Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ორი წლის შემდეგ გალის რაიონის სკოლებში ქართულ ენაზე სწავლის პროცესი, შესაძლოა, სრულიად შეწყდეს


მას შემდეგ, რაც გალის რაიონის ქართულ სკოლებთან დაკავშირებული სიტუაცია მასმედიის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა, საპარლამენტო ოპოზიციამ განათლებისა და

მეცნიერების კომიტეტს განათლების მინისტრის მიწვევისა და ვითარების გარკვევის ინიციატივით მიმართა. სხდომას კახა ლომაია არ დასწრებია, დეპუტატთა შეკითხვებს კი მისი მოადგილე და აფხაზეთის განათლების მინისტრი პასუხობდნენ.
ამჟამად გალის რაიონის სკოლებიდან 15 ქართულია, თუმცა რეალურად ქართულ ენაზე მხოლოდ მე-9-11 კლასებში სწავლობენ.

საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების სამინისტროები გალის რაიონის სკოლებში სასწავლო პროცესს ვერ აკონტროლებენ. დაუზუსტებელი ინფორმაციით, ამჟამად გალის ტერიტორიაზე არსებობს 31 სკოლა, რომელთაგან 15 ქართულია. ასევე დაუზუსტებელი მონაცემებით, რაიონში 4 ათასზე მეტი მოსწავლე და ექვსასზე მეტი პედაგოგია. აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის განათლებისა და კულტურის მინისტრი სალომე კაპანაძე ამბობს, რომ გალის რაიონთან დაკავშირებით მისთვის ინფორმაციის ერთადერთ წყაროს წარმოადგენენ ადგილობრივი სკოლების ის დირექტორები, რომლებიც პერიოდულად გალიდან ჩამოდიან. მინისტრის განცხადებით, რაიონის სკოლებში ქართულ ენაზე სწავლებას სერიოზული საფრთხე ემუქრება:

[სალომე კაპანაძის ხმა] ,,ის ბავშვები, რომლებიც ახლა არიან მე-9-10 კლასში, ანუ მათ დასცალდათ პირველი, მეორე კლასის გავლა, ისინი მიდიან იმ რეჟიმში. მაგრამ როგორც კი ეს დამთავრდება, ეს ნაკადი, მერე მოდის უკვე რუსული სექტორი.” (სტილი დაცულია)

სალომე კაპანაძის ინფორმაციით, განათლების სამინისტრომ ლეგალური თუ არალეგალური გზებით რამდენჯერმე შეძლო გალში ქართული სახელმძღვანელოებისა და სასწავლო პროგრამების გაგზავნა, თუმცა მათ შემდგომ გამოყენებას ვერ აკონტროლებს. გალის რაიონში მცხოვრებმა ქართველმა ბავშვებმა, რომლებიც რუსული პროგრამით სწავლობენ, აფხაზური ენაც უკვე საკმაოდ კარგად იციან. ადგილობრივი განათლების განყოფილების გამგე, აფხაზეთის გმირი აზა აგუმა, სასწავლო პროცესს მკაცრად აკონტროლებს, რათა ქართული ენისა და ისტორიის სწავლება აღიკვეთოს, სოხუმიდან კი გალელ აბიტურიენტებს რუსეთში სწავლას და სამგზავრო ხარჯების დაფინანსებასაც კი სთავაზობენ:

[სალომე კაპანაძის ხმა] ,,ძალიან დიდი აქცენტია სწორედ გალის რეგიონში. იცით, რა არის, მე ვიტყოდი, რომ მიმდინარეობს გეგმაზომიერი გააფხაზების პოლიტიკა.” (სტილი დაცულია)

გალის რაიონის სკოლები საქართველოს განათლების სისტემის ნაწილს არ წარმოადგენენ და, შესაბამისად, პედაგოგებს არც ხელფასი აქვთ დანიშნული. მინისტრის ინფორმაციით, გალელი მასწავლებლები წელიწადში მხოლოდ ერთხელ, დახმარების სახით, ორას ლარს იღებენ. განათლებისა და მეცნიერების საპარლამენტო კომიტეტი ითხოვს, გალის პედაგოგებს ისეთივე ხელფასი დაენიშნოთ, როგორიც საქართველოს სხვა რაიონებში მცხოვრებ მასწავლებლებს აქვთ, რასაც მინისტრი გარკვეულ ტექნიკურ პრობლემებს უკავშირებს და შიშობს, რომ ეს აფხაზური მხარის გაღიზიანებას გამოიწვევს. ამ პოზიციას არ ეთანხმება კონსერვატორი დეპუტატი კახა კუკავა, რომელიც გალის სკოლებში არსებული სიტუაციის განხილვის ერთ-ერთი ინიციატორი იყო:

[კახა კუკავას ხმა] ,,30 ათასი ადამიანი იქ ცხოვრობს, მიწას ხნავს, მოსავალს იღებს, ბავშვები სკოლაში დადიან და ისინი თუ ახერხებენ ამას, მთავრობას უფრო მეტი რესურსები აქვს. საერთაშორისო ორგანიზაციების მონიტორინგია იქ დაწესებული და ეს პრობლემა არასერიოზულია, რომ ვერ მიგვაქვს ჩვენ იქ ხელფასი მასწავლებლებამდე.” (სტილი დაცულია)

გალის, ისევე როგორც აფხაზეთის სხვა რაიონების, სკოლები იურიდიულად რომ საქართველოს განათლების ერთიანი სისტემის ნაწილია, ამას ვერავინ უარყოფს. განათლებისა და მეცნიერების საპარლამენტო კომიტეტი გალელი პედაგოგებისათვის თუნდაც ხელფასის დანიშვნას იდეოლოგიის საკითხს უწოდებს და მზად არის ბიუჯეტის შესაბამის ცვლილებებზე იზრუნოს.
მანამდე კი, აფხაზური ადმინისტრაციის ზეწოლის გამო, გალის რაიონში კიდევ ერთი, სოფელ რეფის, ქართული საშუალო სკოლა დაიხურა და მისი 22 მოსწავლის ბედი ჯერჯერობით გაურკვეველია.
  • 16x9 Image

    ნინო როდონაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან.

XS
SM
MD
LG