Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხედრო სამსახურის გადავადებას აძვირებენ და დროში ზღუდავენ


დავით პაიჭაძე, თბილისი საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ შეიარაღებულ ძალებში გაწვევის გადასავადებლად შესატანი თანხა მნიშვნელოვნად გაიზრდება.

საკანონმდებლო ინიციატივა, რომელსაც პარლამენტს მალე წარუდგენენ, სავალდებულო სამხედრო სამსახურის ერთი წლით გადავადებისათვის 1500 ლარის გადახდას მოითხოვს, სამ წელიწადს - 3 ათასი ლარი დასჭირდება. გადავადების მაქსიმალური დრო 5 წელი იქნება და ამის მსურველებს 6 ათასი ლარის გადახდა მოუწევთ. კანონპროექტი აუქმებს ათწლიან გადავადებას, რომელიც 2 ათასი ლარი ღირდა და ახალგაზრდებს საერთოდ ათავისუფლებდა ჯარში სამსახურისაგან. მინდა ამ ინიციატივის ზოგიერთ ასპექტზე გესაუბროთ.

აქამდე სამხედრო სამსახურში გაწვევის ერთი წლით გადავადება 200 ლარი ღირდა. ამ ნიხრის შემოტანა, არსებითად, კორუფციის ლეგალიზების ცდა იყო: სამხედრო კომისარიატებში წვევამდელებს, საშუალოდ, სწორედ 200-300 დოლარზე ევაჭრებოდნენ ჯარში გამწესების სანაცვლოდ. 200-ლარიანი ნიხრის დაწესება მიზნად ისახავდა შემოსული თანხის ისევ და ისევ შეიარაღებული ძალების სასარგებლოდ დახარჯვას, მაგრამ ჯარს არაფერი დასტყობია.

სწორედ გადავადების სიიაფით ხსნის პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ რურუა საკანონმდებლო ინიციატივას, რომელსაც თავდაცვის სამინისტრო ამზადებს:

[რურუას ხმა] “ამ გადაწყვეტილების მთავარი მოტივი, ალბათ, ის არის, რომ წვევამდელები საჭირონი არიან ჯარში, თავდაცვის სამინისტროს სჭირდება ამ ადამიანების არსებულზე მეტი ნაკადი. პირადად ჩემი აზრით, 200 ლარი სასაცილოდ მცირე თანხაა სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადასავადებლად.”

ახალ ინიციატივას ისიც მოჰყვება, რომ სამხედრო სამსახურიდან, ასე ვთქვათ, “ბოლომდე” ვერავინ გათავისუფლდება. მაქსიმალური, ანუ ხუთწლიანი, გადავადების შემდეგ წვევამდელს მაინც მოუწევს ჯარში წასვლა.

განსხვავებული პოზიცია უკავია სამხედრო მოსამსახურეთა უფლებების დაცვაზე ორიენტირებულ არასამთავრობო ორგანიზაციას “სამართალი და თავისუფლება”. მისი ხელმძღვანელი ირაკლი სესიაშვილი ამბობს, რომ ოფიციალურად საქართველოში დაახლოებით 160 ათასი წვევამდელია, საიდანაც თითოეულ გაწვევაზე 8-10 ათასი უნდა გაიწვიონ. კანონით გათვალისწინებული შეღავათები ეხება, ასე, 80 ათასს:

[სესიაშვილის ხმა] “შესაბამისად, რჩება წვევამდელთა დიდი რაოდენობა, საიდანაც გამწვევ განყოფილებებს შეეძლებათ შეარჩიონ გასაწვევი კონტინგენტი, ხოლო დანარჩენებს გადაახდევინონ ბეგარა. ეს ბეგარა მიმაჩნია არასწორად, რადგან იწვევს სოციალურ დისკრიმინაციას. 1500 ლარს წვევამდელთა ერთი პროცენტიც ვერ გადაიხდის. ამით მათ ვუბიძგებთ იმისკენ, რომ გარიგებებზე წავიდნენ სამხედრო განყოფილებათა თანამშრომლებთან და ისევ ავაღორძინოთ სამხედრო კომისარიატების კორუფციული სისტემა.”

წვევამდელთა საკითხსა და მოსალოდნელ ინიციატივას რამდენიმე პრობლემური ასპექტი ახლავს; მოქმედი კანონმდებლობით, გაწვევის ორგანიზება ადგილობრივი მმართველობის ორგანოთა კომპეტენციაა. გაწვევასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივაც პარლამენტს უნდა წარუდგინოს არა თავდაცვის სამინისტრომ, არამედ სამოქალაქო უწყებამ, რომელსაც ექვემდებარებიან გაწვევის უზრუნველმყოფი სამხედრო განყოფილებები. მეორეც, ირაკლი სესიაშვილის მტკიცებით, წვევამდელთა საგრძნობი ნაწილი აღურიცხავია და სამხედრო განყოფილებებში დღემდე მალავენ წვევამდელებს. ასოციაციამ “სამართალი და თავისუფლება” ჩაატარა მხოლოდ გლდანი-ნაძალადევის რაიონის სამხედრო განყოფილების ინსპექტირება და იქ 700-მდე “დამალული” წვევამდელი აღმოაჩინა. ირაკლი სესიაშვილს გამოსავლად მიაჩნია თვითონ გაწვევის სისტემის რეფორმირება, რასაც წინ უნდა უძღოდეს თავდაცვის სამინისტროს მკაფიო განაცხადი, თუ რამდენი წვევამდელი სჭირდება ყოველწლიურად.
XS
SM
MD
LG