, ვინ სად უნდა გაარჩიოს დავა და კანონებიც ისე უნდა მოირგოს, რომ ამ ”ისტორიულ ანალოგიას” ”რომელიმე მილიარდების მკეთებლისაგან” საფრთხე არ შეექმნას. დავით უსუფაშვილი შეახსენებს ხალხის რჩეულთ, რომ მათი მთავარი მიზანი მხოლოდ ბიუჯეტის - და ისიც კანონის დარღვევით - შევსება არ არის:

[დავით უსუფაშვილის ხმა] ”ბატონებო - პრეზიდენტებო, პრემიერებო, პარლამენტის წევრებო, მე მრცხვენია ამის თქმა თქვენთვის, ვინც ითვლებით განათლებულ და პროფესიონალ ადამიანებად, მაგრამ მაინც მინდა შეგახსენოთ, რომ სახელმწიფოს ამოცანა, ბიუჯეტის შევსება კი არა, ეკონომიკის წინსვლაა და სახელმწიფოს ამოცანა არ არის უკანონო მეთოდებით ბიუჯეტის შევსება. გადასახადის არგადამხდელი ბიზნესმენი, ეს არის ძალიან ცუდი მოვლენა საზოგადოებისათვის, მაგრამ არა კატასტროფა, იმიტომ რომ ასეთი შეიძლება იყოს ერთი, ორი, ოცდაათი... მაგრამ იქნება 200-300 ვინც გადასახადს გადაიხდის. კანონის დამრღვევი სახელმწიფო კი - მისი ინსპექტორი, საგადასახადო ინსპექცია, პრემიერ-მინისტრის ჩათვლით, რომელიც აცხადებს, რომ არ დაუშვებს ამას არავითარ შემთხვევაში - ეს უკვე ცოტა სხვა პრობლემაა, ეს უკვე კანონდამრღვევი სახელმწიფოა და სახელწიფო ერთია და ისიც თურმე კანონდამრღვევი.” (სტილი დაცულია)

ექსპერტის ეს მოწოდება, როგორც ჩანს, ხელისუფლებას მაინცდამაინც არ აღელვებს. ბიზნესწრეების მხრიდან გამოთქმული ხმამაღალი პროტესტის მიუხედავად, საპარლამენტო უმრავლესობა მთავრობის პოლიტიკურ შეკვეთას ზედმიწევნით ოპერატიულად ასრულებს და სულ რაღაც 4 თვის წინ ამოქმედებულ კოდექსს ცვლის. საინტერესოა, რას მოიმოქმედებს ბიზნესი, რომელიც აქამდე საკმარისად ლოიალური იყო ხელისუფლების მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესმენები რადიკალურ მოქმედებას ჯერ არ აპირებენ, გასულ კვირას მათ გარკვეული პოლიტიკური მესიჯი მაინც გაუგზავნეს ხელისუფლებას. მთავრობასა და ბიზნესწრეებს არბიტრაჟთან დაკავშირებით კომპრომისის მისაღწევად ჯერ კიდევ დარჩათ დრო, თუმცა არც ეს დრო და არც ბიზნესის ლოიალობის ხარისხი, ბუნებრივია, შეუზღუდავი არ იქნება.
XS
SM
MD
LG